პარლამენტმა 18 სექტემბერს ერთი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც ორი წლით გახანგრძლივდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობა.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი 2010 წელს დაინერგა და პირველი სასამართლო ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით 2011 წელს ჩატარდა. კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები, მისი სრულად ამოქმედების შემდეგ, უნდა შეეხოს ყველა სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, რომელთა სასჯელის ფორმად პატიმრობაა განსაზღვრული. თუმცა, კანონის თანახმად, პირველ ეტაპზე ის მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის (109-ე მუხლი) საქმეებზე ვრცელდებოდა და ისიც მხოლოდ თბილისში. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა გაფართოვდა და მოიცვა სისხლის სამართლის კოდექსის 110-114-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულები, რომლებიც აგრეთვე მკვლელობას უკავშირდება. ამასთან, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა სისტემა ქუთაისშიც ამოქმედდა, სადაც მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეების განხილვაა დაშვებული. დღემდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რვა საქმეზე გაიმართა.
2013 წლის იანვარში პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა გაფართოვდა იმ საქმეებზე, რომლებშიც ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები ფიგურირებენ. თბილისსა და ქუთაისთან ერთად ასეთი საქმეების განხილვა ბათუმშიც არის შესაძლებელი. ამასთან, კანონი ბრალდებულს უფლებას უტოვებს უარი თქვას მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვაზე.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულმასშტაბიანი ამოქმედება – ყველა იმ სისხლის სამართლის დანაშაულის მიმართ, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს – 2014 წლის 1 ოქტომბრიდან იგეგმებოდა, არსებული კანონის თანახმად, რომელიც ასევე ითვალისწინებს ამ სისტემის გამოყენებას არა მხოლოდ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, არამედ ქვეყნის მასშტაბით.
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი სისტემის სრული გამოყენების გადავადებას 2016 წლის 1 ოქტომბრამდე ითვალისწინებს.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში, მთავრობა თავის ინიციატივას მთელი რიგი მიზეზებით ხსნის. ამ არგუმენტების მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები, კერძოდ კი ნაფიც მსაჯულთა შერჩევის „საკმაოდ რთული პროცედურა“, სასამართლო პროცესის „არაგონივრულ გაჭიანურებას“ იწვევს; ასევე ქვეყნის მასშტაბით სასამართლოს შენობებში არ არის შესაფერისი ინფრასტრუქტურა ნაფიც მსაჯულთა სხდომების ჩასატარებლად. მთავრობა ასევე აცხადებს, რომ უმეტეს შემთხვევებში ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი განაჩენები „არაკვალიფიციურია“, რასაც „შედეგად მივყავართ იქამდე, რომ უმრავლეს შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტი არ არის პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და შეჯერების შედეგი, მათი ლოგიკური გაგრძელება“.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა 17 სექტემბერს პარლამენტში გამართული დებატების დროს, რომ სამარცხვინოა, როდესაც მთავრობა განმარტებით ბარათში აკეთებს ჩანაწერს, რომ გადაწყვეტილებები არაკვალიფიციურია. მისი თქმით, კვალიფიკაციის ნაკლებობას პროკურორები განიცდიან.
ზოგიერთმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობიდან მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ოქტომბრიდან ნაწილობრივ მაინც გააფართოვოს ნაფიც მსაჯულთა სისტემის გამოყენება და რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაული დაუმატოს იმ შეზღუდულ სიას, რომელიც დღესდღეობით მოქმედებს.