კიდევ ორმა ამერიკელმა სენატორმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც მათ „ღრმა იმედგაცრუება“ გამოხატეს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის პროკურატურის მიერ ბრალის წაყენების გამო.
დემოკრატმა სენატორმა კრის მერფიმ და რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადეს: „მივესალმებით რა მიზანს, რომ აღიკვეთოს ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსჯელობის კულტურა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი დევნა – ყოფილ პრემიერ–მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და მთავარ პროკურორთან ერთად – ხელს უწყობს იმ აღქმას, რომ მმართველი კოალიცია [ქართული ოცნება] სისტემატურად უყენებენ ბრალს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს“.
„როგორც საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერები, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას თავიანთი განსაზღვრული დრო და რესურსები ინსტიტუციების გაძლიერების, ეკონომიკის ზრდის და სასამართლო სისტემის რეფორმირების მნიშვნელოვან საქმეს მოახმარონ. იმ დროს, როდესაც საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყანა წარსულის ძიების ნაცვლად მომავალზე ფოკუსირების საქმეში უნდა გაერთიანდეს“, – ნათქვამია 29 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ჯიმ რიშმა, ასევე დემოკრატმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ბენ კარდინმა განაცხადეს 28 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომ ისინი „უკიდურესად იმედგაცრუებული და შეშფოთებული“ არიან პროკურატურის ამ გადაწყვეტილების გამო. მათი თქმით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წარდგენა „არასაჭირო გამოწვევებს წარმოშობს ჩვენი ურთიერთობის წინ წაწევის თვალსაზრისით“.
სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ქმედებას, ჩადენილს არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.
საქმე ეხება მისი პრეზიდენტობის დროს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი იმავე საქმეზე სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც წარედგინათ, მათ შორის ვანო მერაბიშვილს, რომელიც 2007 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; ზურაბ ადეიშვილს, რომელიც 2007 წელს გენერალური პროკურორი იყო; მაშინდელ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს და მაშინდელ თბილისის მერს გიგი უგულავას.
მართალია სააკაშვილს ბრალი წარედგინა, მისი დაპატიმრების ორდერი ჯერჯერობით არ არის გაცემული. პროკურატურას შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და სააკაშვილისთვის დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა მოითხოვოს. პროკურატურა არ აცხადებს, თუ როდის აპირებს სასამართლოსთვის ამგვარი შუამდგომლობით მიმართვას, ან თუ საერთოდ აპირებს ამის გაკეთებას.