Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ენერგეტიკის მინისტრი რუსული გაზის შეძენის საჭიროებაზე საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 21 ოქტ.'15 / 13:58

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა 20 ოქტომბერს, რომ საქართველოს „გაზპრომის“ გაზის შეძენა მოუწევს იმ რაოდენობის გარდა, რასაც ქვეყანა უკვე იღებს რუსეთიდან სატრანზიტო საფასურის სახით, ვინაიდან აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის იმპორტის „შესაძლებლობა არ არის“.     

მისი თქმით, დამატებითი ბუნებრივი აირი საქართველოში გაზის მოხმარების ზრდით გამოწვეული იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება საჭირო, რომელიც, მისი თქმით, სავარაუდოდ 2.5 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს 2015 წელს, რაც 2012 წლის შემდეგ 27%–იანი ზრდა იქნება.

9 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც კალაძემ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებისთვის, რათა მიიღოს იმ მოცულობაზე მეტი გაზი, რომელსაც ქვეყანა რუსეთის სახელმწიფო კომპანიისგან რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის საფასურად უკვე იღებს, მთავრობა ოპოზიციური ჯგუფების, მათ შორის ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობას სხდომის მოწვევა სთხოვა მისი მონაწილეობით „ენერგოუსაფრთხოების“ საკითხების განსახილველად. ჯერჯერობით უცნობია, როდის ან საერთოდ გაიმართება თუ არა ეს სხდომა.

20 ოქტომბერს კალაძემ, რომელიც სექტემბრის ბოლოს ბრიუსელში „გაზპრომის“ აღმასრულებელ დირექტორს ალექსეი მილერს შეხვდა, პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც 2003-2014 წლებში ბუნებრივი აირის იმპორტის სქემა წარმოადგინა წლების და წყაროების მიხედვით. სქემა აჩვენებს, რომ საქართველო წინა წლებშიც ყიდულობდა დამატებით გაზს „გაზპრომიდან“, მათ შორის მაშინაც, როცა ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა იყო.  


საქართველოს გაზმომარაგება წლების და წყაროების მიხედვით 2003-2014 წლების განმავლობაში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

ამ მონაცემების თანახმად, საქართველოს მთლიან მოხმარებაში დამატებითი რუსული გაზის წილი 2009 წელს არსებული 9.8%–დან  2012 წელს 1.6%–მდე შემცირდა; 2013 წელს რუსეთიდან დამატებითი გაზის იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა, ხოლო 2014 წელს მისმა წილმა მთლიან მოხმარებაში 2.8% შეადგინა.

„გარდა ტრანზიტად მიღებული გაზისა, ომის შემდგომაც კი ხდებოდა დამატებითი მოცულობების მიღება რუსეთიდან, მაგრამ რატომღაც ამ ფაქტებს ივიწყებენ და არავინ არ საუბრობს. გასაგებია, არჩევნების წელი მოდის და პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიები, პოლიტიკოსები შეეცდებიან, რომ მოსახლეობას რაღაცით შეახსენონ თავი“, – განაცხადა კალაძემ.

„ეს არის ფაქტები და ციფრები...და რაღაცა უცხო და განსხვავებული არაფერი არ ხდება“, – განაცხადა მან, „ეს ურთიერთობები წლების წინ არის დაწყებული, დღესაც გრძელდება და ალბათ მომავალშიც გაგრძელდება“.

აზერბაიჯანი საქართველოს გაზმომარაგების მთავარი წყაროა, საიდანაც ქვეყანამ 2014 წელს მთლიანი მოხმარების ანუ 2.17 მილიარდი კუბური მეტრის 87.1% მიიღო. აზერბაიჯანული გაზის დაახლოებით 686 მილიონი კუბური მეტრი სამხრეთ კავკასიური მილსადენის შესახებ არსებული შეთანხმების ფარგლებში შემოვიდა, რომლის საშუალებითაც შაჰ–დენიზის საბადოდან გაზის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით თურქეთში ხდება. 1.21 მილიარდი კუბური მეტრი გაზი კი აზერბაიჯანთან ცალკე ხელშეკრულების ფარგლებში იყო იმპორტირებული.

