პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ საღამოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას და მის თანაპარტიელ დეპუტატებს შეხვდა "თავისუფალი დემოკრატებიდან".
განხილვის მთავარი თემა თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თანამშრომლების დაკავება იყო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი. ისიც თავისუფალ დემოკრატებს წარმოადგენს მმართველ კოალიციაში.
„დამატებითი არგუმენტები წარმოადგინა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ და კოალიციის ლიდერი [ირაკლი ღარიბაშვილი] გაეცნობა ამ არგუმენტებს“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრის შემდეგ.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაიმეორა 3 ნოემბერს, რომ ის „აბსოლუტურად ბოლომდეა დარწმუნებული“ მისი იმ დაკავებული თანამშრომლების უდანაშაულობაში, რომლებიც გაფლანგვის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის საქმესთან დაკავშირებით.
დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ ეს იყო „გულწრფელი საუბარი“.
„არანაირ პოლიტიკურ კონტექსტზე არ მინდა მე ახლა საუბარი. ეს არ იქნება სწორი. მიმდინარეობს გამოძიება და კითხვებს პასუხი გაეცემა... წარმოდგენილი იყო თავდაცვის მინისტრის მიერ არგუმენტები, როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობითად და პრემიერი შეგვპირდა, რომ იგი გულდასმით შეისწავლის ამას“, – განაცხადა დოლიძემ.