Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მარგველაშვილი საარჩევნო სისტემის რეფორმაზე კონფერენციას გეგმავს
Civil Georgia, Tbilisi / 29 აპრ.'15 / 12:15

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონფერენციის მოწყობას გეგმავს პოლიტიკური პარტიების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით საარჩევნო სისტემის რეფორმის განხილვის მიზნით, რომლის დროსაც სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის ცვლილებაზე გამახვილდება ყურადღება. 

ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გააკეთა, რაც მარგველაშვილი 28 აპრილს არასაპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია, მათ შორის ახალი მემარჯვენეები და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო, უკვე თვეებია ერთობლივ კამპანიას ახორციელებს საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის რეფორმირების მოთხოვნით.

მარგველაშვილი ამ საკითხს გასულ თვეს პარლამენტში თავისი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას შეეხო და განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის არსებული მაჟორიტარული კომპონენტი უნდა „შეიცვალოს“.

პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხზე მისმა ადმინისტრაციამ 28 აპრილს გავრცელებულ პრესრელიზში დააზუსტა და აღნიშნა, რომ „საქართველოს პრეზიდენტი იზიარებს პოზიციას მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით შეცვლის შესახებ“, რაც იმას ნიშნავს, რომ მარგველაშვილი პარლამენტის პროპორციული სისტემით არჩევის მომხრეა.

პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელსაც კონსტიტუციით პრემიერ–მინისტრზე ნაკლები უფლებამოსილება გააჩნია, განაცხადა, რომ ახალმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს „ პლურალისტური პოლიტიკური გარემოს“ შექმნა.

საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს, სადაც 73 დეპუტატი 150–წევრიან პარლამენტში მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული სისტემით ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.

ერთმანდატიანი ოლქები ერთმანეთისგან ამომრჩეველთა რაოდენობით განსხვავდებიან  – ყველაზე დიდ ოლქში 150 000 ამომრჩეველია, ხოლო უმცირეს ოლქში 6 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები უკვე რამდენჯერმე შეეხნენ ამ საკითხს თავიანთ ანგარიშებში და აღნიშნავენ, რომ ოლქებს შორის ეს შეუსაბამობა  ხმის მიცემის თანასწორობის პრინციპს არღვევს.

მოქმედი სისტემის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს პოტენციურად იწვევს ადგილების ისეთ  გადანაწილებას პარლამენტში, რაც შეიძლება განსხვავდებოდეს პროპორციული სიით მიღებული შედეგებისგან.

სხვაობა ადგილების გადანაწილებას და პროპორციული წესით მიღებულ ხმებს შორის აშკარა იყო წინა პარლამენტში, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ადგილების 79% ეკავა, თუმცა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 59%–ზე ოდნავ მეტი მიიღო. ეს იმიტომ მოხდა, რომ მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყნის მასშტაბით, ოთხის გარდა, ყველა ერთმანდატიან ოლქში მოიგო არჩევნები.

თუმცა, ეს ასე არ მოხდა 2012 წლის არჩევნების დროს, როდესაც კოალიცია ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მიერ მოგებული მანდატები, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემებით, ძირითადად, შეესაბამებოდა ხმების იმ რაოდენობას, რომელიც მათ პროპორციული სისტემით მიიღეს.

თუმცა, შეუსაბამობა აშკარა იყო 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს თბილისის საკრებულოში, სადაც ანალოგიური სისტემა გამოიყენება, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ ხმების 46% მიიღო პარტიული სიით, მან თბილისის საკრებულოში ადგილების 74% მოიპოვა, ვინაიდან ერთის გარდა, დედაქალაქის ყველა ერთმანდატიან ოლქში გაიმარჯვა.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება, რასაც სულ ცოტა 113 დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი ორ თანმიმდევრულ სესიაზე; თუ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება და მისი შეცვლა გადაწყდება, მაშინ ამისთვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაც საკმარისია.

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა, რომელიც რეფორმის მისაღწევად კამპანიას ახორციელებს, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მხარდაჭერა მოიპოვა, რომელიც მარტში რეფორმის მხარდამჭერ მემორანდუმს შეუერთდა. უსუფაშვილმა, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერია, განაცხადა მაშინ, რომ ის, როგორც „ერთი კონკრეტული მოქალაქე და პარლამენტის წევრი“, უერთდება საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე მემორანდუმს, რადგან იზიარებს მის იმ პრინციპებს, რომლებსაც რეფორმა უნდა დაეფუძნოს. ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს, კოალიციის უმსხვილესი პარტიის პოზიცია ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21