საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ კატეგორიულად უარყო მისი წინამორბედის ირაკლი ალასანიას ბრალდებები და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვის თაობაზე გრძელდება.
თავდაცვის მინისტრს, მინდია ჯანელიძეს, რომელიც არც ისე ხშირად ჩნდება მედიით, პარასკევს საღამოს ორჯერ მოუწია ტელევიზიით გამოსვლა და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემული ცალ-ცალკე ინტერვიუების დროს განაცხადა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება და რომ მოლაპარაკებები საფრანგეთთან იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით გრძელდება და მას თავისი ლოგიკური დასასრული ექნება. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკურმა „სპეკულაციამ“ ეს პროცესი გარკვეულწილად დააზიანა.
საფრანგეთის ელჩმა თბილისში, რენო სალენსმა 3 აპრილს განაცხადა, რომ ამ საკითხზე „განხილვები“ გრძელდება.
ალასანიას ბრალდებები
3 აპრილს პრესკონფერენციაზე საუბრისას, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მთავრობამ უარი თქვა თავდაპირველ შეთანხმებაზე – შესასრულებლად არასავალდებულო ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც მან საფრანგეთში ხუთი თვის წინ მინისტრობიდან გათავისუფლებამდე შეათანხმა და რომელიც ქვეყნისთვის საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შესაძლებლობას ქმნიდა.
ბრალდება იმის თაობაზე, რომ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ალასანიას მითითება მისცა, რომ ხელი არ მოეწერა საფრანგეთში ურთიერთგაგების მემორანდუმისთვის, ალასანიას გათავისუფლებიდან ცოტა ხანში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის ერთი მოქმედი და ოთხი ყოფილი თანამშრომლის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებაში 28 ოქტომბერს ხელისუფლება დაადანაშაულა.
მას შემდეგ ეს საკითხი დროდადრო წამოიწევდა პოლიტიკურ დებატებში და „თავისუფალ დემოკრატებს“ და ხელისუფლებას შორის ურთიერთბრალდებების წყარო იყო. ქართული ოცნების დეპუტატები და პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი თავიანთ ყოფილ თანაგუნდელს, ირაკლი ალასანიას სენსიტიური თავდაცვითი საკითხებით „სპეკულირების“ გზით სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაში სდებდნენ ბრალს.
ალასანია აცხადებს, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს ის, რომ ვერ მოხდა მარტის ბოლოსთვის შეთანხმების გაფორმება, რაც, მისი თქმით, იმ შესასრულებლად არასავალდებულო ურთიერთგაგების მემორანდუმით იყო გათვალისწინებული, რომელსაც მან პარიზში ოქტომბრის ბოლოს მაინც მოაწერა ხელი, იმის მიუხედავად, რომ ბოლო წუთში თბილისიდან მითითებები მიიღო, რომ ეს არ გაეკეთებინა.
3 აპრილს პრესკონფერენციაზე საუბრისას და შემდეგ იმავე დღეს მოგვიანებით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავება იმ დროს, როდესაც ის ოქტომბრის ბოლოს პარიზს სტუმრობდა, მასზე ზეწოლის მოხდენას ისახავდა მიზნად, რათა მას მემორანდუმის ხელმოწერა გადაეფიქრებინა.
„თუკი ისტორია რამის მასწავლებელია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ერთი ჭეშმარიტება, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, არის ის, რომ თუკი ჩვენ გვინდა თავიდან ავიცილოთ ომი, ყველაზე დიდი ძალა ომის თავიდან აცილების არის იყო მზად ომისთვის, იყო მზად შენი მშვიდობის დაცვისთვის... ამას სჭირდება თავდაცვითი შესაძლებლობები“, – განაცხადა ალასანიამ პრესკონფერენციაზე, „სწორედ ასეთი ერთ–ერთი ფუნდამენტალური შესაძლებლობის შეძენაზე უარი ათქმევინა საქართველოს ბატონმა ღარიბაშვილმა და ბატონმა ივანიშვილმა იმიტომ, რომ მათ არასდროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და მათ არასდროს გულწრფელი სოლიდარობა არ ჰქონიათ საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან და ჩვენი ქვეყნის ჯართან“.
ალასანიას თქმით, მაღალი დონის პოლიტიკური გადაწყვეტილება საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების შესყიდვაზე შეთანხმების დადების თაობაზე მაისში მაშინ იქნა მიღწეული, როცა თბილისს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სტუმრობდა.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იარაღის ფაქტიური ემბარგოს დასასრულის მანიშნებელი იქნებოდა. საქართველოს დასავლელი პარტნიორები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თავს იკავებდნენ თბილისისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვაზე.
ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ შესაბამისი წინადადებები მთავრობამ მოამზადა და დაამტკიცა და მას უფლებამოსილება მიენიჭა, რომ ოქტომბრის ბოლოს პარიზში ვიზიტის დროს საფრანგეთის მხარესთან წინასწარი შეთანხმებისთვის – ურთიერთგაგების მემორანდუმისთვის მოეწერა ხელი.
