Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მაჟორიტარული ოლქების მეორე მოსმენისთვის შეცვლილი საზღვრები
Civil Georgia, Tbilisi / 18 დეკ.'15 / 17:58

პარლამენტმა 18 დეკემბერს 80 ხმით 3-ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც პირველი მოსმენის ვარიანტთან შედარებით, ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს შორის ამომრჩეველთა მეტ თანაბრობას უზრუნველყოფს.

პირველი მოსმენით მიღებულ ვერსიაში არაერთი ცვლილება შევიდა ოლქების საზღვრების ხელახლა დასადგენად, მათ შორის თბილისში მანდატების რაოდენობა 22-მდე გაიზარდა სხვა ოლქების შერწყმის ხარჯზე.

ეს ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ 2016 წლის არჩევნები კვლავ კონსტიტუციით განსაზღვრული შერეული სისტემით ჩატარდება, სადაც 77 დეპუტატი 150–წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით, ხოლო 73 დეპუტატი მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა.

ცვლილებები, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციებმა შეიმუშავეს, 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის იმგვარად ფორმირებას ითვალისწინებს, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად ერთმანეთს ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით მეტ-ნაკლებად გაუთანაბრდნენ.

„საარჩევნო საკითხებში კარგი პრაქტიკის კოდექსში“, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საარჩევნო ოლქები იმგვარად იქნას  ფორმირებული, რომ საშუალო ნორმიდან დასაშვები გადახრა არ აღემატებოდეს 10%-ს, და "რა თქმა უნდა ეს არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა (კომპაქტურად დასახლებულ უმცირესობათა დაცვა, მეჩხერად დასახლებული ადმინისტრაციული ერთეული)“.

მაჟორიტარული ოლქები ამჟამად მუნიციპალურ საზღვრებს ემთხვევა, თუმცა 73 ოლქიდან მხოლოდ 12 ოლქი ჯდება 15%-იანი ცდომილების ფარგლებში იმ პირობებში, რომ ოლქის საშუალო ზომა დაახლოებით 47 ათას ამომრჩეველს შეადგენს. შემოთავაზებული ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტით, ოლქების უმეტესობა 10–15%–იანი ცდომილების ფარგლებში ექცეოდა და მხოლოდ 14 ოლქი აღემატებოდა 15%-იან ზღვარს.

საბოლოო ვარიანტით კი, როგორც საკითხზე მომხსენებელმა, ქართული ოცნების დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, 61 ოლქი 10%-იანი ცდომილების, ხოლო დანარჩენი 12 ოლქი 15%-იანი გადახრის ფარგლებში ჯდება და არცერთი ოლქის ზომა ამ მაქსიმალურ ზღვარს არ აჭარბებს.

მისი თქმით, ბოლო ცვლილებები ოპონენტების იმ არგუმენტების გასაბათილებლად შემუშავდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პირველად შემოთავაზებული ვარიანტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულად არ ასახავდა.

საბოლოო ვარიანტის მიხედვით, თბილისში გარდაბნის რაიონის მარტყოფის დასახლების ამომრჩეველთა დამატებით სულ 22 ერთმანდატიანი ოლქი შეიქმნება.

თბილისში, ისევე როგორც სხვა ოლქებში, მათ შორის რუსთავში, რომელიც 2 მაჟორიტარულ ოლქად გაიყოფა, კანონპროექტის თანახმად, ცესკო ოლქების კონკრეტულ საზღვრებსა და ნომრებს 2016 წლის 1 აპრილამდე განსაზღვრავს და მას ასევე ექნება შესაძლებლობა, რომ 1 ივნისამდე დააზუსტოს ეს საზღვრები.

ეს იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს სულ ცოტა 6 თვით ადრე ეცოდინებათ ოლქების კონტურები, სადაც თავიანთ კანდიდატებს წარადგენენ.

ძიძიგურის თქმით, ინიციატორები ამ ცვლილებების წლის ბოლომდე მიღებას იმის გამო ჩქარობენ, რომ არჩევნებამდე „ერთი წლით ადრე თამაშის წესები“ დადგენილი იყოს.

