Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნიკა გვარამია ხელისუფლებას შანტაჟში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ‘ჩვენ არ დავუთმობთ არავის რუსთავი 2-ს’
Civil Georgia, Tbilisi / 21 ოქტ.'15 / 20:45

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას ხელისუფლება პირადი ცხოვრების ვიდეოებისა და საუბრების გამოქვეყნების შანტაჟით აიძულებს დატოვოს ტელეკომპანია, თუმცა ის ამას არ გააკეთებს, რადგან არ აპირებს „რუსთავი 2“-ის დათმობას და ტელეკომპანიის საკუთრებაზე მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლო შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

ეს განცხადება გვარამიამ 6-საათიანი „კურიერის“ სპეციალურ გამოშვებაში გააკეთა, რომელიც 11- წუთის დაგვიანებით გავიდა უჩვეულო ფორმატით ეთერში. ამ პირდაპირ სატელევიზიო განცხადებას სტუდიაში დამსწრე დიპლომატიური კორპუსის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ცალკეული ოპოზიციური პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავად „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები უსმენდნენ.

გვარამიას ინფორმაციით, „დღეს შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც როგორც წესი და ეს პირველი შემთხვევა არ იყო, მაწვდის სამთავრობო მესიჯებს“.

მან ამ პიროვნების ვინაობა არ გაამხილა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ შეხვედრას, რომლის შინაარსთან დაკავშირებით მას "მტკიცებულებები" არ გააჩნია, რამდენიმე საათის წინ ჰქონდა ადგილი. ეს სავარაუდო შეხვედრა ერთი დღით უსწრებს „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო პროცესის გაგრძლებას, რომლის მეშვეობითაც 2004–2006 წლებში ტელეკომპანიის თანამფლობელი, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში საკუთარი წილის დაბრუნებას ცდილობს.

„ჩემთვის ცნობილი გახდა ამ საუბრიდან, რომ ხვალ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუთვნებს ქიბარ ხალვაშს. ამ გადაწყვეტილებას ან ხვალვე ან შემდეგ დღეს მოყვება დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება და მოთხოვნა იყო ჩემს მიმართ, რომ მე გავწეულიყავი, რაზეც თავისთავად ცხადია ვთქვი, რომ ამას მე არ გავაკეთებ არასდროს“, - განაცხადა გვარამიამ.  

„ამის საპასუხოდ მითხრა შემდეგი, ვციტირებ: არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ და ვერ მოვასწარი მათი ამერიკაში გაშვება, როგორც მინდოდა; არ უნდა დამავიწყდეს, რომ არსებობს კონკრეტული ურთიერთობები, რომელიც ვიდეოზეა გადაღებული და ეს ყველაფერი გამოქვეყნდება; არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო მოლაპარაკებები ცალკეულ ადამიანებთან, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან და ეს აუცილებლად გამოქვეყნდება და მერე პერსონალურად ვიქნები განადგურებული ჩემი კოლეგების თვალში და ქვეყნის თვალში“. 

გვარამიამ განაცხადა, რომ მან ამ შანტაჟის წინააღმდეგ ღიად საუბრის გზა აირჩია. 

„პირდაპირ ვაცხადებ, ხელისუფლებას მივმართავ ღია ეთერიდან:  ატვირთეთ რაც გნებავთ, თავიც ჩემი და ფეხიც და ყველა სხვა დეტალიც, ჩემთვის ეს არის ღრმად სულერთი - ჩემი პირადი ცხოვრება არის ჩემი პირადი ცხოვრება და ეს არ ეხება არავის სხვას. თუ მე ვარ უკანონო თვალთვალის და მიყურადების მსხვერპლი, ამისთვის აუცილებლად გაზღვევინებთ პასუხს სასამართლოს წინაშე, ოღონდ არა ურთმელიძის სასამართლოს, არამედ თავისუფალი სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა მან მხედველობაში ჰყავდა რა „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლე, რომელმაც მისი აცილებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„არაფერი ცხოვრებაში არ ჩამიდენია ისეთი, რომლის გამოქვეყნებაც იქნებოდა იმაზე უარესი, ვიდრე დღეს ჩემი „რუსთავი 2“-დან გაქცევა, ჩემი მეგობრების, კოლეგების, იმ ადამიანების ღალატი, ვის წინაშეც პასუხისმგებლობა ავიღე და გავყვები აუცილებლად ბოლომდე და რაც მთავარია ჩვენი ტელემაყურებლების ღალატი, რასაც მე არ ჩავიდენ არავითარი შანტაჟის სანაცვლოდ, არცერთი გადაწყვეტილების სანაცვლოდ“, - განაცხადა გვარამიამ.   

„გეუბნებით ღიად, ჩვენ არ დავუთმობთ არავის „რუსთავი 2“-ს. ხვალინდელი გადაწყვეტილება არის აპრიორი უკანონო, ჩვენ არ ვაპირებთ მის აღსრულებას; ჩვენ ვაპირებთ მაუწყებლობას იმ ფორმატით, რა ფორმატიც გვაქვს; იმ ვითარებაში, თუ იქნება ძალისმიერი შემოჭრის მცდელობები კომპანიაში, ჩვენ დავიცავთ თავს ასევე ძალისმიერად; არ ვაპირებთ დავთმოთ ტელეკომპანია, ჩვენი სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელსაც ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში 2009 წლის ბოლომდე მაღალი თანამდებობები ეკავა.

მან ასევე მიმართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს: „სამწუხაროდ, არ ისმის სათანადოდ თქვენი ხმა“.

