Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველები აცხადებენ, რომ მართვის ბერკეტები ზაალ უდუმაშვილს ‘ცალმხრივად’ გადასცეს
Civil Georgia, Tbilisi / 11 ნოე.'15 / 16:53

მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ში დანიშნულმა დროებითმა მმართველებმა დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა 11 ნოემბერს განაცხადეს, რომ მათ „ცალმხრივად“ მიანიჭეს მინდობილობა ტელეკომპანიის დირექტორის მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს კომპანიის მართვის თაობაზე, უდუმაშვილმა უპასუხა, რომ ის „უკანონოდ“ მინიჭებულ ამ ვალდებულებას თავის თავზე ვერ აიღებს.

ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ რევაზ საყევარიშვილი და „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალმა განაცხადა, რომ ის ორი დღის წინ შეხვდა ზაალ უდუმაშვილს, რომელიც ტელეკომპანიაში საინფორმაციო პოლიტიკას ხელმძღვანელობს და 9-საათიანი „კურიერის“ წამყვანია და იმისათვის, რომ ტელევიზიას ნორმალურად ფუნქციონირებაში ხელი არ შეეშალოს და მართვაში ვაკუუმი არ შეიქმნას, უფლებამოსილებების დელეგირება შესთავაზა, რაზეც მისი თქმით, პასუხად არც უარი და არც თანხმობა არ მიუღია.

„ჩვენ ცალმხრივად, მე და ბატონმა რეზომ მივანიჭეთ ჩვენი უფლებები ზაალ უდუმაშვილს“, - განაცხადა დვალმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ეს მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებულ და  საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ დოკუმენტს წარმოადგენს. ამ დრომდე საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე მსგავსი დოკუმენტი არ იძებნება.

„დღეს ზალიკო უდუმაშვილს აქვს სრული უფლება აფუნქციონიროს ნორმალურად „რუსთავი 2“. მას აქვს ყველა უფლებამოსილება მინიჭებული“, - განაცხადა დვალმა, „არავინ ერთმანეთს არ ატენის არანაირ ვალდებულებას. ამოცანა გვაქვს ძალიან მარტივი, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნას „რუსთავი 2“-ს ფუნქციონირებაში“.

დროებითმა მმართველებმა ასევე მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ პროცესში მედიაციისკენ, რადგან დვალის თქმით, „ეს ის ხალხია, რომელიც დაინტერესებულია უკონფლიქტოდ, სამართლებრივი გზით, მშვიდად და წყნარად განხორციელდეს ეს დავა და არ დარჩეს კითხვის ნიშნები“.

ზაალ უდუმაშვილმა საპასუხო პრესკონფერენციაზე დაადასტურა დვალის თხოვნით მასთან გამართული შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ მას დროებითი მმართველების შეთავაზებაზე თანხმობა არ განუცხადებია. მისი თქმით, ცალმხრივად მისთვის მინიჭებული მინდობილობა „ბათილია“, რადგან მისი თანხმობის გარეშე ამ დოკუმენტს კანონიერი ძალა არ აქვს. მან ასევე განაცხადა, რომ არ აქვს შესაბამისი ფინანსური კვალიფიკაცია, რათა საკუთარ თავზე აიღოს კომპანიის მართვის განხორციელება. 

„მე ამ ვალდებულებებს ვერ ავიღებ, ვინაიდან ეს უკანონოა და მასზე არ არის ჩემი ხელმოწერა და ჩემი თანხმობა“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

„მათ სურს ეს კომპანია საბოლოოდ შეიყვანონ ჩიხში, თუმცა ბატონებო, ამას ვერ მოესწრებით, გპირდებით“, -  განაცხადა მან დროებითი დირექციის მისამართით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიის საკუთრებაზე მიმდინარე დავის ფონზე, „რუსთავი 2“-ში, დროებითი ადმინისტრაცია 5 ნოემბერს დანიშნა; შედეგად გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ და მათი ფუნქციების შესრულება, შესაბამისად, რევაზ საყევარიშვილს, ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილ დირექტორს და დავით დვალს, დაეკისრათ. ეს უკანასკნელი „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელია, რომელიც ასევე აცხადებს პრეტენზიებს ტელევიზიის წილებზე. მაშინ როცა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არ აპირებს დატოვოს ტელეკომპანია, დროებითმა დირექციამ ასევე უარი თქვა თავისი მოვალეობების შესრულებაზე, ვიდრე მათი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურები არ დასრულდება. 

