Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფორმირება აგვისტოდან იგეგმება
Civil Georgia, Tbilisi / 4 ივნ.'15 / 18:35

 შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფორმირება მიმდინარე წლის აგვისტოდან იგეგმება, ნათქვამია მთავრობის მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებთა პაკეტში, რომლის განხილვებიც პარლამენტმა უკვე დაიწყო.

რეფორმის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამჟამად შსს-ის სტრუქტურაში შემავალი შემდეგი დანაყოფები გაერთიანდებიან: კონტრტერორისტული ცენტრი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო  ე.წ. სუს-ი, რომლის სახელწოდებაც შესაძლოა შეიცვალოს, ანტიკორუფციული სააგენტო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი- ამ უკანასკნელს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ევალება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ 4 ივნისს საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო საქმეთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე წარდგენისას რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ფარული მოსმენების ფუნქციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განახორციელებს.

დანარჩენი დანაყოფები, რომელთაც პოლიციური, კერძოდ კი საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციები აკისრიათ, მათ შორის კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია და მომსახურების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩებიან.

შსს-სგან განსხვავებით, რომელიც მთავრობის შემადგენელ ნაწილად რჩება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება, რომლისთვისაც ერთ-ერთ სახელმძღვანელო პრინციპად კანონპროექტი „პოლიტიკურ ნეიტრალობას“ განსაზღვრავს.

ამ ახალი უწყების ხელმძღვანელს, კანონპროექტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი შეარჩევს და შესთავაზებს მთავრობას, რომელიც მოწონების შემთხვევაში, კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად. საკანონმდებლო ორგანო წარდგენიდან მაქსიმუმ 14 დღეში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით ამტკიცებს  თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, რომლის უფლებამოსილების ვადა  6 წელს შეადგენს.

იზორიას განცხადებით, 6 წელი საგანგებოდ იქნა შერჩეული, რათა სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადა არ დაუკავშირდეს პარლამენტის არჩევის 4 -წლიან ციკლს. ამასთან, სამსახურის უფროსს ზედიზედ ორჯერ ამ თანამდებობის დაკავება აკრძალული ექნება.

იზორიამ სამსახურის უფროსის შერჩევის უფრო გამჭირვალე მექანიზმების შემოღების თაობაზე არასამთავრობო სექტორიდან წამოსული წინადადებების საპასუხოდ განაცხადა, რომ შესაძლოა კანონმდებლობით გაიწეროს მაგალითად ისეთი პროფესიული კრიტერიუმები, როგორიც არის სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება და ასაკობრივი ცენზი, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავრობასთან ერთად ასევე იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტთან, რომელსაც სამსახურის უფროსმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინოს.

ამასთან, პარლამენტს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დანიშვნასთან ერთად მისთვის უნდობლობის გამოცხადების ბერკეტიც მიეცემა; ეს მექანიზმი პარლამენტის რეგლამენტით დარეგულირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოქმედება 2015 წლის აგვისტოდან არის კანონპროექტით გათვალისწინებული, თუმცა მის გარდამავალ დებულებებში ისიც წერია, რომ პარლამენტის მიერ სამსახურის პირველი ხელმძღვანელის არჩევამდე, პრემიერ-მინისტრს შეეძლება დანიშნოს სამსახურის უფროსის და მისი მოადგილეების დროებითი მოვალეობის შემსრულებლები, რომლებსაც უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის მიერ სამსახურის უფროსის არჩევისთანავე შეუწყდებათ.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, კანონპროექტის განმართებით ბარათში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 2015 წლის ბოლომდე 36 743 994 ლარით განისაზღვრება და ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების ასახვამდე, ეს თანხები შსს-ის დაფინანსებიდან გამოიყოფა, რომელიც მიმდინარე წელს 638.7 მლნ ლარს შეადგენს.

ლევან იზორიას განცხადებით, წინასწარი გათვლებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელსაც როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარების, ისე საგამოძიებო ფუნქციებიც ექნება, მთლიანობაში 4 ათასი თანამშრომელი იმუშავებს.

ცალკეული დეპუტატებისა და ასევე არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმული შიშების საპასუხოდ იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოხდეს შსს-ის გაყოფის შემდეგ ორ უწყებას შორის ფუნქციების დუბლირება და კანონში მკაფიო ჩანაწერები გაკეთდეს ამ კუთხით, იზორიამ განაცხადა, რომ განხილვების ფარგლებში ინიციატორი მზადაა გაითვალისწინოს გამოთქმული შენიშვნები, რათა დებულებები, რომლებიც ინტერპრეტაციის საშუალებას ტოვებს, დაზუსტდეს.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმის დასაწყისია და შსს-ს გაყოფას შემდგომი ინსტიტუციონალური ცვლილებები მოყვება.

მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის გეგმები, რაც ასევე იყო ქართული ოცნების  მმართველი კოალიციის  წინასაარჩევნო დაპირება, დეკემბერში დააანონსა და ამ მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელმაც შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რაც პარლამენტს 21 მაისს წარედგინა.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მიესალმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული „ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაციის“ პროცესს, თუმცა 28 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ „საკანონმდებლო პაკეტით მოცული რიგი საკითხები გადამუშავებას საჭიროებს, რათა მასში ჩაიდოს უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფის მყარი ინსტიტუციური გარანტიები“.

უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიზირების საფრთხეზე მითითებასთან ერთად,  კოალიციამ გამოთქმულ შენიშვნებს შორის ასევე მოუწოდა, რომ უსაფრთხოების სამსახურს არ გააჩნდეს ისეთი „კლასიკური საპოლიციო უფლებამოსილებანი“, როგორიცაა გამოძიება და დაპატიმრება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19