Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრემიერ-მინისტრის განცხადება სააკაშვილის სატელეფონო ჩანაწერებზე
Civil Georgia, Tbilisi / 30 ოქტ.'15 / 14:29

ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს თავის პირდაპირ სატელევიზიო მიმართვაში „სიმშვიდიკენ“, „თავშეკავებისკენ“ და „ერთად დადგომისკენ“ მოუწოდა.

მან განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები „ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას აღკვეთენ და გაანეიტრალებენ“.  მას ასევე "ყველა მხარეს" მოუწოდა: „კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში“.

29 ოქტომბერს ინტერნეტით სატელეფონო საუბრის ორი ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის საჭიროებაზე ბარიკადების მოწყობის მეშვეობით, მოუწოდებს „რევოლუციური სცენარით“ მოქმედებისკენ და ამბობს, რომ საჭიროა „ფიზიკური დაპირისპირება“, რომლის დროსაც უნდა იყოს „ცხვირ-პირის დანაყვები“ და „საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება“.

„შეუძლებელია არ შეგაძრწუნოს მართლაც იმ ცინიზმმა და გულგრილობამ, რომელსაც იჩენენ ეს პირები და რომლებსაც ოდესღაც ჩვენი ქვეყნის ბედი ებარათ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რამდენად ამორალურია მათი მიდგომა ზოგადად პოლიტიკის და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ხალხის მიმართ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში.  

„ეს არის ის ხალხი, ისინი, ვინც ფიგურირებენ ამ ჩანაწერებში, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ვინც სასტიკად უსწორდებოდა ოპონენტებს, ვინც არბევდა ტელევიზიებს, მათ შორის „იმედს“ და სხვებს, ვინც ბიზნესმენების და რიგითი მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვით იყო დაკავებული წლების განმავლობაში და ვინც ციხეში შექმნა ისეთი სისტემა, რომელმაც საქვეყნოდ ლაფში ამოსვარა ჩვენი ქვეყნის სახელი“, - განაცხადა მან.

„მათ ჯერაც ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ და იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე ვინმეს ეს წარმოუდგენია“, - განაცხადა პრემიერმა.

„ყველა სამსახური მუშაობს 24 საათის განმავლობაში, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, პოლიცია, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და სიმშვიდე და სტაბილურობა“, - აღნიშნა მან. 

„მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ სიტუაციას სრულად ვფლობთ და ვაკონტროლებთ“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ პარასკევს ოპერატიული თათბირი ჰქონდა  უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ვახტანგ გომელაურთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან.

„მე მინდა ასევე მივმართო ყველას, ჩვენ მოსახლეობას, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამაზე მაღლა დავდგეთ და მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და არ უნდა დავუშვათ არავითარი არეულობა. ამას სახელმწიფო არ დაუშვებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

„მე პირობას გაძლევთ, ჩვენი სამართალდამცავები გამოიძიებენ ამ საკითხს ბოლომდე,  ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას აღკვეთენ და გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რომელიც  იქნება მიმართული ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის დასაცავად, მათი უსაფრთხოების, მათი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

„მე მესმის ეს აღშფოთება, რადგან მეც კი მიჭირს ამ საშინელ ქმედებებზე ემოციების გარეშე განცხადებების გაკეთება, მაგრამ დღეს ყველას გვმართებს თავშეკავება“, - თქვა მან.

„მე მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს - საქართველოშიც და საზღვარგარეთ - თავი შეიკავეთ ამ პროცესის პოლიტიზებისგან და მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლისგან“, - განაცხადა მან „რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს ტელეკომპანიის ადვოკატების თხოვნით ორშაბათამდე გადაიდო.

„სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, მიეცით სისტემას მუშაობის საშუალება. მიეცით სასამართლოს და მოსამართლეს, რომ მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენი ხელისუფლება მხარს უჭერს უპირობოდ მედიის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სასამართლო დავა. საქართველოს დღეს ყავს და ეყოლება თავისუფალი მედია“.
 
„ხოლო მათ კი, ვინც გეგმავს ჩანაწერების მიხედვით, დადგმულ შესაძლო შეთქმულებაში მონაწილეობას, მივმართავ კატეგორიულად - კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში“.

„სახელმწიფო და პირადად მე ვაცხადებ, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვიქნებით გარანტი იმისა, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული - თითოეული ჟურნალისტის და ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„მე ასევე მივმართავ ჟურნალისტებს და ყველას - კარგად დაფიქრდით, რომ არ მოხდეს თქვენი გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად და არ აღმოჩნდეთ, ნებსით თუ უნებლიეთ, მონაწილენი ან თანამონაწილენი ამ პროვოკაციის, ანუ შესაძლო შეთქმულების“, - აღნიშნა მან თავის განცხადებაში.

„ასე, რომ ვინც დღეს, მეგობრებო, ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას ცდილობს, ვინც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობს ან გეგმავს რაიმე პროვოკაციას, მე მათ ვპირდები, რომ ისინი იქებიან უმკაცრესად დასჯილნი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ლიდერები ვერასოდეს ვერ დაუპირისპირდებიან საქართველოს მოქალაქეებს. და ვერც ერთი დღეს საქართველოში ვერ დაგეგმავს პროვოკაციას. ასეთი განზრახვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი იქნება გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი“, - განაცხადა მან. 

„და ბოლოს მინდა ყველას შევახსენო ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა  - ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სამშობლო და ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა. ამიტომ, დავდგეთ ამ პროვოკაციებზე, ამ სიძულვილზე მაღლა და უნდა ერთად შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25