Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა გაიზიარა პრეზიდენტის შენიშვნები ფარულ მოსმენებზე კანონის შემჭიდროებულ ვადებში მიღებაზე
Civil Georgia, Tbilisi / 31 ოქტ.'14 / 21:41

პარლამენტმა ვეტოს დაძლევაზე უარი თქვა და 96 ხმით 1-ის წინააღმდეგ გაიზიარა პრეზიდენტის შენიშვნები, რომლის თანახმადაც, საკანონმდებლო ორგანომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელ სუბიექტს უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა ელექტრონულ კომუნიკაციებზე, უნდა მიიღოს 1 დეკემბრამდე, ნაცვლად დაგეგმილი 28 თებერვლისა. 

მიღებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტისთვის მის მიერ შეთავაზებულ კანონს. 

"სახელმწიფოს მეთაური მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტს შეთავაზებული  შენიშვნების გათვალისწინებისთვის და აღნიშნულს, ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

პარლამენტმა 30 ოქტომბერს 65 ხმით 31-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფარულ მოსმენებზე ახალი რეგულაციები  28 თებერვლამდე მიეღო, რადგან აქამდე კანონით განსაზღვრულ ვადაში - 1 ნოემბრამდე ეს საკითხი ვერ დაარეგულირა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 31 ოქტომბერს ვეტო დაადო ამ კანონპროექტს და სანაცვლოდ, პარლამენტს ვადის ერთ თვემდე შემჭიდროვება შესთავაზა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ 31 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს ვადა „შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში“ საკმარისია ახალი წესების მისაღებად. მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი იმგვარ ახალ წესებს დაუჭერს მხარს, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოებისათვის და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ შემოთავაზებულ ერთთვიან ვადაში სრულყოფილი კანონმდებლობის შემუშავება „რთული იქნება“, მაგრამ „უნდა შევეცადოთ, რომ ამ ვადაში შესაძლებლის მაქსიმუმი გაკეთდეს“. 

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მიესალმნენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კანონპროექტზე ვეტოს დადების თაობაზე. მათივე ვარაუდით, ვეტოს დაძლევის გზა უმრავლესობამ იმის გამო არ აირჩია, რომ ამისთვის საჭირო 76 ხმას ვერ მოაგროვებდა იმ პირობებში, როცა კოალიციაში შემავალი ცალკეული დეპუტატები და მათ შორის თავისუფალი დემოკრატების ფრაქცია ეწინააღმდეგებოდა საკითხის რამდენიმე თვით გადავადებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას პრობლემა არ ჰქონდა, რომ თავისი დეპუტატების მობილიზაციის ხარჯზე 76 ხმა მოეგროვებინა ვეტოს დასაძლევად, თუმცა ამ ნაბიჯზე არ წავიდა, რათა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის შეფერხება არ გამოეწვია იმ შემდგომი პროცედურების გამო, რაც ვეტოს დაძლევას მოჰყვებოდა "სამართლებრივი ვაკუუმის" გაჩენის თვალსაზრისით. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უარყო, რომ რაიმე "ვაკუუმი" შეიქმნებოდა სამართალდამცავების მიერ კანონიერი მიყურადების შეფერხების მხრივ,

„მობილიზაცია რომ გაგვეკეთებინა, პარლამენტი ვეტოს დაძლევდა, მაგრამ რის ფასად? იმის ფასად, რომ პრეზიდენტისთვის გვეჩვენებინა, რომ ჩვენ გვაქვს ის ძალა, რომ თქვენ დადებულ ვეტოს ჩვენ დავძლევთ? რომელი სახელისუფლებო შტო უფრო ძლიერია, ამ კინკლაობაში გადავიდეთ?“, - განაცხადა საგანელიძემ.

მან ასევე განაცხადა:  „ძალიან გული მწყდება, რომ... საპარლამენტო ოპოზიციასთან, რომელთანაც ჩვენ ამდენი ხანი ასეთი ცხარე დებატები გვაქვს, უცებ თანხვედრა მოხდა პრეზიდენტის, რომელსაც ჩვენ ყველანი ასეთი მხარდაჭერით და ასეთი გულანთებულები დავყვებოდით გვერდზე [2013 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს] და საზოგადოებას ვთხოვდით მხარდაჭერას“. 

საგანელიძემ ასევე განაცხადა, რომ „ძალიან წუხს“ კოალიციის შიგნით „სერიოზულ პრინციპულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის“ გამო, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს ჩვენს დემოკრატიულობას“. 

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ზურაბ აბაშიძემ, რომელიც თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის სახელით საუბრობდა, განაცხადა, რომ მის ფრაქციას „განსხვავებული პოზიცია“ სწორედ იმის გამო ჰქონდა, რომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც  „100%-ით გამორიცხავდა  ქვეყანაში უკანონო მოსმენებს, მიყურადებას და თვალთვალს“.

„რატომ ვალაპარაკებთ ჩვენ ამდენს [ნაციონალურ მოძრაობას], რატომ ვერ ვწყვიტავთ საკითხებს იმისათვის, რომ აღარ ილაპარაკონ ამათმა არაფერი. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა“, - განაცხადა აბაშიძემ და იმედი გამოთქვა, რომ  „ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი უმრავლესობა“ საკითხს იმგვარად მოაგვარებს, როგორც ეს „სჭირდება ქვეყნის უსაფრთხოებას, მის სიმტკიცეს და ამავდროულად ადამიანის უფლებების დაცვას“.

პარლამენტმა ფარულ მოსმენებზე ახალი მოდელი 1 დეკემბრამდე უნდა მიიღოს და ასევე დაადგინოს ვადები, თუ როდის ამოქმედდება ის. ახალი რეგულაციების ძალაში შესვლამდე კი პირდაპირი წვდომა საკომუნიკაციო საშუალებებზე კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება, რომელიც წინააღმდეგია, რომ ეს ბერკეტი დათმოს - ამ პოზიციას მხარს უმაგრებს ასევე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოდან და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, რომლებიც ჩართულები არიან ახალი რეგულაციების შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფში, რომელიც პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა შექმნა, ჯგუფს შესთავაზეს თავიანთი საკანონმდებლო წინადადება. ამ შემოთავაზების თანახმად, ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომა აღარ უნდა ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სანაცვლოდ ეს მექანიზმი უნდა გადაეცეს მობილურ ოპერატორებს და სასამართლოს, რომელთაც ტექნიკურად ერთდროულად უნდა შეეძლოთ სასამართლოს მიერ სანქცირებულ მოსმენაზე დაშვება მისცენ სამართალდამცავებს. ამ ვარიანტს, რომლის ამოქმედებაც 2016 წლიდან არის განსაზღვრული, ხოლო მანამდე კვლავაც შსს-ის რჩება პირდაპირი წვდომა მოსმენებზე, კატეგორიულად ეწინააღმდეგება პრემიერი ღარიბაშვილი.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15