Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაეროს გენასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო
Civil Georgia, Tbilisi / 5 ივნ.'14 / 21:04

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

რეზოლუციას მხარი 69 ქვეყანამ დაუჭირა 13–ის წინააღმდეგ; 79–მა კი თავი შეიკავა.

ეს უკვე მეშვიდე შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციაა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს.

საქართველო აცხადებს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში ამ რეზოლუციის ყოველწლიური ინიცირება მიზნად ისახავს ამ საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების გამახვილებას და რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაფართოებას წლიდან წლამდე.

გასულ წელს ანალოგიურ რეზოლუციას მხარი 63–მა ქვეყანამ დაუჭირა (ტაბლოზე 62 ხმა დაფიქსირდა, მაგრამ კენჭისყრის შემდეგ აზერბაიჯანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი რეზოლუციის მხარდამჭერი ხმა არ აისახა შედეგებში და ამ ხმის დამატება ითხოვა) 16–ის წინააღმდეგ; 84 ქვეყანამ თავი შეიკავა.

რუსეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას. 5 ივნისს კენჭისყრამდე გამოსვლისას რუსეთის წარმომადგენელმა გაიმეორა მოსკოვის დიდი ხნის პოზიცია ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით და დაგმო ის როგორც „პოლიტიკურად მოტივირებული“ დოკუმენტი, რომელიც „არ უწყობს ხელს“ პრობლემის მოგვარებას. მოსკოვი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ამ საკითხის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაყენება სურს, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებსაც უნდა მიეცეთ შანსი, რომ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში გაეროში, რის წინააღმდეგაც საქართველო ყოველთვის გამოდიოდა. მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ ამგვარი რეზოლუციის ყოველწლიურად წარდგენა ასამბლეაზე ხელს უშლის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

საქართველოს ელჩმა გაეროში კახა იმნაძემ განუცხადა ასამბლეას კენჭისყრამდე, რომ პროექტი „არ არის პოლიტიკური იარაღი, რომელიც მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად, როგორც ერთი დელეგაცია მუდმივად და შეცდომაში შესაყვანად აცხადებს“.

„პირიქით, ის ქმნის საფუძველს ყველა იმ ადამიანის უფლებების პატივისცემისთვის, რომლებიც საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიდან განდევნეს“, – განაცხადა იმნაძემ.

სხვა ქვეყნებს შორის, რომელთაც წინააღმდეგ მისცეს ხმა იყვნენ: სომხეთი, ბელარუსი, კუბა, ლაოსი, მიანმარი, ნაურუ, ნიკარაგუა, ჩრდილოეთ კორეა, შრი-ლანკა, სირია, სუდანი და ვიეტნამი.

ვენესუელის წარმომადგენლები, რომელთა ქვეყანას რუსეთთან, ნიკარაგუასთან და ნაურუსთან ერთად აღიარებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ.

სერბეთმა, რომელიც წინა წლებში რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას, ამჯერად თავი შეიკავა.

საუდის არაბეთმა და მექსიკამ, რომლებიც ჩვეულებრივ თავს იკავებდნენ ხოლმე კენჭისყრის დროს, ამჯერად  მხარი დაუჭირეს რეზოლუციას.

2013 წლის რეზოლუციის თანახმად, გაეროს გენერალურმა მდივანმა გენერალურ ასამბლეას წარუდგინა ანგარიში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ“. 2013 წლის რეზოლუცია, ისევე როგორც წინა და ახალი რეზოლუციები, მოუწოდებდა გენერალურ მდივანს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების გრაფიკი შემუშავებულიყო. 2014 წლის რეზოლუციაც ანალოგიურ მოწოდებას შეიცავს.

„არანაირი გრაფიკი ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობით დასაბრუნებლად არ შემუშავებულა არსებული გარემოს და მხარეებს შორის მიმდინარე დისკუსიების გამო“, – ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშში.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მეორე სამუშაო ჯგუფი არ განიხილავს ნებაყოფლობით დაბრუნების საკითხს, რადგანაც ზოგიერთ მონაწილეს არ სურს ამ საკითხზე მსჯელობა. ვიმეორებ, რომ სანამ არ შესრულდება პირობები ორგანიზებული დაბრუნებისთვის უსაფრთხო და ღირსეული გზით და არ შეიქმნება ქონების რესტიტუციის მექანიზმები, დაბრუნების ყოვლისმომცველი გრაფიკის ან საგზაო რუკის თემა ღია უნდა დარჩეს“,  – ნათქვამია ანგარიშში.  

2008 წელს პირველი ასეთ რეზოლუციას (რომელშიც მხოლოდ სეპარატისტული აფხაზეთი იყო  მოხსენიებული) მხოლოდ 14 ქვეყანამ დაუჭირა მხარი 11 წინააღმდეგ; 105–მა თავი შეიკავა. მომდევნო წელს 48 ქვეყანამ დაუჭირა მხარი 19–ის წინააღმდეგ, ხოლო 78–მა თავი შეიკავა. 2010 წელს ზღვარი ცოტათი გაიზარდა და 50 ქვეყანამ დაუჭირა რეზოლუციას მხარი 17–ის წინააღმდეგ, ხოლო 86–მა თავი შეიკავა. 2011 წელს რეზოლუციას 57–მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი 13 –ის წინააღმდეგ, ხოლო 74–მა თავი შეიკავა. 2012 წელს დოკუმენტს 60 ქვეყანამ მისცა ხმა 15–ის წინააღმდეგ, ხოლო 82–მა თავი შეიკავა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10