Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა
Civil Georgia, Tbilisi / 28 ივლ.'14 / 14:23

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა 28 ივლისს, რომ მან გამოიტანა დადგენილება  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“.  

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილი იქნა ვანო მერაბიშვილის მიმართ, რომელიც 2007 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ასევე ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და გიგი უგულავას მიმართ, რომელიც იმ დროს თბილისის მერი იყო.

ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველო მისი მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა ნოემბერში, პროკურატურაში 28 ივლისს 11 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. ბოლო ოთხი თვის მანძილზე ის უკვე მეორედ იყო დაბარებული მოწმის სახით დასაკითხად.

თავის დაბარების საკითხის კომენტირებისას სააკაშვილმა განაცხადა 28 ივლისს, რომ ის ფაქტი, რომ იგი ქართული ოცნების მიერ წინა ხელისუფლების „პოლიტიკური დევნის“ შემდეგი სამიზნე გახდა დაძაბავს საქართველოს ურთიერთობებს დასავლელ მოკავშირეებთან. მან ასევე განაცხადა, რომ მისთვის ბრალის წაყენების მიზანი რუსეთისთვის სიამოვნების მინიჭებაა. 

„მე კი ნამდვილად არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ამ ფარსში“, – აღნიშნა სააკაშვილმა თავის Facebook–ის გვერდზე 28 ივლისს გავრცელებულ  განცხადებაში.

თავის გრძელ განცხადებაში სააკაშვილისთვის და ხელისუფლების სხვა რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნისთვის ბრალის წარდგენის გადაწყვეტილების თაობაზე პროკურატურამ 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო გამოსვლების დაშლამდე და მის შემდეგ არსებული მოვლენები მიმოიხილა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლება ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდებას გეგმავდა, რისი მიზეზიც ხელისუფლების შესახებ ტელეკომპანიის კრიტიკული სიუჟეტები გახდა. პროკურატურის თქმით, ხელისუფლება მზად იყო „საქართველოს რკინიგზა“ გადაეცა ბადრი პატარკაციშვილისთვის ტელეკომპანია „იმედის“ სანაცვლოდ.

2007 წლის ნოემბრის დასაწყისში ოპოზიციურმა პარტიებმა პატარკაციშვილის მხარდაჭერით საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომელიც 7 ნოემბერს იქნა დარბეული. პროკურატურამ განაცხადა, რომ დარბევა, რომლის დროსაც პოლიციამ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა მომიტინგეების დაშინების და შემდგომი აქციების გამართვაზე უარის თქმით მიზნით,  განხორციელდა „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე“ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მითითებით. პროკურატურამ განაცხადა, რომ ასევე კანონდარღვევა იყო თბილისის ცენტრში დარბევის დროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის გამოყვანა. 

პროკურატურამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და მოგვიანებით იმავე დღეს, 2007 წლის 7 ნოემბერს მისი მაუწყებლობიდან გათიშვა ხელისუფლების მიერ ამ ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების გეგმის ნაწილი იყო. პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია ოჯახს საბოლოოდ პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ჩამოერთვა, როდესაც პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილ პირს ხელისუფლების მხრიდან დაშინების და ზეწოლის შედეგად „იმედის“ წილის დათმობა მოუწია. პროკურატურამ განაცხადა, რომ „იმედის“ ჩამორთმევა განხორციელდა თბილისის მაშინდელი მერის გიგი უგულავას და მაშინდელი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ, მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით. 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ სააკაშვილი გადადგა და ის 2008 წლის იანვრის სადავო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ხელახლა აირჩიეს.

ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ საქმის მასალები და მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც მათ კლიენტებს ბრალი წარედგინათ, ჯერ არ უნახავთ. 2014 წლის თებერვალში მერაბიშვილს, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ დამოუკიდებელ საქმეზე პატიმრობა შეუფარდა, რომელთაგანაც ერთი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება 2011 წლის მაისში საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებით. უგულავა ამჟამად წინასწარი პატიმრობაში იმყოფება და მის წინააღმდეგ წაყენებულ ფულის გათეთრების ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. თუმცა, მის წინააღმდეგ აღძრულ სხვა ბრალდებებზე სასამართლო პროცესი უკვე მიმდინარეობს, რომელთაგანაც ერთი ტელეკომპანია „იმედს“ უკავშირდება. კეზერაშვილი საქართველოს მიერ იძებნება სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს მის ექსტრადირებაზე უარი განუცხადა. 

“საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელების და მისი მეთაურის მიხეილ  სააკაშვილის უკანონო მოქმედებების შედეგად: დაირღვა პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრების უფლება, ხელყოფილ იქნა მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, მრავალმა მოქალაქემ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, მოხდა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ხელის შეშლა”, - განაცხადა პროკურატურამ.

„გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით], რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“, – განაცხადა პროკურატურამ.

ამავე ინფორმაციით, „გამოძიება დასკვნით ფაზაშია შესული პროკურატურის მიერ ადრე გაცხადებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზეც, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი დაბარებული იყო მოწმის სახით“ 2014 წლის მარტში. 

„[გამოძიების] შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა მთავარმა პროკურატურამ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
43