- პუტინი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ხელს ართმევენ 24 ნოემბერს სოჭში მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ფოტო: კრემლი
რუსეთმა პირობა დადო, რომ 2015 წელს აფხაზეთს სულ ცოტა 9.2 მლრდ რუბლს (დაახლოებით 205.2 მლნ აშშ დოლარს) გამოუყოფს დახმარების სახით მას შემდეგ, რაც მოსკოვმა და სოხუმმა 24 ნოემბერს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულება, რომელსაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ სოჭში მოაწერეს ხელი, ითვალისწინებს კოლექტიურ თავდაცვას; ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას; „კოორდინირებული“ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და „საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის“ შექმნას. ხელშეკრულების თანახმად, აფხაზეთი, რომელიც პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით უკვე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მოსკოვზე, ასევე გაზრდის ხელფასებს მისი სამხედრო და სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის, სახელმწიფო სტრუტურების თანამშრომლებისთვის, ასევე გაიზრდება პენსიები რუსეთის სამხრეთ რეგიონში არსებულ ოდენობამდე.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებაში ასახულ მიზნებს „სერიოზული დაფინანსება“ ამყარებს.
„5 მილიარდი რუბლის [დაახლოებით 111.5 მლნ აშშ დოლარი] გამოყოფა იგეგმება აფხაზეთისთვის 2015 წელს ხელშეკრულების მიზნების განსახორციელებლად“, – განაცხადა პუტინმა.
ამ დაფინანსების გარდა, განაცხადა პუტინმა, რუსეთი ასევე აპირებს აფხაზეთისთვის ახალი „საინვესტიციო პროგრამის“ განხორციელებას 2015–2017 წლებისთვის, რომლის წლიური დაფინანსებაც 4 მლრდ რუბლზე მეტი იქნება (დაახლოებით 89.2 მლნ აშშ დოლარი). მისი თქმით, ამ საინვესტიციო პროგრამის გეგმა 25 ნოემბერს აფხაზეთ–რუსეთის სამთავრობოთაშორისი კომისიის შეხვედრაზე იქნება განხილული.
„ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მომავალი წლის დაფინანსება გაორმაგდება წლევანდელთან შედარებით და 9.2–9.3 მლრდ რუბლს მიაღწევს (დაახლოებით 205.3–207.5 მლნ აშშ დოლარს)“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ეს დაფინანსება აფხაზეთისთვის, რომლის მოსახლეობაც, სოხუმის ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 240 000–ს შეადგენს, საქართველოში მომავალი წელს დაგეგმილი მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლების 4.7%–ს შეადგენს.
ხელმოწერის შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში პუტინმა ასევე მიანიშნა რუსეთის სურვილზე, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები აფხაზეთის გავლით რკინიგზის შესაძლო აღდგენაზე, რომელიც რუსეთს საქართველოს და სომხეთს დაუკავშირებს. ერევანმა უკვე მრავალჯერ გამოხატა ინტერესი ამ რკინიგზის აღდგენის მიმართ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებს აფხაზეთის სადავო სტატუსის გამო.
„ამ მოლაპარაკებების დროს ჩვენ მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საკითხს“, – განაცხადა პუტინმა ხაჯიმბასთან მოლაპარაკებების შემდეგ.
„ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია ერთად ვიფიქროთ სხვა პარტნიორებთან ერთად და შეთანხმების შემთხვევაში განვახორციელოთ რკინიგზის პროექტი სოხუმის, თბილისის და შემდეგ სომხეთის მიმართულებით“, – განაცხადა პუტინმა.
„მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის პროექტების განხორციელება ნამდვილად შეუწყობს ხელს რეგიონის ყველა დაინტერესებულ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების პირობების შექმნას“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა ასევე განაცხადა აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულების შესახებ, რომ ის „უზრუნველყოფს აფხაზეთის უსაფრთხო არსებობას და ასევე უზრუნველყოფს მისი საზღვრების უსაფრთხოებას“.
„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთ–აფხაზეთის თანამშრომლობა, მოკავშირეობა, სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა პუტინმა.
ხაჯიმბა მიესალმა ხელშეკრულების ხელმოწერას და მას „მნიშვნელოვანი მოვლენა“ უწოდა „ჩვენს სახელმწიფოებს და ხალხებს შორის ურთიერთობებში“.
„ჩვენი ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე გადადის, რაც ითვალისწინებს მჭიდრო ურთიერთობებს რეგიონალური უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
„რუსეთი კვლავ ავლენს თავის ერთგულებას აფხაზეთთან თანასწორუფლებიან საფუძველზე თანამშრომლობის მიმართ, რაც საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მაგალითია“, – განაცხადა მან.
