Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ზურაბ აბაშიძე: რუსეთის მიერ სავაჭრო შეზღუდვის აღდგენა ‘არასწორი’ იქნება
Civil Georgia, Tbilisi / 6 აგვ.'15 / 15:01

თუ რუსეთი ქართული პროდუქციის იმპორტზე ისევ დააწესებს აკრძალვას, რომელიც ორი წლის წინ მოიხსნა, ეს იქნება „არასწორი გადაწყვეტილება“, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ 5 აგვისტოს.

რუსეთის მხრიდან შესაძლო სანქციებზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 6 აგვისტოს, რომ „რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი “ და დასძინა, რომ თბილისი „ძალიან უფრთხილდება“ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქტის დაშვებას. 

რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მიმართა მთავრობის წევრებს 4 აგვისტოს, რომ შეიმუშავონ ზომები იმ ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტის შეზღუდვისთვის, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის სანქციებს შეუერთდნენ.

შარშან ალბანეთთან, მონტენეგროსთან, ისლანდიასთან, ლიხტენშტაინთან, ნორვეგიასთან და უკრაინასთან ერთად საქართველო ევროკავშირის ერთ–ერთ სანქციას შეუერთდა, რომელიც ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ეხება.

ეს ქვეყნები, საქართველოს გარდა, ასევე შეუერთდნენ ევროკავშირის სხვა სანქციებსაც, რომლებიც რუსეთის წამყვან სახელმწიფო ბანკებზე, ასევე ენერგეტიკის და სამხედრო სფეროებში ტექნოლოგიების მიწოდებაზე შეზღუდვებს ითვალისწინებს.  

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ყირიმიდან იმპორტის აკრძალვა ერთი წლით, 2016 წლის 23 ივნისამდე, გაახანგრძლივა, საქართველო კვლავ მიერთებული დარჩა ამ სანქციაზე. ამის შესახებ ნათქვამია  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 28 ივლისის განცხადებაში.

4 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე საუბრისას რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სთხოვა სოფლის მეურნეობის მინისტრს "გაერკვიოს" ამ საკითხში და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ „რამდენიმე ქვეყანა“, რომლებიც მას არ დააკონკრეტებია, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს, მთავრობამ უნდა მოამზადოს შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ამ ქვეყნების მიმართ კონტრ–სანქციების გამოყენების თაობაზე.

ასევე 4 აგვისტოს რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურმა „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ ორი ქართული კომპანიის მიერ წარმოებული კონიაკის და ღვინის 10 პარტია არ დაუშვა რუსულ ბაზაზრე, რადგანაც ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ „უსაფრთხოების და ხარისხის მოთხოვნებს“.

ვინაიდან ეს განცხადება იმავე დღეს გაკეთდა, როდესაც რუსეთის პრემიერ–მინისტრმა შესაძლო კონტრ–სანქციებზე ისაუბრა „რამდენიმე ქვეყნის“ წინააღმდეგ, თბილისში გაჩნდა მოსაზრება რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ემბარგოს განახლებას ამზადებს. 

მართალია თბილისი უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ევროკავშირის სანქციას შეუერთდა ყირიმიდან იმპორტის აკრძალვის თაობაზე, ეს საკითხი ყურადღების ცენტრში მხოლოდ გასული თვის ბოლოს მოექცა.

გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა რომ ამ გადაწყვეტილებაში ახალი არაფერია, ვინაიდან საქართველო უკვე ერთია წელია, რაც ევროკავშირის ამ ერთ სანქციას შეუერთდა და ახლა ეს სანქცია მხოლოდ გაგრძელდა.

თუმცა, რუსეთის პრემიერ–მინისტრის და „როსპოტრებნადზორის“ მიერ 4 აგვისტოს გაკეთებული განცხადებების შემდეგ აბაშიძემ აღნიშნა 5 აგვისტოს: „როგორც ჩანს, რუსეთის მხარე, რუსეთის უწყებების ინფორმაციით, შარშანდელ გადაწყვეტილებას უკავშირებს საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვას, რაც ჩვენი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები შედეგი, რომელიც 2012 წელს დაწყებულმა ქართულ-რუსულმა ორმხრივმა დიალოგმა მოიტანა, სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა“.

აბაშიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა: „საქართველო შარშან შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაწესებული 15-მდე სანქციიდან ერთ-ერთს, რომელიც დაკავშირებულია ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან. ეს სანქცია წელს ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა და 2015 წელს, სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, საქართველოს  რაიმე ახალი ნაბიჯი არ გადაუდგამს“.

6 აგვისტოს ამ საკითხის კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმს განუცხადა ჟურნალისტებს: „15 სანქციიდან, რომელიც ევროკავშირმა დაუწესა რუსეთს, მხოლოდ ერთს შეუერთდა საქართველო გასულ წელს და ისიც მხოლოდ შეეხებოდა ყირიმში და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს“.

მან განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან ყირიმში წარმოებული პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ სანქციაზე მიერთება ბუნებრივი იყო, რადგან ქვეყანას მსგავსი პრობლემა თავად აქვს.

„ჩვენ იგივეს ვითხოვთ დანარჩენი სახელმწიფოებისგან, რომ დაუწესონ სანქციები აფხაზეთში და სამაჩაბლოში წარმოებულ პროდუქციას. ჩვენი არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თუმცა მან ხაზი გაუსვა რომ სხვა სანქციებზე მიერთებას საქართველო არ აპირებს და რომ ის ამის წინააღმდეგი იყო შარსანაც და კვლავაც იგივე პოზიციაზე რჩება.

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საქნციებს. ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. პირველი მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მონაპოვარს, იმ მიღწეულ შედეგს, რომელიც უკვე გვაქვს რუსეთ–საქართველოს შორის; მე ვგულისხმობ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას. მოგეხსენებათ, უკვე მესამე წელია, წარმატებით მიმდინარეობს დიალოგი და სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა.

„წლების წინ, სწორედ სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი იყო ყოველგვარი პოლიტიკური დიალოგი და ჩვენს პროდუქციას ედო ემბარგო. ასე რომ, ჩვენ შევძელით, რომ სწორედ ჩვენი კონსტრუქციული. პრაგმატული პოლიტიკის მეშვეობით და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით შევძელით ამ ბაზრის გახსნა ხელახლა და ჩვენ ამას ვაფასებთ. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რუსეთის მიერ სავაჭრო ემბარგოს მოხსნის შემდეგ, საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2013 წელს ოთხჯერ გაიზარდა, 2012 წელთან შედარებით, და 190.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წელს რუსეთში  ექსპორტი 44%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 274.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტის 9.6%–ს შეადგენდა.

მაგრამ რუსეთში არსებულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მეზობლებზეც იმოქმედა, მათ შორის საქართველოზეც, საიდანაც ექსპორტმა რუსეთში ორჯერ იკლო 2015 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით  და 70.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24