Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურა სააკაშვილს ახალ ბრალდებებს უყენებს
Civil Georgia, Tbilisi / 5 აგვ.'14 / 12:45

პროკურატურამ განაცხადა 5 აგვისტოს, რომ ის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ახალ ბრალდებებს უყენებს.

საქმე ეხება 2005 წელს მაშინდელ ოპოზიციურ დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელიც თბილისში ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა სასტიკად სცემეს.

პროკურატურა სააკაშვილს, რომელიც იმ დროს პრეზიდენტი იყო, ამ თავდასხმის „ორგანიზებაში“ ადანაშაულებს.

პროკურატურის თქმით, იგივე საქმეზე ბრალი ასევე წარედგინება ვანო მერაბიშვილს, რომელიც 2005 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

პროკურატურამ განაცხადა, რომ ბიზნესმენსა და რესპუბლიკური პარტიის წევრზე, ვალერი გელაშვილზე თავდასხმა იყო შურისძიება 2005 წლის ივნისში მისი საგაზეთო ინტერვიუს გამო, სადაც გელაშვილმა იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი ქონების ჩამორთმევაში დაადანაშაულა და „შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ“.

აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, განაცხადა პროკურატურამ, სააკაშვილმა, პირადი შურისძიების მოტივით, თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. თუმცა მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილმა უარი განაცხადა, პროკურატურის თქმით, სააკაშვილმა იგივე დავალება მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს მისცა.

ოქრუაშვილმა, რომელიც ერთ დროს სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო, ანალოგიური ბრალდებები სააკაშვილის წინააღმდეგ გელაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით 2007 წლის სექტემბერში გააჟღერა, როდესაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი საკუთარ ოპოზიციურ პარტიას აყალიბებდა.

პროკურატურამ განაცხადა, რომ სააკაშვილის დავალების მიღების შემდეგ, მერაბიშვილმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება სხვა საქმეებთან დაკავშირებით, მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ საააკაშვილის დავალების „ზედმიწევნით შესრულება“.

კოდუა და სოდ-ის სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი სირაძე 2014 წლის აპრილში პასუხისგებაში მიეცნენ გელაშვილზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით. კოდუა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება და რომლის მიმართაც ძებნაა გამოცხადებული, უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მას გელაშვილზე თავდასხმასთან არაფერი აქვს საერთო.

2005 წლის 14 ივლისს თბილისის ცენტრში ნიღბიანი შეიარაღებული პირების მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გელაშვილი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2006 წლის აპრილში მას პარლამენტმა, რომელშიც ნაციონალური მოძრაობა დომინირებდა, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამჟამად გელაშვილი ქართული ოცნების დეპუტატია. 

„საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი საქართველოს პროკურატურის მიერ სრულად გახსნილია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
 
„მიხეილ სააკაშვილის და ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით [სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით], რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 8 წლამდე ვადით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალ ბრალდებებამდე ერთი კვირით ადრე პროკურატურამ სააკაშვილს „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში“ წაუყენა  ბრალი იმ საქმეზე, რომელიც ეხება მისი პრეზიდენტობის დროს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“.  სასამართლომ სააკაშვილს ამ ბრალდებებთან დაკავშირებით დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელი დამატებითი ბრალდებები მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც 4 აგვისტოს სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის“.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19