ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს „მნიშვნელოვანი საფრთხე“, რომ ინფლაციური მოლოდინები გადაიზარდოს ფასების ზრდაში, რაც უბიძგებს ეროვნულ ბანკს, რომ მომავალი კვირიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყოს, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 30 იანვარს.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 4%–ზე დატოვა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო შეხვედრაზე დეკემბერში.
„ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, ეტაპობრივი და იმ მოცულობის და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – განუცხადა ქადაგიძემ ჟურნალისტებს.
ლარმა, რომელიც სტაბილური იყო 2014 წლის ძირითადი პერიოდის განმავლობაში, ნოემბრის დასაწყისიდან დეკემბრის დასაწყისამდე პერიოდში თავისი ღირებულების 12%–ზე მეტი დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში. მართალია დეკემბრის ბოლოსთვის ლარი ოდნავ გამყარდა, მაგრამ ეროვნულმა ვალუტამ ისევ დაიწყო გაუფასურება და 1 იანვრის შემდეგ თავისი ღირებულების 9.3% დაკარგა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 2.0576 შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2004 წლის თებერვლის შემდეგ. ნოემბრის დასაწყისიდან ლარი 17.3%–ით დაეცა აშშ დოლართან მიმართებაში და 5.3%–ით ევროსთან მიმართებაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობასთან ინტერნსიური მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ „მომდევნო თვეებში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება ან დაბალანსებული, ან უკეთეს შემთხვევაში პროფიციტული“.
ქადაგიძემ ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული 5%–იანი პროგნოზის გადახედვა იქნება საჭირო შემცირების მიმართულებით „იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს არის ეკონომიკაში“.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებას უნდა მოყვეს „ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გადაგეგმვა“.
29 იანვარს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება გლობალური ფაქტორებითაა გამოწვეული და რეგიონის და მის ფარგლებს გარეთ არსებული სხვა ქვეყნების ვალუტებიც გაუფასურდა აშშ–დოლართან მიმართებაში.
„კურსის გაუფასურების გამო, ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობის მსოფლიო ფასები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა და „რუსთავი 2“ ცდილობენ აჟიოტაჟი შექმნან ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება „არავითარ ტვირთად არ აწევს საზოგადოებას“, რადგანაც მას ფასების ზრდა არ მოყოლია.
„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა; ლარი აჩვენებს, რომ ჯანმრთელი ორგანიზმია. რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში და მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ეს ასახვაც ჰპოვებს საქართველოზეც“, – განაცხადა ივანიშვილმა.