მისი თქმით, საქართველოს მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შემთხვევაში, „ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ყველა სახის ბომბდამშენი, ვერტმფრენი იქნებოდა ჩვენს საჰაერო სივრცეში, პრაქტიკულად, შემოსვლის გარეშე, სრულ კონტროლს ავიღებდით ჩვენს საჰაერო სუვერენიტეტზე და გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 2008 წლის აგვისტოს ომში ნათლად დადასტურდა ეს საფრთხე, ჩვენ მოგვეცემოდა შესაძლებლობა გავმკლავებულიყავით ისეთ საფრთხესთან, როგორიც არის საშუალო და მოკლე სიშორის ბალისტიკური იარაღები, როგორიც არის ე.წ. ისკანდერი და ასევე სხვა სარაკეტო მოწყობილობები, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ამ 20 წლის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა მოწინააღმდეგემ“.
მისი თქმით, ასევე იგეგმებოდა ქართველი სამხედროების მომზადება ამ სისტემის ასათვისებლად. მართალია ალასანიამ არ დააკონკრეტა, თუ სისტემის ზუსტად რომელ სახეობაზეა საუბარი, მაგრამ სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მის მიერ სისტემის აღწერილობა ყველაზე მეტად Aster 30-ს შეესაბამება.
„ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მხარე ამ შეთანხმებისა არის ის, რომ საქართველოს ბიუჯეტს ეს არ დააწვებოდა მძიმედ. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება და შეთანხმება მიღწეული იმაზე, რომ გადახდას ჩვენი ქვეყანა დაიწყებდა მას შემდეგ, რაც მოხდებოდა სრულად მონტაჟი ამ საჰაერო თავდაცვის სისტემის და ეს ჩვენს ქვეყანას გრძელვადიანი სესხის აღების შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი დაუჯდებოდა ყოველ წელიწადს“, – განაცხადა მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
თუმცა, ალასანიას თქმით, დაგეგმილი ხელმოწერის წინა დღეს, 27 ოქტომბერს მას მინდია ჯანელიძემ დაურეკა, რომელიც იმ დროს პრემიერ–მინისტრთან არსებული უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იყო, და გადასცა პრემიერ–მინისტრის მითითება, რომ არ მოეწერა ხელი მემორანდუმისთვის.
ალასანია აცხადებს, რომ მემორანდუმის ხელმოწერა წინასწარ იყო შეთანხმებული პრემიერ–მინისტრთან და მთელ მთავრობასთან და ბოლო წუთს გაკეთებული ამ მითითების ყველაზე სავარაუდო ახსნა შესაძლოა იყოს ბრძანება „არაფორმალური მმართველისგან“ – მას მხედველობაში ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყავდა. ალასანიამ განაცხადა, რომ ჯანელიძე, რომელიც პირადად უჭერდა მხარს ამ გარიგებას, როდესაც ის უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოში განიხილებოდა, მხოლოდ „კომუნიკატორის როლს ასრულებდა“ და რომ გადაწყვეტილება ფაქტობრივად ივანიშვილმა მიიღო. მან ასევე ივარაუდა, რომ შეთანხმების დაბლოკვის ფაქტორი სავარაუდოდ რუსეთის წინააღმდეგობა იყო, რომ საქართველომ თავდაცვითი შესაძლებლობები შეიძინოს.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, მან უარი თქვა, რომ „ამ არასწორ უკანონო მითითებას“ დამორჩილებოდა.
„ჩემთვის ეს იყო არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი, ჩემთვის ეს იყო ნიშანი, რომ საქართველოს ეს შესაძლებლობა, რომელიც მიეცა მრავალწლიანი ემბარგოს მერე, ხელიდან იქნებოდა გაშვებული“, – განაცხადა ალასანიამ.
მემორანდუმის ხელმოწერამდე, ალასანიას თქმით, მან თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლების დაკავების შესახებ შეიტყო. მისი თქმით, ამ დაპატიმრებით ხელისუფლება მასზე ზეწოლას შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო ალასანიას გადარწმუნება, რომ არ მოეწერა ხელი მემორანდუმზე.
მისი თქმით, ვინაიდან მას საქმის ყველა დეტალის განხილვა საჯაროდ არ შეუძლია, „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატები პარლამენტს დროებითი კომისიის შექმნის თხოვნით მიმართავენ, რომელსაც ექნება წვდომა გრიფით საიდუმლო ინფორმაციაზე, საკითხის ყველა გარემოების შესწავლის მიზნით.
„დროებითი კომისია შეისწავლის რა პირობებში, როგორ დაიდო ეს მემორანდუმი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან და რა დააკლდა ჩვენს ქვეყანას იმით, რომ 6 თვის ამოწურვის შემდეგ არ არის გაფორმებული ეს შეთანხმება“, – განაცხადა ალასანიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის ახლა დარწმუნებულია, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენაზე შეთანხმების დადება შეუძლებელი იქნება.
თავდაცვის მინისტრის პასუხი
3 აპრილს საღამოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუებში თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ უარყო მისი წინამორბედის ბრალდებები და მათ „აბსურდული“ და „უპასუხისმგებლო“ უწოდა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ჯანელიძის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის თაობაზე „კონსულტაციები“, რაც, მისი თქმით, „ერთ–ერთი პრიორიტეტია“, კვლავ მიმდინარეობს საფრანგეთის მხარესთან.