დროებითმა მმართველებმა თავდაპირველად ტელეკომპანიის 91%-იანი წილის მფლობელებს ძმებ, გია და ლევან ყარამანიშვილებს მიმართეს დაესახელებინათ „ნებისმიერი“ პირი, რომელსაც ისინი ტელეკომპანიის მართვის საკითხებში სრულ უფლებამოსილებას მიანდობდნენ, თუმცა მფლობელებისგან უარი მიიღეს.

დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გაიმეორეს, რომ ისინი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ აპირებენ მართვის ფუნქციების  განხორციელების დაწყებას და არ აპირებენ სიტუაციის გამწვავებას „აღმასრულებლებით, იძულებითი“ ღონისძიებების გზით.

იმ ვითარებაში, როცა გადაწყვეტილების მიმღები პირები თავიანთ მოვალეობებს არ ასრულებენ, შესაძლოა ტელეკომპანიის ყოველდღიურ ფუნქციონირებას პრობლემები შეექმნას, მათ შორის საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის კუთხით.

„ერთი ძალიან კონკრეტული თარიღი ეს არის 15 ნოემბერი, როდესაც უნდა მოხდეს ტელეკომპანიის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამეურნეო სუბიექტის მხრიდან საგადასახადო ორგანოებში შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა. თუ ეს არ მოხდა, ტელეკომპანია ხდება კანონდამრღვევი, ურჩი გადამხდელი  და მას შეიძლება დაეკისროს გარკვეული სანქციები“, - განაცხადა საყევარიშვილმა პრესკონფერენციაზე, როცა უდუმაშვილისთვის მინდობილობის მიცემის მოტივაციაზე საუბრობდა.

ვიდრე უდუმაშვილის უარი გახდებოდა ცნობილი, დვალმა ასევე განაცხადა, რომ მათი შეთავაზების უარყოფა  „კონფრონტაციული გზით განვითარების“ ნიშანი იქნებოდა.

ნიკა გვარამიამ უდუმაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე დროებითი მმართველების, როგორც მან მოიხსენია, „ორი არალეგიტიმური ცენზორის“  შეთავაზებას „სრული აბსურდი“ უწოდა და მოუწოდა მათ, რომ თავადვე თქვან უარი სასამართლოს მიერ მათთვის დაკისრებულ მოვალეობებზე.

„თქვენ გაყოფილი გაქვთ თავი უმძიმეს ყულფში და ყოველდღიურად ეს ყულფი იკვრება თვენი კისრის გარშემო. ვერასოდეს ვერ დაამტკიცებთ იმას, რომ აქ ვერ შემოხვედით და ამიტომ ვერ ასრულებთ თქვენს მოვალეობებს. თქვენ გაქვთ აბსოლუტური წვდომა ჩვენი ანგარიშების და ჩვენი საგადასახადო ბარათების მიმართ და კეთილი ინებეთ, და შეასრულეთ თქვენზე დაკისრებული საგადასახადო ვალდებულება“, - მიმართა გვარამიამ დროებით მმართველებს.

თუმცა მან ასევე განაცხადა: „ჩვენ აქ ვართ გამოკეტილები, როგორც ქაჯეთის ციხეში და ბოლომდე ვიცავთ კომპანიის ინტერესებს“.

იმავდროულად, 11 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების ადვოკატებმა გაასაჩივრეს სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიაში დროებითი მმართველობის შემოღების თაობაზე.

ასევე, საკონსტიტუციო სასამართლო ოთხშაბათს განიხილავს „რუსთავი 2“-ის სარჩელს იმ ნორმის შეჩერების თაობაზე, რომლის საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიაში დროებითი მმართველები დანიშნა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12