Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
Civil Georgia, Tbilisi / 18 ივნ.'15 / 15:13

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხშაბათს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა აიუფ ბორჩაშვილს, რომელიც 14 ივნისს „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებებით დააკავეს.

წინასწარი პატიმრობა ასევე შეეფარდა კიდევ სამ ადამიანს, რომლებიც, პროკურატურის თქმით, ბორჩაშვილმა გადაიბირა და რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებისთვის თურქეთის გავლით სირიაში მიემგზავრებოდნენ.

ეს სამი მამაკაცია: 18 წლის დავით ფირისებია, 21 წლის გიორგი კუპრავა და 23 წლის გიორგი ხუტუნიშვილი – ყველა მათგანი თბილისში ცხოვრობს.

ბორჩაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრულია 327-ე პრიმა მუხლით, რაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირებისთვის ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ასევე 328-ე მუხლით, რომელიც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ეხება და რაც ათიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.  ბორჩაშვილი სოფელ გომბორში დააკავეს.

დანარჩენი სამი პირის წინააღმდეგ 328–ე მუხლით არის საქმე აღძრული. 

ორი მათგანი თბილისის აეროპორტში დააკავეს თურქეთში გამგზავრებამდე, ხოლო მესამე ცალკე აიყვანეს დედაქალაქში.

ოთხივე პირი უარყოფს მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს.

35 წლის აიუფ ბორჩაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოდან არის; ეს სოფელი ძირითადად ქისტებითაა დასახლებული.

ბორჩაშვილი, რომელიც საკუთარ თავს სოფელ ჯოყოლოს იმამს უწოდებს, გავლენიანი ფიგურაა ადგილობრივ სალაფ მუსლიმებს შორის, რომელთაც „ვაჰაბისტებად“  მოიხსენიებს ქართული მედია და პანკისელთა ის ნაწილი, რომელიც სუფიზმის მიმდევარია. 

თბილისში 17 ივნისს გამართული სასამართლო სხდომის დროს, სადაც პროკურატურის შუამდგომლობას იხილავდნენ წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ბორჩაშვილმა აპრილის დასაწყისში ასევე გადაიბირა და თურქეთის გავლით სირიაში გაგზავნა  სკოლის ორი მოსწავლე ბიჭი, რომელთაგანაც ერთი 16 წლისაა. მართალია ახალგაზრდების რადიკალიზაცია პანკისისთვის ახალი ტენდენცია არაა, მაგრამ ეს საკითხი აპრილში იმიტომ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რომ  მასში არასრულწლოვანი ფიგურირებდა. 

სამართალდამცავი სტრუქტურები აცხადებენ, რომ ბორჩაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ჯგუფის „წარმომადგენელია“ საქართველოში.

ამ ეტაპზე პროკურატურის საქმის მასალები მოიცავს 70–მდე მოწმის ჩვენებებს – ერთ–ერთი მათგანი, რომელიც მთავარ მოწმედაა მიჩნეული და რომელიც ბორჩაშვილს არასრულწლოვანი ბიჭის სირიაში გაგზავნასთან აკავშირებს, მოწმეთა დაცვის პროგრამაშია ჩასმული. ბრალდების მხარემ მტკიცებულების ნაწილი გაასაიდუმლოვა.

ბრალდების მხარემ უთხრა მოსამართლეს, რომ ბორჩაშვილი რამდენჯერმე ეწვია თურქეთს და მათ მიაჩნიათ, რომ იქიდან ის სირიაშიც გაემგზავრა.

ბორჩაშვილმა განუცხადა მოსამართლეს, რომ ის თურქეთს რამდენჯერმე სტუმრობდა  სხვადასხვა საქმის გამო, მათ შორის „რელიგიური“ მიზნით და იქ „მუსლიმი ძმების“ დახმარებით დარჩა.

დანარჩენმა სამმა პირმა უთხრა მოსამართლეს, რომ ისინი სირიაში გამგზავრებისთვის არ გეგმავდნენ თურქეთში ჩასვლას, არამედ რელიგიური სწავლებისთვის, რომელიც მათ „უფასოდ“ შესთავაზა ერთ–ერთმა უცნობმა ორგანიზაციამ. მათ განაცხადეს, რომ საკუთარი ფულით შეიძინეს თურქეთის ბილეთები ერთი მიმართულებით.

მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ მოწოდებული ინფორმაცია და ფაქტები საკმარისია „დასაბუთებული ვარაუდისათვის ოთხივე ბრალდებულის მიერ დანაშაულის შესაძლო  ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით“.

„თვითონ ის გარემოება, რომ არასრულწლოვანმა შეძლო ქვეყნის ოფიციალური გზების გადაკვეთა, მიანიშნებს იმ ფართო შესაძლებლობებზე, რომ პასპორტების ჩამორთმევის შემთხვევაშიც კი არსებობს რისკი, რომ ამ ადამიანებმა დატოვონ საქართველო. ეს მიმალვის საფრთხეს რაც შეეხება“, – განაცხადა მან.

მოსამართლემ ასევე მხარი დაუჭირა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილებას, რათა არ მოხდეს მოწმეებზე შესაძლო ზეწოლა. მისი თქმით, საქმის მასალებში მოცემული ყველა მოწმის ჩვენებას ერთი საერთო მახასიათებელი აქვს - „სიმართლე არ უთხრან გამოძიებას“.

„ყველამ ყველაფერი იცის, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა მე, ოღონდ არავინ არაფერს არ ამბობს. მითუმეტეს ასეთ ფონზე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულების იზოლირება მოხდეს მოცემულ საქმეზე, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებს  არ დაემუქროს საფრთხე და მოსაპოვებელ მტკიცებულებებს არ შეექმნათ საფრთხე“, – განაცხადა მოსამართლემ.

ბორჩაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ საქმე „დაუსაბუთებელ ვარაუდებს“ ეფუძნება და მისი კლიენტისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საჭიროება არ არსებობდა. მან ასევე უარყო მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის არგუმენტი და აღნიშნა, რომ 70 მოწმიდან მხოლოდ ერთი იყო პირდაპირი მოწმე და ისიც მოწმეთა დაცვის პროგრამაში იყო ჩართული. ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

საქმის წინასწარი მოსმენა 5 აგვისტოს გაიმართება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26