Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენი საქართველო vs რუსეთის დეპორტაციის საქმეზე
Civil Georgia, Tbilisi / 3 ივლ.'14 / 13:50

სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაცხადა 3 ივლისს, რომ საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთიდან 2006 წლის შემდგომაზე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაა.

ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ 3 ივლისს განჩინება გამოიტანა საქართველოს მიერ  რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილ სახელმწიფოთაშორის განაცხადზე, რომელიც 2006 წლის სექტემბრის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციიდან ასობით ეთნიკური ქართველის დეპორტაციას უკავშირდება. დეპორტაციას წინ უძღოდა საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა თბილისის მიერ რუსი ჯაშუშების დაკავების გამო.

ევროპის სასამართლომ განაცხადა, რომ სამართლიანი დაკმაყოფილების, ანუ კომპენსაციის საკითხი „არ იყო მზად მასზე გადაწყვეტილების მისაღებად“ და სასამართლომ შესთავაზა მხარეებს, რომ 12 თვის ვადაში „თავიანთი შეხედულებები წარმოადგინონ ამ საკითხზე და აცნობონ სასამართლოს იმ შეთანხმების თაობაზე, რომელსაც მათ შესაძლოა მიაღწიონ“ სამართლიანი დაკმაყოფილების თაობაზე. 

თავის განაცხადში საქართველოს მთავრობა სასამართლოს კომპენსაციის დაწესებას სთხოვდა რუსეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად დაზარალებული მხარეების მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

რუსეთის ხელისუფლებამ 2 300-ზე მეტი ქართველი დააკავა და გამოაძევა; ასობით მათგანი თბილისში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვეს. 2 000–ზე მეტი სხვა ქართველი ასევე გამოაძევეს რუსეთიდან და მათ ქვეყანა თვითონ დატოვეს, საქართველოს მთავრობის მონაცემებით.

საქართველო აცხადებდა თავის განაცხადში, რომ ამგვარი ქმედება იყო რუსეთის ხელისუფლების შურისძიება თბილისში 2006 წლის სექტემბერში ოთხი რუსი ოფიცრის დაკავების საპასუხოდ.

რუსეთი, რომელიც უარყოფდა რაიმე შურისძიებას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, აცხადებდა, რომ ეს უკანონო ემიგრაციის წინააღმდეგ მისი სტანდარტული პოლიტიკის გაგრძელება იყო.

„საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრების, დაკავების და გაძევების კოორდინირებულ პოლიტიკას ჰქონდა ადგილი და ... სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს დაპატიმრებები თვითნებური იყო“, – განაცხადა ევროპის სასამართლომ.

საქართველოს განაცხადი რუსეთის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მრავალ მუხლს მოიცავდა, მათ შორის წამების აკრძალვას; თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას; პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას; საკუთრების უფლებას; განათლების უფლებას;  სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებას; კოლექტიური გაძევების აკრძალვას და უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს.

17 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ ხმათა უმრავლესობით დაადგინა, რომ კონვენციის დარღვევას ჰქონდა ადგილი უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვასთან, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებასთან, სამართლიან სასამართლო განხილვის უფლებასთან, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასთან და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებასთან მიმართებაში.

თუმცა, ევროპის სასამართლომ ვერ აღმოაჩინა რაიმე დარღვევა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან, უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებთან  და საკუთრების და განათლების უფლების დაცვასთან დაკავშირებით.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი 2007 წლის მარტში წარადგინა. 2009 წლის ივნისში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მიერ დეპორტაციის თაობაზე წარდგენილი სარჩელი დასაშვებად ცნო, ხოლო 2011 წლის იანვარში და თებერვალში, მოსამართლეებმა სტრასბურგში მოწმეთა ჩვენებები მოისმინეს.

2009 წლის ბოლოს საქმე 17 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ განიხილა, რომელშიც ასევე შედიან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტი და ვიცე–პრეზიდენტები.

საქმე დიდ პალატას იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ მხარეებს სურთ, რომ ქვედა პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ ან თუ ქვედა პალატა, რომელიც ამ საქმეს განიხილავდა, თავად იტყვის უარს საქმის განხილვაზე ზემდგომი ინსტანციის სასარგებლოდ. სწორედ ასე მოხდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისო განაცხადის შემთხვევაში. ქვედა პალატის მხრიდან უმაღლესი პალატისადმი საქმის გადაცემა მაშინ ხდება, თუ „კონვენციის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები წარმოიშვება“ ან თუ არსებობს პრეცედენტული სამართლიდან გადახვევის რისკი. 

“საქართველომ გაიმარჯვა”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სტრასბურგში განჩინების გამოტანას ესწრებოდა, „მე მინდა, ყველა იმ ქართველს, რომელიც გახდა დამამცირებელი მოპყობის მსხვერპლი, მივულოცო ეს გამარჯვება და ვუთხრა, რომ ევროპულმა სასამართლომ მათი უფლებები დაიცვა“.

წულუკიანმა უთხრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს 27 ივნისს, რომ ის შეეწინააღმდეგა რამდენიმე მცდელობას, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქმე სტრასბურგის სასამართლოდან გამოეტანათ; მან დეტალებზე არ ისაუბრა.

„მას მერე, რაც მე ვიქენი დანიშნული იუსტიციის მინისტრად, არაერთი სხვადასხვა ტიპის ქმედებები იქნა განხორციელებული იმისთვის, რომ ეს საჩივარი მე უკან გამეტანა, მაგრამ ეს საჩივარი მივიდა ბოლომდე და 3 ივლისს მე მოვისმენ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა წინა კვირაში წულუკიანმა.

როდესაც მოგვიანებით მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ ვის უნდოდა ამ საქმის ჩაგდება, წულუკიანმა განაცხადა, რომ ის ამაზე საჯაროდ მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებს, რაც მთავრობას დატოვებს.  

საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისო განაცხადი აქვს შეტანილი ევროპის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. სასამართლომ  ეს საქმეც დაშვებულად ცნო და შემდგომი განხილვისთვის დიდ პალატას გადასცა. განაჩენი ჯერ არ არის გამოტანილი.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9