Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრემიერ-მინისტრი წინააღმდეგია, რომ შსს-ს ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომა აღარ ჰქონდეს
Civil Georgia, Tbilisi / 30 ოქტ.'14 / 15:43

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წინააღმდეგია შსს-ის ჩამოერთვას პირდაპირი წვდომა ფარულ მოსმენებზე, თუმცა ეთანხმება  ამ პროცესზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას; მან მოუწოდა დეპუტატებს მხარი დაუჭირონ „გონივრულ“ კანონპროექტს, რომელიც ამ საკითხის დარეგულირების გადავადებას უკავშირდება.

„მივმართავ დეპუტატებს, უმცირესობას და უმრავლესობას კარგად დაფიქრდნენ და გონივრულად მიიღონ გადაწყვეტილება“,  - განაცხადა მან  30  ოქტომბერს კანონპროექტზე საპარლამენტო მოსმენების დაწყებამდე.

კანონპროექტი, რომელიც ფარული მოსმენების საკითხზე რეგულაციების მისაღებად ვადის 1 ნოემბრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე გადატანას და ასევე მომდევნო ექვსი თვის ვადით შსს-სთვის ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის შენარჩუნებას უკავშირდება, ქართული ოცნების დეპუტატის შალვა შავგულიძის ინიცირებულია და მის განხილვას პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში გეგმავს. ინიციატორის თქმით, ვადის გადაწევის საჭიროება იმის გამო დადგა დღის წესრიგში, რომ იურიდიული კომიტეტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში რაიმე ახალ რეგულაციებზე შეთანხმება და შესაბამისი კანონპროექტის მომზადება 1 ნოემბრამდე ვერ მოხერხდა - სწორედ ეს ვადა დაუწესა პარლამენტმა თავის თავს აგვისტოში, როცა ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა.

საკითხის გადავადებას ღიად ეწინააღმდეგებიან ცალკეული დეპუტატები კოალიცია ქართული ოცნებიდან, მათ შორის თავისუფალი დემოკრატების ფრაქცია.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ასევე გააპროტესტეს მათი გვერდის ავლით იურიდიულ კომიტეტში ინიცირებული კანონპროექტი და სანაცვლოდ შესთავაზეს მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება.

ამ შემოთავაზების თანახმად, რომლის შემუშავებაშიც ჩართული იყვნენ საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომა აღარ უნდა ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სანაცვლოდ ეს მექანიზმი უნდა გადაეცეს მობილურ ოპერატორებს და სასამართლოს, რომელთაც ტექნიკურად ერთდროულად უნდა შეეძლოთ სასამართლოს მიერ სანქცირებულ მოსმენაზე დაშვება მისცენ სამართალდამცავებს. ეს წინადადება ამ წესების 2016 წლიდან ამოქმედებას ითვალისწინებს, მანამდე კი კვლავაც შსს-ის დარჩება პირდაპირი წვდომა მოსმენებზე.

„რა თქმა უნდა, მე ვეწინააღმდეგები ამას - მე ამას ვაფიქსირებ ღიად - რომ ე.წ. ჩართვის მექანიზმი იყოს მობილური ოპერატორების ხელში და სასამართლოს ხელში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა არასამთავრობო სექტორიდან შემოთავაზებულ ვარიანტზე საუბრისას და დასძინა, რომ როგორც მას აუხსნეს, ეს „ტექნიკურადაც შეუძლებელია“.

მისი თქმით, საქართველოში მოქმედი სამივე მობილური ოპერატორი - მას მხედველობაში ჰქონდა „ჯეოსელი“, „ბილაინი“ და „მაგთიკომი“ - არის უცხოური კომპანიების მფლობელობაში. 

„მობილური ოპერატორი იმ შემთხვევაში შეიძლება მართავდეს ამ მექანიზმს, თუ იქ არის მთელი რიგი უსაფრთხოების სისტემები დაცული. ჩვენ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ასე არ არის  და სახელმწიფო ვერ ანდობს ქვეყნის უსაფრთხოებას და საიდუმლოებას და მოქალაქეების უსაფრთხოებას უცხოურ კომპანიებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეორე არგუმენტად, რის გამოც ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზებას, მან დაასახელა შსს-ის „გართულებული ურთიერთობები“ სასამართლოსთან კანონიერ მოსმენებზე ნებართვების მიღების კუთხით.

