Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„რუსთავი 2“–ის დროებითი მმართველები სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას გამორიცხავენ
Civil Georgia, Tbilisi / 6 ნოე.'15 / 18:24

  • ხალვაში აცხადებს, რომ საკუთარი წილის ნახევარს ტელეკომპანიის ორ ყოფილ მფლობელს გადასცემს სასამართლოში დავის საბოლოოდ მოგების შემთხვევაში.

„რუსთავი 2“–ის დროებითმა მმართველებმა, რომლებიც სასამართლომ მაუწყებლის ყოფილი მეწილის ქიბარ ხალვაშის თხოვნით დანიშნა, განაცხადეს, რომ ვერავინ ვერ ჩაერევა ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და არც ერთი ჟურნალისტი არ იქნება დათხოვნილი სამსახურიდან მას შემდეგ, რაც დროებითი მმართველები თავიანთ საქმიანობას შეუდგებიან.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ფინანსური დირექტორი კახა დამენია, შესაბამისად, რევაზ საყევარიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა დირექტორმა და დავით დვალმა, 2004 წლამდე „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა მეწილემ და დამფუძნებელმა შეცვალეს.

გვარამიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა და განაცხადა: „მე ამ შენობიდან არ გავალ, მობრძანდით და დამატოვებინეთ შენობა იძულებით“.

თუმცა, დვალმა განაცხადა 6 ნოემბერს, რომ პოლიცია არ იქნება გამოძახებული იმისთვის, რომ გვარამია შენობიდან გამოიყვანონ და არ მოხდება არაფერი მსგავსი იმისა, რაც 2007 წელს მოხდა, როდესაც სპეცრაზმმა ტელეკომპანია „იმედი“ დაარბია.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმაც განაცხადა, რომ ძალა არ იქნება გამოყენებული, თუმცა დასძინა, რომ გვარამიას და დამენიას აღარ აქვთ უფლებამოსილება, რომ კომპანია მართონ და თუ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან, ეს საზიანო იქნება ტელეკომპანიის საქმიანობისთვის.

ტელეკომპანიის დროებითი მმართველები – საყევარიშვილი და დვალი, ასევე „რუსთავი 2“–ის ერთ–ერთი ყოფილი მფლობელი ჯარჯი აქიმიძე 6 ნოემბერს ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარსდგნენ ჟურნალისტების წინაშე, ქიბარ ხალვაშთან და მის ადვოკატთან ერთად.

ხალვაშმა განაცხადა, რომ მან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია დვალთან და აქიმიძესთან, რომლებიც ეროსი კიწმარიშვილთან ერთად ტელეკომპანიის თანამფლობელები იყვნენ, ვიდრე ქიბარ ხალვაში გახდებოდა ტელეკომპანიის მეწილე 2004 წელს. ამ შეთანხმების თანახმად, როგორც ხალვაშმა განაცხადა, იგი მზად არის საკუთარი წილის ნახევარი აქიმიძეს და დვალს დაუთმოს იმ შემთხვევაში, თუ ის სასამართლოში ტელეკომპანიის საკუთრებაზე არსებულ დავას საბოლოოდ მოიგებს.

ხალვაშმა, დვალმა და აქიმიძემ განაცხადეს, რომ მათი შეთანხმება სამ პრინციპს ეფუძნება, მათ შორისაა „რუსთავი 2“–ის გამიჯვნა ყველა პოლიტიკური ძალისგან; „ტელევიზია არასოდეს გახდება მხარე პოლიტიკური პროცესების განვითარებისას“ და  ექნება „ობიექტური, კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა“; ტელეკომპანია იარსებებს მხოლოდ კომერციული შემოსავლებით და არ დაფინანსდება პოლიტიკური ჯგუფებისგან.

მას შემდეგ, რაც ხალვაშმა აგვისტოში „რუსთავი 2“-ის დაბრუნებისთვის სასამართლო დავა დაიწყო, დვალმა და აქიმიძემ მხარდაჭერა გამოხატეს ამ სარჩელის მიმართ და განაცხადეს, რომ ეს პროცესი დაეხმარება მათ განზრახვას, რომ მაუწყებელში თავიანთი წილები მოითხოვონ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ 3 ნოემბერს დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის სარჩელი და „რუსთავი 2“–ის მესაკუთრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამჟამინდელი მესაკუთრე სასამართლოს ზემდგომ ინსტანციებში გეგმავს. ამ ფონზე, სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინებით ხალვაშს მართვის ბერკეტების ხელში აღების საშუალება ეძლევა. 