„საქართველოში დამყარებულია რეჟიმი და ყოველგვარი საუბარი საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე, მის შემდგომ პერსპექტივებზე, გაურკვეველ ვიზალიბერალურ თუ სხვა ტიპის რეჟიმებზე, არის ფარისევლობა თქვენის მხრიდან. ამ ქვეყნის დემოკრატია იმყოფება უღრმეს კრიზისში და თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევს საერთაშორისო თანამეგობრობა და არ ისაუბრებს ამაზე ხმამაღლა, ამ ქვეყნის მომავალი დაიკარგება, ხოლო ევროპისთვის და ევროატლანტიკური სივრცისთვის საქართველო დაიკარგება“, - განაცხადა მან სატელევიზიო შეხვედრაზე მყოფი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლთა მისამართით. 

„საქართველოში მოვლენები ვითარდება რუსული სცენარით, „რუსთავი 2“-ის განადგურება მიმდინარეობს NTV-ს სცენარით. როლური მოდელი ბიძინა ივანიშვილისთვის არის ვლადიმერ პუტინი, შესაბამისად ყველაფერი ხდება ისე, როგორც მოხდა რუსეთში წლების წინ და ყველაფერი დამთავრდება ისე, როგორც დასრულდა რუსეთში წლების წინ და ამ ქვეყნისგან მიიღებთ რუსეთის ახალ სატელიტს“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა.

„დიახ, „რუსთავი 2“-ზე გადის ის წვრილი ძაფი, რომელიც უნდა გაწყდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები შევინარჩუნოთ. ეს ძაფი ჩემზე პერსონალურად ნამდვილად არ გადის, დღეს ამას ვამბობ იმიტომ, რომ არ მქონდეს უკან დასახევი გზა“, - აღნიშნა მან.

„ვიჭრი ყველა უკან დასახევ გზას“, - განაგრძო მან, „მე ვარ ყველაფრისთვის მზად, გარდა ერთადერთისა: იმ ვითარებაში, თუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ერთი ღერი თმა მაინც დასცვივდება თავიდან; იმ ვითარებაში, თუ ჩემს რომელიმე თანამშრომელს, მათ ოჯახის წევრებს  ერთი ღერი თმა მაინც გასცვიდებათ თავიდან, პირდაპირ გეუბნებით, ყოველგვარი მართლმსაჯულების გარეშე არ დაველოდები არაფერს, ყველგან, სადაც მოგწვდებით, აუცილებლად გაზღვევინებთ, გაზღვევინებთ ძალიან მძიმედ“.   

მან ხელისუფლების მისამართით, რომელსაც „რუსთავი 2“-ის გაჩუმების მცდელობაში სდებენ ბრალს მიმდინარე სასამართლო დავის მეშვეობით, განაცხადა: „ან დაიხევთ უკან, დაანებებთ მედიას თავს და მოგცემთ მშვიდობიანი, პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ან ეს ვითარება, პირველ რიგში, დაგაზარალებთ თქვენ და  რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ დააზარალებს ქვეყანას". 
 
ნიკა გვარამიამ ასევე მიმართა დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრსაც: „მე იმედი მაქვს თქვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფალი ტრიბუნის არსებობა, ქვეყანაში სამართლიანი და მშვიდობიანი  ცვლილებები, ქვეყანაში საარჩევნო ციკლის არსებობა და თუ თქვენთვის ეს მნიშვნელოვანია, უნდა გააცნობიეროთ  - „რუსთავი 2“-ის გარეშე, სამართლიან არჩევნებში მონაწილეობას თქვენ ვერ მიიღებთ  იმ უბრალო მიზეზით, რომ ასეთი არჩევნები საქართველოში არ ჩატარდება“.  

თავის გამოსვლის ბოლოს მან მოუწოდა „ყველას“, მიუხედევად იმისა მოსწონთ თუ არა „რუსთავი 2“,  მხარი დაუჭირონ ტელეკომპანიას, მათ შორის სასამართლოსთან მისვლით, რათა „ნახონ ჩვენი ძალა“.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა სატელევიზიო შეხვედრას, რომელიც გვარამიას განცხადების შემდეგ ცალკეულ დამსწრეთა გამოსვლებით გაგრძელდა, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში: „ჩვენი კანონმდებლობა პროკურატურას, როგორც სამართალდამცავ ორგანოს ავალებს, რომ უსწრაფესი რეაგირება მოახდინოს ამ ტიპის განცხადებაზე და უკვე მისი ვალდებულებაა გაარკვიოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე“.

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ გვარამიას ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ საქმით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ, რათა გაარკვიონ „რომელმა იდიოტმა ან რომელმა პროვოკატორმა ან რომელმა გაიძვერამ დაურეკა და დამატებითი ნავთი დაასხა ცეცხლს. ან იქნებ იტყუება, რაც ასევე არ არის გამორიცხული“.

„ის რომ ხდება ასეთი ესკალაცია სიტუაციის [რუსთავი 2-ის] დღევანდელი ხელმძღვანელობის მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ ამას აუცილებლად თავის დროზე თვითონ „რუსთავი 2“-ის კოლექტივი დაარქმევს საკუთარ სახელს“, - განაცხადა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ, რომელიც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ვაკანტურ პოსტზეა დასახელებული.

ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გვარამიას შესაძლოა დაშანტაჟებასთან დაკავშირებით განაცხადა: „თუ ვინმეს თავში რაიმე მსგავსი ხდება, ეს აბსოლუტურად დაუშვებელია და ცალსახაა, რომ ასეთი მეთოდები და მექანიზმები არ უნდა იყოს გამოყენებული“. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11