მან ასევე განაცხადა, რომ ეს განხილვის ერთ–ერთი თემა იყო, როდესაც ის თავის ფრანგ კოლეგას ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა პარიზში მარტის ბოლოს.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან წარმატებით და შესაბამისად, შედეგებიც იქნება წარმატებული, როგორიც ჩვენ ყველას გვინდა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, „თუმცა, მე აქვე მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენი პარტნიორები გამოხატავენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ არის უამრავი მითქმა–მოთქმა, უამრავი ჭორი და მართალი ამ საკითხის გარშემო, რამაც დააზიანა გარკვეულწილად ჩვენი ინტერესები; შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრებათ იმ პირებს, ვისაც მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, კვლავ აგრძელებს ამ საკითხზე სპეკულაციას“.
მან დაადასტურა ოქტომბრის ბოლოს ალასანიასთან შემდგარი სატელეფონო საუბარი.
ალასანიას განცხადებების საპირისპიროდ, ჯანელიძე აცხადებს, რომ მაშინდელ თავდაცვის მინისტრს არ გააჩნდა უფლებამოსილება, რომ მემორანდუმისთვის მოეწერა ხელი, რადგანაც მას მთავრობისგან საბოლოო დასტური არ ჰქონია.
ჯანელიძის თქმით, მან უთხრა ალასანიას, რომ გადაედო ხელმოწერა მთავრობისგან საბოლოო დასტურის მიღებამდე. ის უარყოფს იმ ფაქტს, რომ ალასანიას ხელმოწერაზე საერთოდ უარის თქმა სთხოვა.
„ამ ზარის განხორციელების მიზეზი იყო, რომ მას გადაედო გარკვეული პერიოდით ამ მემორანდუმზე ხელმოწერა იმისათვის, რომ ჯერ ეს პროცედურები ყოფილიყო დაცული. ახლა უნდა წარმოაჩინოს ეს ზარი, თითქოს ვინმე ეწინააღმდეგება რაღაც კარგის გაკეთებას ქვეყნის თავდაცვისთვის. ეს არის სრული აბსურდი, უპასუხისმგებლო განცხადება. ჩვენ ყველა მოწადინებული ვიყავით მაშინაც და ახლაც ვრჩებით და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები გაიზარდოს, თუმცა ამას აქვს თავისი წესი და რიგი და ისინი უნდა დავიცვათ თითოეულმა ჩვენგანმა“, – განაცხადა ჯანელიძემ.
„მას [ალასანიას] მიეცა მითითება, რომ კორექტირება განეხორციელებინა, რაც მას არ განუხორციელებია. პროცედურების დაცვაში ვგულისხმობ იმას, რომ მას საბოლოო წინადადება უნდა შეეთანხმებინა საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმის ხელმოწერამდე“, – განაცხადა ჯანელიძემ დეტალების დაკონკრეტების გარეშე და დასძინა, რომ ამ საკითხს გრიფი საიდუმლო ადევს.
თავის სატელევიზიო ინტერვიუებში ჯანელიძემ ასევე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენისკენ მიმართული ძალისხმევა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო და ამჟამინდელი ხელისუფლების დროს „გადამწყვეტ ფაზაში შევიდა“.
„ეს კონსულტაციები გრძელდება, კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკით და შინაარსით არის მიმდინარე ეტაპზე დატვირთული“, – განაცხადა ჯანელიძემ.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ წინ მივიწევთ. არაფერი არ ჩაშლილა. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავონ არაფრის მომტანი, უპასუხისმგებლო განცხადებებისგან“, – განაცხადა ჯანელიძემ.
ალასანიას განცხადებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ჯანელიძეს და თბილისში საფრანგეთის ელჩს, რენო სალენსს შორის გამართული შეხვედრის შესახებ.
ვიდეო ჩანაწერში, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, საფრანგეთის ელჩი აცხადებს: „გარკვეული განხილვები საქართველოს მთავრობას და ზოგიერთ ფრანგ მეწარმეს შორის შარშან დაიწყო ჩვენი თავდაცვითი თანამშრომლობის ნორმალურ ფარგლებში. მე ხაზს ვუსვამ ტერმინ „განხილვას“, რადგანაც ქართულ მხარეს რაიმე სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტისთვის – შეთანხმებისთვის, ხელშეკრულებისთვის, რაიმე ვალდებულებისთვის ხელი არ მოუწერია. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შემიძლია, არის ის, რომ შარშან დაწყებული განხილვები გრძელდება“.
ურთიერთგაგების მემორანდუმი რომელიმე მხარისთვის რაიმე სავალდებულოდ შესასრულებელ პირობას არ ითვალისწინებს.
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გააკეთა მოკლე კომენტარი სადავო საკითხთან დაკავშირებით და განუცხადა ჟურნალისტებს 3 აპრილს, რომ ალასანიას ბრალდებები „უპასუხისმგებლოა“.
„ეს არის ტყუილი და ძალიან ვწუხვარ, რომ სახელმწიფოებრივი საკითხებით ხდება სპეკულირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.