Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
Civil Georgia, Tbilisi / 18 სექ.'15 / 12:11

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ხუთშაბათს ღამით 14–თვიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე საკონსტიტუტიო სასამართლომ განაცხადა, რომ ბრალდებული პირის წინასწარ პატიმრობაში 9-თვიან ზღვრულ ვადაზე მეტი ხნით ყოფნა არაკონსტიტუციურია.
 
უგულავა სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მისი ადვოკატების შუამდგომლობა სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ განიხილა – ეს პროცედურა ფორმალობად იქნა მიჩნეული, ვინაიდან სამართლის ექსპერტების თქმით, სასამართლოს სხვა გამოსავალი არ რჩებოდა გარდა იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინა და უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა. თუმცა, მოსმენა თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა, საიდანაც ორი საათი ბრალდების მხარეს დაეთმო, რომელმაც დრო მოითხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასწავლად.

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში მყოფი უგულავას მომხრეების ტაში მოყვა; მისი და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები სასამართლოს შენობის გარეთაც იყვნენ შეკრებილები.

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გათავისუფლებიდან ცოტა ხანში განაცხადა, რომ კოალიცია ქართული ოცნების დამარცხება 2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე „გარდაუვალია“.

„ხელისუფლება მათ ხელშია, მილიარდებიც მათ ხელშია, მაგრამ დამარცხებაც მათ ხელში იქნება. ამას ვპირდები მე და ეს აუცილებლად მოხდება ძალიან მალე“, – განაცხადა უგულავამ.

„არჩევნები არის მოახლოებული. რიგგარეშე დაინიშნება, რიგგარეშეს მოვიგებთ. 2016 წლის ოქტომბერი იქნება, ოქტომბერში მოვიგებთ. შეცვლიან საარჩევნო სისტემას, მათთვისვე არის უკეთესი იმიტომ, რომ საერთაშორისო აღიარება ექნება ამ არჩევნებს. არ შეცვლიან, რა სისტემითაც არის, იმ სისტემით მოვიგებთ არჩევნებს იმიტომ, რომ მათი მარცხი არის გარდაუვალი. ჩვენი გამარჯვება და ყველა პროევროპული ძალის გამარჯვება არის გარდაუვალი“, – განაცხადა მან.

„[ბიძინა] ივანიშვილს არ ანაღვლებს და არ აინტერესებს არაფერი, მაგრამ მას აინტერესებს ძალაუფლების შენარჩუნება“, – განაცხადა უგულავამ, „ჩვენ, რა თქმა უნდა, გავალთ არჩევნებზე. მთავარია, რომ ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე მშვიდად, წყნარად და არჩევნებზე გავისტუმროთ ეს ადამიანი და ის უბედურებები, ის შავი კოშმარი, რაც ამ ქვეყანას დაატეხა თავს ამ ადამიანმა, დამთავრდეს.  მე არც ბოღმა მალაპარაკებს და არც არავისზე არ ვარ დაბოღმილი. არასდროს არ დავიწყებ ბოღმით მოქმედებას იმიტომ, რომ არ მინდა ივანიშვილს დავემსგავსო, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, ბოღმა ამოძრავებს“.       

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ოდესის გუბერნატორია და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ რჩება, უგულავას გათავისუფლებას თავის Facebook-ზე და Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტებით მიესალმა.

„მივესალმები უდანაშაულო გიგი უგულავას განთავისუფლებას, 14 თვიანი აბსურდის დასასრულს და რუსი ოლიგარქის რეჟიმის დასასრულის დასაწყისს“, – წერს სააკაშვილი.

გათავისუფლებიდან მალევე „რუსთავი 2“–თან საუბრისას უგულავამ ასევე განაცხადა, რომ წინასწარ პატიმრობაში გატარებული დაახლოებით 14–თვიანი ვადა „არის მოპოვებული და არა დაკარგული დრო“.

„ჩემთვის ეს იყო შესაძლებლობა, საკუთარი თავი გამომეცადა და შესაძლებლობა იმისა, რომ ცხოვრებისთვის სხვა ნაპირიდან შემეხედა... ჩემთვის ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი გამოცდილება“, – განაცხადა მან. 

„ამ გამოცდილებას კიდევ თუ მარგუნებს [ივანიშვილი], ეს მისი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამაში ის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის“, – დასძინა უგულავამ.

მას მხედველობაში ჰქონდა ხელახალი დაპატიმრების შესაძლებლობა. უგულავას სხვადასხვა ბრალდებები აქვს წაყენებული რამდენიმე საქმეზე, რომელთაც ის უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებს უწოდებს. სასამართლო პროცესები ამ საქმეებზე კვლავ მიმდინარეობს და ერთ–ერთი მათგანი უკვე ფინალურ ეტაპზეა. თუ მის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, უგულავას კვლავ დააკავებენ და სასჯელს მიუსჯიან.

სისხლის სამართლის პირველი ბრალდებები უგულავას 2013 წლის თებერვალში წაუყენეს – მაშინ ის თბილისის მერი იყო; მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და ფულის გათეთრების ორი დამოუკიდებელ საქმეზე წარუდგინეს ბრალი.

2013 წლის დეკემბერში უგულავას პროკურატურამ ბრალი დასდო დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 48.18 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გამოყენებაში ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011–2012 წლებში. სასამართლომ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, თუმცა მას მერის უფლებამოსილება შეუჩერა. 2014 წლის მაისში საკონსტიტუციო სასამართლომ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი არაკონსტიტუციურად ცნო.

ცალკე ბრალდებები უგულავას 2014 წლის ივლისში წაუყენეს, როდესაც ის ნაციონალური მოძრაობის  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. ბრალდებები მოიცავდა ფულის გათეთრების სქემას, რომლის საშუალებითაც, პროკურატურის განცხადებით, უგულავა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

უგულავა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, როდესაც 2014 წლის ივლისში პროკურატურამ მას ახალი ბრალდებები წაუყენა, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას უკავშირდებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციის დარბევასა და იმ დროს პატარკაციშვილის მფლობელობაში არსებული ქონების, მათ შორის ტელეკომპანია “იმედის“ დარბევასა და ჩამორთმევასთან დაკავშირებით. იმავე საქმეზე პროკურატურამ ბრალდებები ასევე წაუყენა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს.

როდესაც უგულავას 9–თვიანი წინასწარი პატიმრობა დასასრულს უახლოვდებოდა და მისი გათავისუფლების დრო ახლოვდებოდა, პროკურატურამ 2015 წლის მარტში მის წინააღმდეგ წაყენებული ერთ–ერთი ბრალდება დაამძიმა, რამაც საშუალება მისცა პროკურატურას სასამართლოსთვის მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვება ეთხოვა. 

მართალია საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც 2010 წლიდან, იმ პერიოდიდან მოქმედებს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, უშვებს 9–თვიანი წინასწარი პატიმრობის გაგრძელებას, თუ იმავე პირს ახალ ბრალდებებს წაუყენებენ.

როდესაც 2015 წლის მარტში უგულავას წინასწარი პატიმრობა გაგრძელდა და 9 თვეს გასცდა, მან სასამართლოს გადაწყვეტილებას „კონსტიტუციის გაუპატიურება“ უწოდა.

აპრილის ბოლოს უგულავას ადვოკატებმა წინასწარი პატიმრობის ვადებთან დაკავშირებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს, რომელმაც 16 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბრალდებული პირის წინასწარ პატიმრობაში 9-თვიან ზღვრულ ვადაზე მეტი ხნით ყოფნა არაკონსტიტუციურია.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
68