საქართველომ 267.7 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო რუსეთიდან 2014 წელს, საიდანაც 206.1 მილიონი ტრანზიტის საფასური იყო. ეს იმ მოცულობის 10%-ია, რომელსაც საქართველო ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენით რუსულ გაზს სომხეთში ატარებს. ამას გარდა, საქართველომ 2014 წელს 61.6 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზის იმპორტი განახორციელა.

ენერგეტიკის მინისტრმა, რომელიც ვიცე–პრემიერიც არის, განაცხადა 20 ოქტომბერს, რომ ბრიუსელში სექტემბრის ბოლოს „გაზპრომის“ აღმასრულებელ დირექტორთან ალექსეი მილერთან შეხვედრაზე მან ორი საკითხი განიხილა – ერთი ეხებოდა საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის მოცულობის შესაძლო გაზრდას და მეორე – დამატებითი გაზის შეძენას „გაზპრომიდან“.

„ტრანზიტზე საუბარი მიმდინარეობს ყოველწლიურ რეჟიმში. ეს მოლაპარაკებები დაახლოებით აგვისტოს თვიდან იწყება, რადგან ჩვენ დეკემბერში უნდა გავაფორმოთ ეს ხელშეკრულებები“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, სომხეთის სურვილია გაზარდოს გაზის იმპორტი რუსეთიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მეტ სატრანზიტო  გაზს მიიღებს და ეს „გაზპრომის“ აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე განხილვის „ერთ–ერთი საკითხი იყო“.

კიდევ ერთი საკითხი, მისი თქმით, ქართული კომერციული კომპანიების შესაძლო გაზმომარაგება იყო იმ შემთხვევაში, თუ "გაზპრომის" შეთავაზებული ფასი „შეღავათიანი“ და „მისაღები“ იქნება მათთვის. კალაძის განცხადებით, ის ვერც კომენტარს გააკეთებს და არც მისი გადასაწყვეტია ფასის შესაძლო ოდენობა. „ეს თვითონ კომპანიებმა უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „გაზპრომთან“ ჯერ დეტალებზე საუბარი არ ყოფილა.

კალაძის თქმით, საქართველოში გაზის მოხმარების ზრდის გამო, ქვეყანა შესაძლოა „გარკვეული პრობლემების“ წინაშე დადგეს „2019 წლამდე, სანამ შემოვა შაჰ–დენიზის მეორე ფაზა“.

კალაძემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის შეძენის „შესაძლებლობა არ არის“.

„ამის შესაძლებლობა რომ გვქონოდა დღემდე, ჩვენ მაშინ ამ დამატებით მოცულობებს არ წამოვიღებდით ამ წლების განმავლობაში და მე ვფიქრობ, ალბათ არც წინა ხელისუფლების დროს მოხდებოდა ამ დამატებითი მოცულობების წამოღება [რუსეთიდან], რომ აზერბაიჯანს ჰქონოდა საშუალება, რომ ის მოცულობები, რაც დღეს ჩვენ გვჭირდება და დღეს შემოგვაქვს რუსეთიდან, შესაძლებელი ყოფილიყო წამოღებულიყო აზერბაიჯანიდან. არ არის ამის საშუალება“, - განაცხადა მან. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა კალაძის განცხადებებს „ტყუილი“ უწოდეს. დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა „მოღალატური ნაბიჯი“ უწოდა მთავრობის განზრახვას საქართველოს გაზმომარაგებაში რუსული  გაზის წილის გაზრდის თაობაზე, რაც, მისი თქმით, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას დაარტყამს.

აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო Trend-თან ინტერვიუში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის SOCAR–ის ქართული შვილობილი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა 9 ოქტომბერს, რომ რუსული გაზის შესაძლო ზრდა საქართველოში კონკურენციას გაზრდის. „ჩვენ მზად ვართ კონკურენციისთვის“, – განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10