ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისთვის ბრალის წარდგენის თაობაზე გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა რომ „ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე, მთავარმა პროკურორმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და პასუხისგებაში მისცა ისინი, ვინც, სავარაუდოდ, დაარღვია კანონი.“
„პროცესი აბსოლუტურად ღიაა - ქართველ ხალხს და მთელ მსოფლიოს, ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოს, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა სრულად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გააანალიზოს ამ მნიშვნელოვან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები,“ ნათქვამია განცხადებაში.
„2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ხალხისგან მიიღო მკაფიო დავალება, რომ შეექმნა ისეთი სამართლებრივი სისტემა, როგორსაც ის იმსახურებდა, და ეს, პირველ რიგში, გულისხმობდა სამართლიანი სისტემის შექმნას. ჩვენ ხალხისგან მივიღეთ მანდატი, რომელიც ამ დავალებას ზედმიწევნით შესრულების ვალდებულებას გვაკისრებს.“
„ქართველ ხალხს სურს, რომ საბოლოოდ დაესვას წერტილი დაუსჯელობას, რომელიც წლების განმავლობაში იყო გაბატონებული ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ხალხი მის მიერ არჩეული ხელისუფლებისგან მოითხოვს ისეთ სისტემას, სადაც ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის წინაშე პასუხს აგებს საქართველოს თითოეული მოქალაქე და სადაც თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია.“
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენმა მთავრობამ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, მაქსიმალურად შეუწყო ხელი ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებას. სასამართლო აღარ განიცდის ხელისუფლების გავლენას, მთავარი პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით, პოლიტიკა განდევნილია სასამართლო სისტემიდან, სამართალდამცავი ორგანოები და ჯარი სრულად დეპოლიტიზირებულია, დაცულია ბიზნესი და კერძო საკუთრება, უზრუნველყოფილია მედიის თავისუფლება, მოქალაქეთა ყველა ძირითადი უფლება სრულად დაცულია, დასრულდა ადამიანთა წამება ციხეებში, გაიზარდა მსჯავრდებულთა უფლებები.“
განცხადებაში ასევე ნათქვამია რომ მთავრობა მიესალმება ობიექტურ გამოძიებას, რადგან „სწორედ ამ გზით შევძლებთ ჩვენ, რომ საქართველოს სამართლებრივი სისტემა გახდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.“
„ჩვენი საბოლოო მიზანია ავაშენოთ ჭეშმარიტად დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის წინაშე ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი და კანონზე მაღლა არავინ იდგება,“ ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ოთხმა ამერიკელმა სენატორმა აღნიშნა ერთობლივ განცხადებაში, რომ ისინი „უკიდურესად იმედგაცრუებული და შეშფოთებული“ არიან სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის გამო და დასძინა, რომ ამგვარი ქმედება „არასაჭირო გამოწვევებს წარმოშობს ჩვენი ურთიერთობის წინ წაწევის თვალსაზრისით“.
სენატორების ამ განცხადების კომენტირებისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა: „მე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემ სენატორებს, ჩვენს მეგობრებს. ისინი საქართველოს მეგობრები არიან. მესმის, რომ მათ აქვთ გარკვეული შეშფოთებები, მაგრამ დაელოდონ მართლმსაჯულებას და პატივი სცენ საქართველოს კანონებს“.
„მთავარია, რა თქმა უნდა, რომ გამოძიება იყოს ობიექტური, გამჭირვალე, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაცვის უფლება უნდა იყოს გარანტირებული, რომ არავის, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს, არ ჰქონდეს არანაირი ეჭვი იმისა, რომ აქ პოლიტიკური მოტივაციაა“, – განაცხადა ალასანიამ. „ამასთანავე ეს არის გამაფრთხილებელი სხვა ხელისუფლებებისთვის, რომელიც საქართველოში იქნება, და პირველ რიგში, ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ სახელისუფლებო თანამდებობაზე ყოფნა არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას და კანონის წინაშე ყველა თანასწორია“.