Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ფარული მოსმენების შესახებ ორი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა
Civil Georgia, Tbilisi / 20 ნოე.'14 / 19:30

ელექტრონული კომუნიკაციებზე ფარული მოსმენების განხორციელების დაწყებას საგამოძიებო ორგანო მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან შესაბამის ელექტრონულ თანხმობას მიიღებს, ნათქვამია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატების ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილის და გედევან ფოფხაძის ავტორობით პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა.

დღესვე, ამ საკითხზე საკუთარი პროექტი დაარეგისტრირა ასევე ქართული ოცნების დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ. მისი ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ მოსმენებზე პირდაპირი წვდომა -  ე.წ. გასაღები, რომელიც ამჟამად შსს-ს ხელშია, გადაეცეს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. 

ორი სხვადასხვა ვარიანტის ინიცირება მას შემდეგ მოხდა, რაც 19 ნოემბერს ამ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დახურულ სხდომაზე ერთ რომელიმე მოდელზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. ახალი მოდელი პარლამენტს 1 ნოემბრამდე უნდა მიეღო, თუმცა იმის გამო, რომ ვერ დაიცვა ეს ვადა, მისი მიღება ოთხი თვით გადადო, რასაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო დაადო და კანონმდებლებს ახალი რეგულაციების 1 დეკემბრამდე მიღებისკენ მოუწოდა; პარლამენტი პრეზიდენტის მიერ შემჭიდროვებულ ვადას დათანხმდა.

ქართული ოცნების სამი დეპუტატის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პრინციპში ასახავს იმ მიდგომას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამი კვირის წინ გააჟღერა, ითვალისწინებს ე.წ. „ორგასაღებიანი“ სისტემის შემოღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე პირდაპირი წვდომა დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ის მოსმენების დამოუკიდებლად აქტივაციას ვერ შეძლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე.

კანონპროექტის თანახმად, ორ ეტაპიანი ელექტრონული სისტემა უნდა ამოქმედდეს 2015 წლის 31 მარტიდან - სწორედ ამ ვადაში ავალდებულებს კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს პროგრამულად უზრუნველყოს ახალი სისტემის დანერგვა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს, რომელიც სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი მთავარი ორგანოს ხელმძღვანელია, მნიშვნელოვნად გაეზარდა უფლებები იმ უმეტესი ცვლილებების შედეგად, რომლებიც პარლამენტმა მოსმენებთან დაკავშირებით აგვისტოში მიიღო. ამასთან, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში დაგეგმილია ინსპექტორის აპარატის დაფინანსების გაორმაგება 1.2 მლნ ლარამდე.

იმასთან ერთად, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დამატებით მიეცემა სასამართლო განჩინების საფუძველზე მოსმენების დასაწყებად ელექტრონულად მწვანე შუქის ანთების ბერკეტი, მასვე განესაზღვრება ფუნქცია, რომ განახორციელოს შსს-ში დაცული მონაცემთა ბანკების კონტროლი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ეს სპეციალური ელექტრონული სისტემაც 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შექმნას შსს-მ, კანონპროექტის თანახმად.

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და მონაცემთა ბანკების კონტროლის შედეგებზე, კანონპროექტის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა წელიწადში ორჯერ უნდა წარუდგინოს სპეციალური ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს.

ამ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებებს აერთიანებს, მხარს არ უჭერენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე დიდი ხანია აქტიურობენ უკანონო მოსმენების აღსაკვეთად საკანონმდებლო ცვლილებების მიღების მიზნით. მათი პოზიციაა, რომ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის ბერკეტი სრულად ჩამოერთვას შსს-ს; მათივე მოსაზრებით, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის პროცესში მონაწილედ ჩართვა არასწორია, რადგან მას კანონით საზედამხედველო ფუნქცია აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მიერ მომზადებულია საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვითაც, ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომა აღარ უნდა ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სანაცვლოდ, ეს მექანიზმი უნდა გადაეცეს მობილურ ოპერატორებს და სასამართლოს, რომელთაც ტექნიკურად ერთდროულად უნდა შეეძლოთ სასამართლოს მიერ სანქცირებულ მოსმენაზე დაშვება მისცენ სამართალდამცავებს. ამ წინადადებას საკანონმდებლო ინიციატივის სახე არ მიუღია. მართალია მისი ინიცირების სურვილი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გამოთქვეს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი განაცხადეს ამ შეთავაზებაზე და სანაცვლოდ, ქართული ოცნების დეპუტატებს ან მათ ყოფილ თანაგუნდელებს „თავისუფალი დემოკრატებიდან“ მოუწოდეს მათი ვარიანტის ინიცირებისკენ.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში არ არის ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ დარეგისტრირებულ პროექტს მიენიჭება უპირატესობა კენჭისყრაზე, რომელიც მომავალ სასესიო კვირაში იგეგმება, რათა კანონი 1 დეკემბრამდე იქნას მიღებული.  ქართული ოცნების ზოგიერთი რესპუბლიკელი და ასევე ეროვნული ფორუმის დეპუტატი ხმალაძის ინიციატივას უჭერს მხარს; ამ ინიციატივისკენ იხრებიან ოპოზიციაში გადასული „თავისუფალი დემოკრატებიც“. თუმცა ქართული ოცნების დეპუტატების უმრავლესობა, როგორც ჩანს, ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის ინიცირებულ ვარიანტს მიემხრობა.

ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ 150-წევრიანი პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13