„ჩვენმა ხალხმა უკვე გააკეთა საკუთარი ისტორიული არჩევანი დიდი ხნის წინ რუსეთთან თანამშრომლობის და მოკავშირეობის გაძლიერების სასარგებლოდ თანასწორუფლებიან საფუძველზე. ეს შეესაბამება ჩვენს გრძელვადიან, სტრატეგიულ ინტერესებს და საფუძველს უყრის აფხაზეთის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შემდგომ გაძლიერებას“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
ერთი დღით ადრე აფხაზეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში, ხაჯიმბამ განაცხადა, რომ რუსეთი მეტ დახმარებას უწევს აფხაზეთს იმ წვლილის გამო, რომელიც მას რუსეთის სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოებაში შეაქვს.
აფხაზეთი რომ არა, განაცხადა ხაჯიმბამ, „ნატოს ჯარები უკვე რუსეთის სამხრეთის საზღვრებზე იდგებოდნენ“.
„ჩვენ ჩვენი თავიც დავიცავით და იმავდროულად, რუსეთის ინტერესებიც დავიცავით“, – განაცხადა სეპარატისტმა ლიდერმა.
რუსეთთან პარტნიორობის ხელშეკრულების „განახლების“ იდეა პირველად საჯაროდ აფხაზეთში მაისის ბოლოს გახმოვანდა აფხაზეთის მაშინდელ ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს და ოპოზიციას შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირების დროს. ეს ინიციატივა იმ ოპოზიციურმა მოძრაობამ გააჟღერა, რომელსაც ხაჯიმბა ხელმძღვანელობდა და რომელსაც იმ დროს სოხუმში პრეზიდენტის რეზიდენცია ჰქონდა აღებული.
მას შემდეგ, რაც ანქვაბი გადააყენეს, საარჩევნო კამპანიის დროს რაულ ხაჯიმბა რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობებისკენ მოუწოდებდა, თუმცა არა „ასოცირებული“ კავშირისკენ. სეპარატისტული რეგიონის ლიდერად არჩევიდან სამ დღეში ხაჯიმბა 27 აგვისტოს პუტინს შეხვდა ნოვო–ოგარიოვოს რეზიდენციაში, სადაც წლის ბოლომდე ახალი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე შეთანხმდნენ.
13 ოქტომბერს აფხაზურმა მხარემ საჯარო გახადა რუსეთის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტი „მოკავშირეობის და ინტეგრაციის“ შესახებ, რომელიც სოხუმში გააკრიტიკეს. ორი კვირის შემდეგ აფხაზურმა მხარემ ხელშეკრულების შეცვლილი ვერსია წარმოადგინა.
მართალია საბოლოო ტექსტი, რომელიც სეპარატისტული რეგიონის და რუსეთის მთავრობებმა 19 ნოემბერს და 20 ნოემბერს, შესაბამისად, ხელმოსაწერად დაამტკიცეს, აფხაზური წინადადებების უმეტესობას ასახავს, მაგრამ აფხაზური საზოგადოების ნაწილში კვლავ არსებობს წუხილები იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების შედეგად შესაძლოა რეგიონის შთანთქმა მოხდეს რუსეთის მიერ.
სოხუმში 24 ნოემბერს ხელშეკრულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე გამოსვლისას სეპარატისტული აფხაზეთის ვიცე–პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ განაცხადა ხელშეკრულების მოწინააღმდეგეების შეშფოთებაზე მინიშნებით: „როდესაც ამბობენ, რომ რუსეთი იმპერიაა, რომელსაც ჩვენი დაპყრობა სურს, მინდა გიპასუხოთ შემდეგი: იმპერია, რომელსაც ჩვენი დაპყრობა სურდა, საქართველოა. რუსეთს სხვა მიზნები აქვს, რომლებიც აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება“.
სოხუმში ასევე გაიმართა ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ მიერ ორგანიზებული პარალელური აქცია. „ამცახარას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აქციის მონაწილეებმა გამოხატეს „მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების მიმართ, რაც აისახა ხელმოწერილ ხელშეკრულებაში“. თუმცა ოპოზიციურმა პარტიამ გააკრიტიკა აფხაზეთის ხელმძღვანელობა იმის გამო, რომ მან ხელშეკრულების ტექსტი აფხაზეთის ყველა პოლიტიკურ ძალასთან სათანადო განხილვის გარეშე შეიმუშავა.