Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მარგველაშვილმა საბანკო ზედამხედველობის შესახებ ცვლილებებს ვეტო დაადო
Civil Georgia, Tbilisi / 31 ივლ.'15 / 12:10


კადრი პრეზიდენტ მარგველაშვილის სატელევისიო გამოსვლიდან, როდესაც მან საბანკო ზედამხედველობის კანონპროექტზე ვეტოს დადების შესახებ გააკეთა განცხადება, 31 ივლისი, 2015.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  საბანკო ზედამხედველობის შესახებ ცვლილებებს, რომელიც ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციას ართმევს, ვეტო დაადო.

ვეტოს, რომელიც მოსალოდნელი იყო, სავარაუდოდ დაძლევს პარლამენტი, სადაც მმართველ კოალიცია ქართულ ოცნებას 86 მანდატი აქვს; სულ ცოტა 76 ხმაა საჭიროს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. 

კანონპროექტი მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნეს ასოციაციების, ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და თავად ეროვნული ბანკის მხრიდან.

კანონპროექტზე ვეტოს დადების გადაწყვეტილების შესახებ თავის სატელევიზიო განცხადებაში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აღნიშნა 31 ივლისს, რომ მისი კრიტიკის საგანი იყო „როგორც პროცესის ნაჩქარეობა“, ასევე არსებული კანონპროექტის „შინაარსი“.

პრეზიდენტმა პარლამენტს საკუთარი შენიშვნებიც გაუგზავნა ალტერნატიული კანონპროექტის სახით, რომელიც მარგველაშვილის თქმით, საბანკო ზედამხედველობის საკითხის მოგვარების „ოპტიმალურ გამოსავალს“ წარმოადგენს.   

„ვეტო არ არის არც პოლიტიკური დაპირისპირების, არც კონფრონტაციის ინსტიტუტი“, – განაცხადა მან, „ვეტო არის კონსტიტუციური მექანიზმი იმისთვის, რომ სწორედ ასეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია უფრო ეფექტური კანონმდებლობა მივიღოთ, ხელი შევუწყოთ ქვეყნის გაძლიერებას და განვითარებას, ამ კონტექსტში ითანამშრომლოს პარლამენტმა, პრეზიდენტმა და მთავრობამ და ერთად ქვეყანას უკეთესი გადაწყვეტები მისცეს“.

მისი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ეროვნულ ბანკს, რომელიც „იმსახურებს მაღალ შეფასებას“ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, ხოლო „არგუმენტები, რატომ უნდა შევცვალოთ ეს ინსტიტუტი, ნაკლებად ისმის“.

„სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობაზე და მათი გაფრთხილების საჭიროებაზე, მათ როლზე დემოკრატიულ სისტემაში ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია აქცენტი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე“, – განაცხადა მან.

„ჩვენ აგრეთვე ვსაუბრობდით იმაზე, რომ ცვლილებების შედეგად კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია ეროვნული ბანკისა, რომ ფინანსური სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელი შეუწყოს, შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

„გამომდინარე ყველა ამ წინაპირობიდან, მე გადავწყვიტე, რომ ამ კანონპროექტს დავადო ვეტო“, – დასძინა მან.

კანონპროექტი ითვალისწინებს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნას, რომელიც საბანკო სექტორის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების ზედამხედველობას და კონტროლს განახორციელებს; ამჟამად ამ ფუნქციებს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში არსებული დეპარტამენტები ახორციელებენ.

კანონპროექტის თანახმად, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მმართველი რგოლებია სააგენტოს საბჭო და სააგენტოს უფროსი. 7-წევრიან საბჭოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ასევე შევა ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთი წევრი და მთავრობის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, რომელთაც პარლამენტი შვიდი წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებს. რაც შეეხება სააგენტოს უფროსს, კანონპროექტის თანახმად, მას სააგენტოს საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე 7 წლის ვადით  პარლამენტი დაამტკიცებს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, თუმცა არანაკლებ 50 ხმით.

კანონპროექტის კრიტიკის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, ოპონენტების თქმით, ის იყო, რომ ამგვარი ინიციატივა პოლიტიკური მიზეზებით უფრო იყო მოტივირებული, ვიდრე ეკონომიკურით. კანონპროექტის ინიცირება მაისის ბოლოს განხორციელდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგის ქადაგიძის წინააღმდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ხშირი თავდასხმების ფონზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომლის შვიდწლიანი ვადაც ამ თანამდებობაზე 2016 წლის თებერვალში იწურება, ლარის გაუფასურების შემდეგ ხშირად გამხდარა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმების სამიზნე.

