შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა პანკისის მკვიდრი და მისი სამი თანამზრახველი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სოფელ გომბორის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული აიუფ ბორჩაშვილი "სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია საქართველოში".
„იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მათ სირიაში გამგზავრებას უზრუნველყოფდა“, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
ბორჩაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ წაყენებულ ბრალდებები უსაფუძვლოა.
„ჩვენ ოფიციალურად დაველოდებით ბრალის წარდგენას“, - განუცხადა მან Civil.ge-ს ორშაბათს, „რეალურად არანაირი საფუძველი არ უდევს ამ ბრალდებას. ის, რომ გარკვეული კავშირები ქონდა ამას, არავინ არ უარყოფს, მაგრამ ის, რომ აგროვებდა ტერორისტულ დაჯგუფებებისთვის ადამიანებს, ეს არის სრული აბსურდი და ამას, რა თქმა უნდა, უარვყოფთ“.
გამოძიების ინფორმაციით, ბორჩაშვილმა „თავისი თანამზრახველების დახმარებით, სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის, ინტერნეტ საიტების და სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფების გამოყენებით გადაიბირა პანკისის ხეობაში მცხოვრები, არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი“, რომლებმაც საქართველო აპრილში დატოვეს თურქეთის გავლით, საიდანაც სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად გადავიდნენ.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აიუფ ბორჩაშვილმა და მისმა თანამზარხველებმა მოახდინეს იდეოლოგიური ზემოქმედება საქართველოს სხვა მოქალაქეებზე, რომლებიც ვაჰაბიზმის მიმდევრები გახდნენ“, - აცხადებს შსს.
სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პირი, რომელსაც თურქეთის მიმართულებით ბილეთები ჰქონდა შეძენილი და ბორჩაშვილის „დახმარებითა და ორგანიზებით სირიაში გადასასვლელად ემზადებოდა“, თბილისში დააკავეს. კიდევ ორი პირი კი თბილისის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს იქნა დაკავებული თურქეთში გამგზავრების წინ, საიდანაც ისინი, ბორჩაშვილის „ორგანიზებით“ სირიაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად უნდა გადასულიყვნენ.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 327-ე პრიმა მუხლით, რაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირებისთვის ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ასევე 328-ე მუხლით, რომელიც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ეხება და რაც ათიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელიც უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ დანაშაულთა წრეს აფართოებს და მის ერთ-ერთ მიზანს "ისლამურ სახელმწიფოში" საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის პრევენცია წარმოადგენს, პარლამენტმა 12 ივნისს მიიღო, თუმცა ახალი რეგულაციები ჯერ ძალაში არ შესულა.