საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო „აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში“ 24 აგვისტოს ჩატარებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და განაცხადა, რომ ეს „უკანონო აქტი“ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების „სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას“ წარმოადგენს.
„აღნიშნული უკანონო აქტი წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ოკუპაციისა და ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გამოდევნილ პირებს წაერთვა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ხოლო რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი ქართული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, უპირველესად მათი სამოქალაქო, ეკონომიკური და სოციალური უფლებები ყოველდღიურად ირღვევა საოკუპაციო რეჟიმების მიერ“, - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ კვირას გავრცელებულ განცხადებაში.
„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული დე ფაქტო კონტროლის განმახორციელებელი რეჟიმის განცხადებები, რომლებიც ითვალისწინებს მათ კიდევ უფრო შევიწროებას და რიგ შემთხვევებში გამოდევნას“, - ნათქვამია განცხადებაში, „ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით მძიმე მდგომარეობის პარალელურად, გრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების უგულებელყოფა. საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლისა და იქ არსებული ვითარების ასახვის შესაძლებლობა. გრძელდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შეთანხმებული ფორმატისა და დღის წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხების განხილვას“.
„აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ ორგანიზებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები" წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, უპირველესად სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას“, - განაცხადა საგარეო უწყებამ და საერთაშორისო თანამეგობრობას „ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების“ დაგმობისკენ მოუწოდა.
კვირის არჩევნებში დაახლოებით 131 000 ამომრჩეველს შეეძლო ხმის მიცემა, სეპარატისტული რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად.
ეს მონაცემი ჩამოუვარდება სეპარატისტულ აფხაზეთში 2011 წლის საპრეზიდენტო და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არსებულ მაჩვენებლებს იმის გამო, რომ რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ათასობით ეთნიკური ქართველი საარჩევნო სიებიდან ამოიღეს.