ივნისის ბოლოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD), აზიის განვითარების ბანკმა და მსოფლიო ბანკმა განაცხადეს, რომ „საქართველოს შემთხვევაში, ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ჩამორთმევა გონივრულად არ მიიჩნევა“. თუმცა წერილში, ასევე ნათქვამია, რომ თუ ხელისუფლებას „გადაწყვეტილი აქვს“, რომ ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს ჩამოაშოროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ კანონპროექტში გათვალისწინებული იყოს წერილში გამოთქმული წუხილები.

ქართული ოცნების დეპუტატებმა და მთავრობამ განაცხადეს, რომ კანონპროექტის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, თავდაპირველ ვარიანტში ცვლილებები შევიდა, სანამ მას პარლამენტი საბოლოოდ დაამტკიცებდა.

თუმცა სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში მიმდინარე კვირას, რომ ზოგიერთი საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩება.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 30 ივლისს, რომ მთავრობა ახლად მიღებულ კანონპროექტში შემდგომ ცვლილებებს სექტემბერში გაითვალისწინებს, რათა მასში სავალუტო ფონდის მიერ გამოთქმული დამატებითი შენიშვნებიც იქნას ასახული.

„ერთდაერთი საკითხი, რაზეც პოლემიკა იყო და, სავარაუდოდ, ვერ იქნება გაზიარებული, გახლავთ გარდამავალი პერიოდის ცხრა თვემდე გახანგრძლივების საკითხი, ვინაიდან ტექნიკურად ამის მიზეზები არ არსებობს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა. 
 
ახალი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო კანონპროექტის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა ამუშავდეს.

კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ორი დეპარტამენტი, რომელიც არის ეროვნულ ბანკში, თავისი შემადგენლობით იქნება გადაყვანილი საფინანსო ზედამხედველობის სამსახურში და საჭიროება იმისა, რომ ცხრათვიანი პერიოდი იქნას აღებული, რათა მოხდეს ახალი ინსტიტუტის შესვლა სრული მანდატით, იხსნება“.

ვეტოს თან ახლავს პრეზიდენტის შენიშვნები და ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც მარგველაშვილის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ევროკავშირთან კონსტულტაციების გზით მოამზადა.

მისი თქმით, ალტერნატიული კანონპროერქტის შედეგად „ძლიერდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და მისი საზედამხედველო პოლიტიკის ეფექტური განხორციელება“.

„მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებულ ვითარებაში ეს კანონპროექტი არის ოპტიმალური გამოსავალი ქვეყნისთვის და ოპტიმალური კანონმდებლობის დამდგენი ამ სფეროში“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. 

მან თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა მთავრობის გადაწყვეტილება სექტემბერში კანონპროექტში შემდგომი ცვლილებების შეტანის თაობაზე, რათა მასში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციები აისახოს. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული კანონპროექტი უკვე ითვალისწინებს ყველა დაინტერესებული მხარის რეკომენდაციებს.

მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ჩვენი ხალხის რჩეული დეპუტატები შინაარსობრივად ჩაუღრმავდებიან საკითხს და ჩვენ მიერ წარმოდგენილი ვეტოსა და ალტერნატიული კანონპროექტის მიღებით უკეთეს, უფრო სწორ და გაწონასწორებულ კანონპროექტს მისცემენ ჩვენ ქვეყანას“.      

კანონპროექტის თანაავტორმა, ქართული ოცნების დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა, რომელიც პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა, გააკრიტიკა მარგველაშვილი ცვლილებებზე ვეტოს დადების გამო. მან და რამდენიმე დეპუტატმა ქართული ოცნებიდან განაცხადეს, რომ მარგველაშვილის გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის პოზიციას შეესაბამება.  

„პრეზიდენტობანას თამაში დაიწყო“, – განაცხადა მეჭიაურმა, „ხალხის არჩეული არ არის. ის არის ბიძინა ივანიშვილის არჩეული, რომლის ამომრჩეველმაც მას [მარგველაშვილს] მისცა მისი [ივანიშვილის] ხათრით ხმა“.

პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, ქართული ოცნების დეპუტატმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილება, ვეტო დაადოს კანონპროექტს „ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგია“.

„ვწუხვარ, რომ ასეთი თანხვედრა არის ხოლმე ძალიან ხშირად ნაციონალური მოძრაობის და პრეზიდენტის პოზიციებს შორის“, – განაცხადა მან.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36