საქართველოს მთავრობას მეტწილად შესწევს უნარი დაუპირისპირდეს ტერორიზმს და ასევე „აქტიურ“ თანამშრომლობას განაგრძობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში, მაგრამ კვლავაც არსებობს „წუხილები“ იმის თაობაზე, რომ საქართველო გამოიყენება საერთაშორისო ტერორიზმისთვის როგორც წყაროდ, ისე სატრანზიტო ქვეყნად, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ყოველწლიურ ანგარიშში ტერორიზმის შესახებ.
მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანგარიში აცხადებს, რომ 50–დან 100–მდე საქართველოს მოქალაქე პანკისის ხეობიდან და აჭარიდან იბრძოდა სირიასა და ერაყში ან ალ–ქაედას მხარეს ან „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებაში. ამ მებრძოლებს შორისაა პანკისის მკვიდრი, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი მეთაური თარხან ბათირაშვილი, რომელიც ომარ ალ–შიშანის სახელითაა ცნობილი.
„საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მოძალადე ისლამისტი ექსტრემისტები კვლავ იყენებდნენ ქვეყანას რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიასა და სირია-ერაყს შორის სამოძრაოდ“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც 2014 წელს მსოფლიოს მასშტაბით ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა 35%–ით გაიზარდა, ხოლო წინა წელთან შედარებით მსხვერპლმა 81%–ით იმატა.
14 ივნისს შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა პანკისის მკვიდრი აიუფ ბორჩაშვილი „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებებით დააკავეს. ბორჩაშვილი, რომელიც საკუთარ თავს სოფელ ჯოყოლოს იმამს უწოდებს, გავლენიანი ფიგურაა ადგილობრივ სალაფ მუსლიმებს შორის. იმავდროულად თბილისში დააკევეს სამი პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, ბორჩაშვილმა გადაიბირა. 17 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბორჩაშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები წაუყენეს, რომლებიც კანონმდებლობას შარშან დაემატა და რომელთა შორის, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის პირის გადაბირებაც შედის.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შარშან საქართველომ „გააფართოვა“ კონტრტერორისტული კანონმდებლობა მოიყვანა რა „საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში“ და „უფრო ზუსტი გახადა სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით გამოყენებისთვის“.
12 ივნისს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც აფართოებს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან დაკავშირებულ დანაშაულთა წრეს. ამასთან, კანონპროექტი ტერორისტული მიზნებით საზღვრის კვეთის კრიმინალიზებასაც ახდენს.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ბორჩაშვილმა აპრილის დასაწყისში ასევე გადაიბირა და თურქეთის გავლით სირიაში გაგზავნა ორი მოსწავლე ბიჭი, რომელთაგანაც ერთი 16 წლისაა. მართალია ახალგაზრდების რადიკალიზაცია პანკისისთვის ახალი ტენდენცია არაა, მაგრამ ეს საკითხი აპრილში იმიტომ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რომ მასში არასრულწლოვანი ფიგურირებდა.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც ხაზს უსვამს, რომ საქართველო „კვლავ დარჩა აშშ–ის ძლიერ პარტნიორად კონტრტერორიზმის კუთხით“, ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანამ მოწყვლად მოსახლეობაში რადიკალიზაციის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა გაზარდა.
თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მეტი ფოკუსირება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება, ადგილზე სამართალდამცავების მუდმივი ყოფნა, პენიტენციალური სისტემის რეფორმა და მუსლიმ თემებთან კავშირის დამყარება, „გააძლიერებს მთავრობის შესაძლებლობას, რომ სარისკო პირები გამოავლინოს და ალტერნატიული შესაძლებლობები შესთავაზოს მათ“.
„მუსლიმი ახალგაზრდობის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, რომ ქართულის გარდა სხვა ენებზეც ჩააბარონ გამოცდები, და მთავრობა ასევე ცდილობს, რომ უკეთესი რეკლამირება გაუწიოს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს და სტიპენდიებს მოწყვლადი მოსახლეობისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტი ასევე აცხადებს, რომ „ზოგადად, საქართველოს მთავრობას ძირითადად შესწევს უნარი, რომ ტერორიზმის ინციდენტები გამოავლინოს, შეაჩეროს და მათზე რეაგირება მოახდინოს“.
„ისლამურ სახელმწიფოში“ მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა უცნობია; ზოგიერთი მონაცემით, სირიაში პანკისის ხეობის, ასევე აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონების ათობით მკვიდრი იბრძვის. ზოგიერთი მონაცემებით კი იქ 100–ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა ჩართული. თუმცა, ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობს, აპრილში განაცხადა, რომ 100–ზე მეტი მებრძოლის თაობაზე ცნობები გადაჭარბებულია. მისი თქმით, „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარეს მებრძოლთა რეალური რაოდენობა ორ–სამ ათეულს არ აღემატება.
„იმ პირობებში, როცა რამდენიმე სამინისტრო და უწყება იზიარებს კონტრტერორიზმის კუთხით არსებულ პასუხისმგებლობებს, ეს გამოწვევებს უქმნის თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაზიარებას. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესების მიმართულებით“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან ჩამოყალიბდა კონტრტერორიზმის სამუშაო ჯგუფი, რომელიც შესაბამის სტრუქტურებს შორის რეგულარულ კომუნიკაციას უწყობს ხელს.
იმ მოცემულობამ, რომ თბილისი ვერ აკონტროლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებს, დაძაბული ურთიერთობები აქვს რუსეთთან, რომელთანაც რთული რელიეფი ყოფს, შეზღუდა საქართველოს შესაძლებლობა, რომ დაიცვას მისი ჩრდილოეთ საზღვარი, ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „აშშ–ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, საქართველოს სანაპირო დაცვა ახლა უკეთესად არის აღჭურვილი ქვეყნის საზღვაო საზღვრების პატრულირებისთვის“, გარდა იმ მონაკვეთისა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს.