საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 18 ივლისს ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დაესწრება, სადაც ამჟამად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხის განხილვა მიმდინარეობს, განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
პარლამენტის შენობაში შესვლის წინ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმ დღეს, როდესაც „ხდება კიდევ ერთხელ ამ ისტორიული ნაბიჯის დამტკიცება, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, როგორ პოლიტიკური მიზანი, მე მინდა ვიყო ქართულ პარლამენტთან ერთად და გავიზიარო მათთან ერთად ეს დღე“.
„ეს დღე არის კიდევ ერთი ეტაპი და ეს არის გრძელი გზა იმიტომ, რომ ძალიან მკვეთრად და ნათლად ჩვენ განვაცხადეთ, რომ ასოცირების ხელშეკრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და მხოლოდ დასაწყისი, ხოლო საბოლოო მიზანი არის ევროპის ნაწილად ბოლომდე გახდომა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას არ აპირებს და მიულოცავს კოლეგებს და „პირველ რიგში, საზოგადოებას კიდევ ერთ ნაბიჯს“ ევროინტეგრაციისკენ.
ამ დრომდე გაურკვეველი იყო დაესწრებოდა თუ არა პრეზიდენტი პარლამენტის სხდომას. მისი პრესსამსახური ხუთშაბათს აცხადებდა, რომ მას საკანონმდებლო ორგანოდან შესაბამისი მიწვევა არ ჰქონდა მიღებული. ქართული ოცნების ზოგიერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ საზეიმო სხდომაზე დასასწრებად პრეზიდენტს სპეციალური მიპატიჟება არ სჭირდებოდა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხება რატიფიცირებისთვის პარასკევის სხდომაზე დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ წარუდგინა.
27 ივნისს ხელმოწერილი 1600-გვერდიანი ხელშეკრულება, რომელიც 8 კარს, 34 დანართსა და 4 ოქმს მოიცავს, ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროებში რეფორმების განხორციელებას, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვებას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან.
„ასოცირების ხელშეკრულება არის ჩვენი პრაქტიკული გზამკვლევი ევროპული ინტეგრაციის პროცესში და ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, ევროპული ინტეგრაცია ხდება არამარტო საგარეო, არამედ საქართველოს შიდა პოლიტიკის პრიორიტეტი“, - განაცხადა ფანჯიკიძემ პარლამენტში თავის გამოსვლაში და დასძინა, რომ ევროპული ნორმებისა და სტანდარტების დანერგვის გზით შეთანხმება „საშუალებას გვაძლევს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ჭეშმარიტად მდგრადი და შეუქცევადი გახდეს“.
„საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთო ეროვნული თანხმობისა და საერთო ფასეულობების საფუძველზე ნებაყოფლობით ვირჩევთ ჩვენი მომავალი განვითარების ევროპულ გზას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა მან.
რატიფიცირების საკითხის განხილვის პროცედურის დასრულების შემდეგ, რომლის ფარგლებში უკვე გამოვიდნენ მოხსენებებით ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები და ცალკეული დეპუტატები, ასევე დაგეგმილია პარლამენტში ბულგარეთის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის შტეფან ფულეს გამოსვლები. დეპუტატებს ასევე სიტყვით მიმართავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
დღის ბოლოს პარლამენტი კენჭს უყრის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხს.
საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება უკვე მოახდინეს რუმინეთმა, ლიტვამ და ლატვიამ. შეთანხმებას რატიფიცირება ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ და ევროპარლამენტმა უნდა გაუკეთოს. თუმცა ვიდრე ეს პროცედურები დასრულდება, შეთანხმების დროებით გამოყენება მოხდება.