პარლამენტმა დღეს რიგგარეშე სხდომაზე 77 ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს 2015 წლის 1 მარტამდე უნდა წარუდგინოს.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ დეკემბერში შექმნილ კომისიას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის მომზადებაზე მუშაობა 1 სექტემბრისთვის უნდა დაესრულებინა. მოგვიანებით, დაახლოებით ორი თვის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა წლის ბოლომდე გაგრძელდებოდა.
სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ კომისიის მუშაობის შეფერხების მიზეზებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩვენების გამო კომისიამ ვერ შეძლო „სათანადო ინტენსივობით მუშაობა“.
„არაერთმა ობიექტურმა მიზეზმა გამოიწვია ის, რომ საკონსტიტუციო კომისიამ ვერ შეძლო სათანადო ინტენსივობით მუშაობა. განსაკუთრებით ეს ადგილობრივმა არჩევნებმა, შემდგომ მეორე ტურმა გამოიწვია. კომისიის წევრების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესში და შესაბამისად შეუძლებელი გახდა ამ დავალების შესრულება“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისიის შექმნის გადაწყვეტილება პარლამენტმა ოქტომბრის დასაწყისში მიიღო, ხოლო 27 დეკემბერს მისი დებულება და შემადგენლობა დაამტკიცა.
კომისიის სტრუქტურაში ხუთი სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომლებიც შემდეგ მიმართულებებზე მუშაობენ: ძალთა ბალანსის უზრუნველყოფა პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს შორის; ადამიანის უფლებები, სასამართლო, პროკურატურა; სხვა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები - უშიშროების საბჭო, ეროვნული ბანკი, სახალხო დამცველი, აუდიტის სამსახური; სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა, ადგილობრივი მმართველობა, თვითმმართველობა; კონსტიტუციის ზოგადი დებულებები და მისი გადასინჯვის წესები.