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ – რომელთაც ხალვაში წილების 25–25% პირდება სასამართლოში საქმის მოგების შემთხვევაში, „რუსთავი 2“ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად 1994 წელს დააფუძნეს.

თითოეული მათგანი 2004 წლამდე, სანამ ხალვაში გახდებოდა ახალი მფლობელი, 30%–იან წილს ფლობდა ტელევიზიაში.

2012 წლის ბოლოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დვალმა და აქიმიძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს და განაცხადეს, რომ ისინი წინა ხელისუფლებამ აიძულა, რომ წილები დაეთმოთ; მათ ასევე ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ კიწმარიშვილთან.

2012 წლის ნოემბერში მაშინდელი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიესალმა, რომ ყოფილი მფლობელები არხის დაბრუნებას ცდილობდნენ და მათ „რუსთავი 2“–ის ნამდვილი მფლობელები უწოდა.

ეროსი კიწმარიშვილი აცხადებდა სხვადასხვა ინტერვიუებში, რომ თუ აქიმიძე და დვალი კანონიერი მფლობელები იყვნენ, მასაც ჰქონდა უფლება თავისი 30%-ის დაბრუნება მოეთხოვა და მისი მონაწილეობის გარეშე ეს დავა ვერ მოგვარდებოდა.

2013 წლის 15 ივლისს ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება, რომელიც ჯერ ისევ მიმდინარეობს, მის გარდაცვალებას თვითმკვლელობად მიიჩნევს, თუმცა კიწმარიშვილის ნათესავები თვითმკვლელობის ვერსიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

6 ნოემბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას დავით დვალმა განაცხადა, რომ სხვა ვითარებაში ის არ დათანხმდებოდა დროებითი მმართველის როლზე, თუმცა მას შემდეგ დათანხმდა ამ შემოთავაზებას, რაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აუდიოჩანაწერები გავრცელდა იმის შესახებ, თუ როგორც ცდილობს ზოგიერთი „ექსტრემისტული ჯგუფი“ „რუსთავი 2“–ის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.

კიდევ ერთმა დროებითმა მმართველმა, რეზო საყევარიშვილმა განაცხადა იმავე პრესკონფერენციაზე, რომ არც ერთი პირი არ დატოვებს “რუსთავი 2“–ს, თუ რა თქმა უნდა, ისინი საკუთარი ნებით არ დატოვებენ სამსახურს და თუ მათი საქმიანობა არ მოდის წინააღმდეგობაში საყოველთაოდ აღიარებულ ჟურნალისტურ პრინციპებთან.

როდესაც მას ტელეკომპანია „იმედის“ ათობით ჟურნალისტის და თანამშრომლის გათავისუფლებაზე ჰკითხეს, როდესაც ის 2012 წლის ბოლოს ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, საყევარიშვილმა უპასუხა, რომ ეს „რეორგანიზაციის“ გამო მოხდა, რასაც, მისი თქმით, არაფერი აქვს საერთო სარედაქციო პოლიტიკასთან.

ხალვაშის სარჩელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ბევრი ოპოზიციური პარტია და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები მთავრობის პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ მიიჩნევენ, რაც ოპოზიციურად განწყობილი არხის გაჩუმებას ისახავს მიზნად.

ხალვაშმა, მისმა ადვოკატმა და დროებითმა მმართველებმა უარყვეს ეს ბრალდება და განაცხადეს, რომ „რუსთავი 2“–მა უნდა განაგრძოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების კრიტიკული, თუმცა მიუკერძოებელი გაშუქება.

დვალმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ ის მოსაზრება, რომ პროდასავლური „რუსთავი 2“–ის წართმევა მოხდა, სააკაშვილის „პროპაგანდის“ ნაწილია. დვალის თქმით, მათი იდეოლოგია ეფუძნება ღირებულებებს, რომელთა შორისაა საქართველოს მომავლის ევროპულ სივრცეში დანახვა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12