Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უსუფაშვილი საარჩევნო სისტემის შესახებ საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 28 სექ.'15 / 18:48

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ხარჯზე საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარება „შეუძლებელია“ მმართველ კოალიციაში არსებული არაერთგვაროვანი პოზიციების გამო.

„ამ საკითხის გამო კოალიციის დაშლაზე, მე პირადად, არ წავალ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა 28 სექტემბერს მედიასთან შეხვედრის დროს.

კოალიცია ქართულმა ოცნებამ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება უკვე მოახდინა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, თუმცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ; მანამდე კი გეგმავს საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებას, რათა 2016 წლის არჩევნებისთვის არათანაბარი მაჟორიტარული ოლქები დაბალანსდეს და ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის ბარიერი 50%-მდე გაიზარდოს.

ამჟამად მოქმედი სისტემით, რომლის შეცვლაც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის თანამონაწილეობის გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან  კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება, 150-წევრიანი პარლამენტის 77 წევრი პროპორციული წესით ირჩევა, ხოლო 73 წევრი ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემით.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გადავადებას ეწინააღმდეგება, ამ გადაწყვეტილების მიღებას ახლავე ითხოვს და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების ინიცირებისთვის 200 ათასი ხელმოწერის შეგროვების კამპანიას აწარმოებს.

„ის რაც შესაძლებელია ხვალ, რატომ არ შეიძლება დღეს? ზუსტად იმიტომ, რომ ის რაღაცა შესაძლებელია ხვალ და შეუძლებელია დღეს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა დაგეგმილი რეფორმის განხორციელების ვადებზე საუბრისას და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე შეუთანხმებლობა ის საკითხია, რასაც შესაძლოა მმართველი კოალიციის დაშლა გამოეწვია.

„არჩევნების სხვაგვარად ჩატარებისთვის დღეს კოალიციის დაშლაა გამოსავალი? თუ კოალიცია დაიშლება, იქნება რიგგარეშე არჩევნები იმ სისტემით, რაც დღეს გვაქვს და ის რაც ზეგ გვინდა [მაჟორიტარული სისტემის გაუქმება], დარჩება მაზეგისთვის“, - განაცხადა მან.   

უსუფაშვილის თქმით, ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება არ ყოფილა პროპორციული არჩევნების შემოღება, რასაც „მე პირადად მხარს ვუჭერ არა დღეს, არამედ მხარს ვუჭერდი 1989 წლიდან მოყოლებული“.

„დღეს გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს კონსტიტუციით გამყარდეს და ჩაიწეროს -  დიახ, 2016 წლის შემდეგ. მანამდე ამის შესაძლებლობა დღეს არ არის. და თუ მეუბნებით, რომ ‘ოღონდ ეს საკითხი ასე გადაწყდეს და დავშალოთ კოალიცია’, გეუბნებით, რომ ‘არა’. ამ  საკითხის გამო კოალიციის დაშლაზე მე პირადად არ წავალ იმიტომ, რომ ვიცი, რომ ეს იქნება ქვეყნისთვისაც უფრო დიდი უბედურება დღეს და არჩევნებისთვისაც უფრო დიდი უბედურება იმიტომ, რომ არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი სისტემით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

იმ პირობებში, როცა, უსუფაშვილის თქმით, „არათუ სისტემის შეცვლა, არამედ გაუმჯობესებაც კი ვერ მოხერხდა“ ვერცერთი წინა ხელისუფლების დროს, „დღეს ჩვენ [მმართველი კოალიცია] ვამბობთ, რომ შევცვალოთ სისტემა [2016 წლის შემდეგ] და ამ [2016 წლის] არჩევნებისთვის არსებული სისტემა ავიყვანოთ უმაღლეს შესაძლო სტანდარტამდე“.

მისივე თქმით, „მე არ მაქვს პასუხი კითხვაზე“,  როცა კოალიციიდან კოლეგები ეკითხებიან, თუ რატომ უნდა გაითვალისწინონ, მაგალითად, ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა სისტემის შეცვლის თაობაზე და „საარჩევნო სისტემის რაობა რატომ უნდა მიყვებოდეს და მოყვებოდეს  იქით და აქეთ ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს“ მაშინ, როცა სანამ ეს პარტია იყო ხელისუფლებაში „ყოველთვის ინარჩუნებდა იმ სისტემას, რაც მას სურდა და არაფერი დაუთმო ოპოზიციას".

დავით უსუფაშვილმა ასევე გაიხსენა ის მოთხოვნები, რომელიც 2011 წელს მაშინდელ ოპოზიციურ „რვიანს“ ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიმართ საარჩევნო სისტემის საკითხებზე. მაშინდელ ოპოზიციურ „რვიანში“ უსუფაშვილის რესპუბლიკელებთან ერთად, ასევე შედიოდნენ ამჟამად მმართველ კოალიციაში შემავალი კონსერვატორები და ეროვნული ფორუმი და ასევე იმ ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის ახალი მემარჯვენეები, რომლებიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ამჟამად აქტიურად ლობირებენ. 

მართალია თავდაპირველად „რვიანი“ საარჩევნო სისტემის იმგვარად შეცვლას მოითხოვდა, რომ პარლამენტის ნახევარი პროპორციული სისტემით ყოფილიყო არჩეული, ხოლო დარჩენილი 75 წევრი ე.წ. რეგიონულ-პროპორციული სისტემით,  ნაცვლად ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემისა, თუმცა 2011 წლის აპრილში მაშინდელმა ოპოზიციამ ახალი წინადადებები წარადგინა და ორი ალტერნატიული მოდელი შესთავაზა - ორივე მათგანი ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ითვალისწინებდა, თუმცა მაშინ ხელისუფლებაში მყოფმა ნაციონალურმა მოძრაობამ  არცერთი ეს შეთავაზება არ გაითვალისწინა.

„ამ წინადადების მიღწევა იყო მაშინ ძალიან სერიოზული ამოცანა და თითქმის მიღწეული იყო, ერთი-ორი პარტნიორი მოკლე გზით რომ არ წასულიყო რაღაცა სხვა ინტერესებით“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა მედიასთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა მისი პარტიის შესახებ და აღნიშნა, რომ „რაიმე წინაპირობა“ იმისა, რომ რესპუბლიკელები მომავალ არჩევნებში არ იქნებიან კოალიცია ქართულ ოცნებაში,  „დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს“.

„მე მგონია, რომ პროცესი წავა ისე, რომ ერთად გავაგრძელებთ პარტნიორობას“, - განაცხადა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21