„მე ვიცი, რომ საკმაოდ გართულებული აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს იგივე სასამართლოსგან ურთიერთობა. ძალიან ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ მთელი რიგი წინააღმდეგობები სასამართლოდან, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ძალიან მარტივ და ძალიან მკაცრად და მყარად დასაბუთებულ შემთხვევებშიც, ისინი ვერ ახერხებენ ნებართვის მიღებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

„საუბარი იმაზე, რომ დღეს-ხვალ ნაუცბათევად მიიღონ ახალი კანონი და ეს მექანიზმი გადაეცეს ერთის მხრივ, სასამართლოს და მეორეს მხრივ, უცხოურ კომპანიებს ეს არის დამანგრეველი, მეგობრებო, ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ეს „გამოიწვევს სრულ კოლაფსს და სისტემა იქნება პარალიზებული“.

„ამ შემთხვევაში მთელი სამართალდამცავი სისტემის პარალიზება ნიშნავს საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ“, - დასძინა მან.
 
„მე ძალიან ვთხოვ ყველას, მოვუწოდებ, რომ კარგად დაფიქრდნენ. ეს იდეები, მესმის, რომ ძალიან კარგია, მაგრამ ამას სჭირდება გააზრება და რეალიზება და რეალობის გათვალისწინება, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში და ქვეყანას აქვს  ძალიან რთული გამოწვევები“, - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილის ამ განცხადებების კომენტირებისას, საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ფაქტიურად პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ სასამართლოს გვერდის ავლით ხორციელდება დღეს ფარული მოსმენები. მისივე თქმით, როცა ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს მთავრობას იმასთან დაკავშირებით, რომ შსს-ს უნდა დარჩეს ეს ბერკეტი, მაშინ აზრს კარგავს საკითხის დარეგულირების გადავადება.

პრემიერ-მინისტრმა თავის კომენტარში ასევე განაცხადა, რომ მთავრობა იზიარებს „აბსოლუტურად ევროპულ და თანამედროვე მიდგომას“, რომ ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომა კვლავაც დარჩეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში და ამავდროულად, გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმები პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მხრიდან.

ამ თემაზე, როცა სექტემბრის ბოლოს  ევროპის საბჭოს ექსპერტები სტუმრობდნენ საქართველოს თავიანთი გამოცდილების გასაზიარებლად, ჯოზეფ კანატაჩიმ, ევროპის საინფორმაციო პოლიტიკის და ტექნოლოგიების სამართლის კათედრის გამგემ განაცხადა, რომ შსს-ს პოზიცია, რომ შეინარჩუნოს პირდაპირი წვდომა, თუმცა შემოიღოს კონტროლის მექანიზმი არის „ნაბიჯი სწორი მიმართულებით“, მაგრამ „არასრულყოფილი“, რაც შეიძლება მხოლოდ დროებითი ზომა იყოს, სანამ საკითხის ყოვლისმომცველი გადაწყვეტა მოხდება.

„იქნება ეს ეფექტიანი გზა [უკანონო] მიყურადების თავიდან ასაცილებლად? ჩემი პასუხი ცალსახად არის ‘არა’ – ეს ამას ვერ უზრუნველყოფს, რადგანაც ფაქტიურად ვერც ერთი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამას. გააუმჯობესებს ეს  არსებულ ვითარებას? დიახ. უნდა გაკეთდეს ეს რაც შეიძლება სწრაფად? დიახ. უნდა იყოს ეს ერთგასაღებიანი სისტემა? სავარაუდოდ, არა და ჩვენი მკაფიო რჩევა საქართველოს პარლამენტისადმი იყო, რომ იმ დროს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოთავაზება არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით, ეს არასრულყოფილი ნაბიჯია და ამიტომ ის მხოლოდ დროებითი გამოსავლის სახით უნდა იქნას მიღებული – ეს არის ის, რაც მომდევნო კვირეებში ან თვეებში უნდა გაკეთდეს, სანამ ახალ გამოსავალზე მიიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მან 25 სექტემბერს.

„რეკომენდაცია ნათელია – უნდა იყოს ერთ ‘გასაღებზე’ მეტი; მეორე გასაღები არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ სხვის ხელში უნდა იყოს და მეორე გასაღების გამოყენება სასამართლო ნებართვის დასადასტურებლად უნდა მოხდეს. ამრიგად, სისტემამ ასე უნდა იმუშაოს: როდესაც გამოიცემა სასამართლო ნებართვა, რომელიც მიყურადების უფლებას იძლევა, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს თავის პირველ გასაღებს და შემდეგ მეორე [გასაღების მფლობელი] ინსტიტუტი – რომელიც შესაძლოა იყოს კერძო პროვაიდერი ან სხვა მაკონტროლებელი სტრუქტურა – გამოიყენებს მეორე „გასაღებს“ [მიყურადების ] დასადასტურებლად მას შემდეგ, რაც პირველი დაადგენს, რომ [სასამართლო] ნებართვა არსებობს“, – განაცხადა კანატაჩიმ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16