ნატო არ აღიარებს სეპარატისტულ აფხაზეთში კვირას ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაში.
„ეს არჩევნები არ უწყობს ხელს საქართველოში სიტუაციის მშვიდობიან და გრძელვადიან მოგვარებას“, - ნათქვამია 25 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, „ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“.
„ალიანსი ადასტურებს მის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.
სეპარატისტულმა რეგიონმა 24 აგვისტოს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ახალ ლიდერად რაულ ხაჯიმბა აირჩია. მას არჩევა კრემლმა უკვე მიულოცა, თუმცა ეს არჩევნები თბილისმა დაგმო, როგორც „უკანონო“; ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ არ აღიარებს ამ არჩევნებს.