მეორე მოსმენისთვის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ის, რომ მაღალმთიანი და მეჩხერად დასახლებული რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის ხუთი მუნიციპალიტეტი ერთ ოლქში ერთიანდება და ამბროლაურს, ონს, ცაგერს, ლენტეხსა და მესტიას ერთი მაჟორიტარი ეყოლებათ საკანონმდებლო ორგანოში. მესტია, რომელიც თავდაპირველ ვარიანტში ცალკე ოლქად იყო წარმოდგენილი, ამ მუნიციპალიტეტებიდან მოწყვეტილია, რადგან გზა პირდაპირ არ აკავშირებს.

დიდ ტერიტორიას მოიცავს ასევე დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქი, რომლებიც ასევე ერთ მაჟორიტარს აირჩევენ.

კანონპროექტის მიხედვით, რამდენიმე ოლქის გაერთიანების შემთხვევაში, ცესკო ერთ-ერთი რომელიმე მუნიციპალიტეტის საოლქო კომისიას დააკისრებს მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შეჯამების ფუნქციას, ხოლო დანარჩენ საოლქო კომისიებს ამ პროცესში მხოლოდ დამხმარე ფუნქცია ექნებათ.

საბოლოო ვარიანტის მიხედვით, იმ ოლქების რაოდენობა, რომელთა საზღვრებიც არ იცვლება და კვლავ მუნიციპალურ საზღვრებში რჩება, 13-დან 8-მდე შემცირდა. საბოლოოდ ასეთ ოლქებად განისაზღვრა: საგარეჯო, გურჯაანი, მცხეთა, ხაშური, საჩხერე, ჭიათურა, წყალტუბო, სამტრედია.

კანონპროექტის თანახმად, მექანიკური შერწყმა ხდება სიღნაღის და დედოფლისწყაროს ოლქების; ახალციხისა და ადიგენის ოლქების; წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ოლქების; ასევე ვანისა და ხონის ოლქების - ეს უკანასკნელი ერთადერთი გამონაკლისია, როცა ერთიანი ოლქი მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების გაერთიანებით არ იქმნება.

ცალკეული ოლქების მექანიკურ გაერთიანებასთან ერთად, ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ოლქების დაყოფას და მომიჯნავე მუნიციპალიტეტების ნაწილების მიერთების გზით ახალი ოლქების ფორმირებას.

მაგალითად, ქუთაისს, რომელსაც ამჟამად ერთი მანდატი აქვს პარლამენტში, ცვლილებების შედეგად, სამი მაჟორიტარი ეყოლება, მათ შორის ერთს ქუთაისელები თერჯოლის ამომრჩეველთა ნაწილთან ერთად აირჩევენ.

ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ოლქების ახლებურად განაწილება არ არის „იოლი გადაწყვეტილება“, თუმცა აუცილებელი ნაბიჯია, რომლის გადადგმაც მმართველ კოალიციას უწევს.

პარლამენტის ოპოზიციურმა ჯგუფებმა კვლავ მწვავედ გააკრიტიკეს შემოთავაზებული ცვლილებები, როგორც მმართველი კოალიციის მცდელობა მომავალი არჩევნების მოსაგებად თავის თავზე მოირგოს კანონმდებლობა.

„2016 წლის არჩევნებს აგებთ და ვერანაირი ოლქების ჭრა-კერვა ამაში ვერ გიშველით“, - მიმართა კოლეგებს უმრავლესობიდან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა.

დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე თვის წინ დატოვა და ამჟამად ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ დამფუძნებელია, განაცხადა, რომ  შემოთავაზებული  ცვლილებები „ხელოვნურია“ და ის ვერც ოლქების გათანაბრებას უზრუნველყოფს და არც  პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსს ეყრდნობა. მან სანაცვლოდ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის შემოღებისკენ მოუწოდა, რომლის ინიცირებაც თავის თანაგუნდელებთან ერთად პარლამენტში უკვე მოახდინა.  

თავისუფალი დემოკრატების დეპუტატმა ზურა აბაშიძემ შემოთავაზებულ ცვლილებებს  „კატასტროფული, ამორფული და გაუგებარი“ უწოდა, რომელიც მისი თქმით, იმაზე „უფრო მძიმეა“, ვიდრე იყო პირველი მოსმენის ვარიანტი. მისი თქმით, ეს ცვლილებები დააბნევს ამომრჩეველს და მათი არჩევნებში მონაწილეობის ალბათობასაც შეამცირებს, რაზეც „მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“.

ოლქების გათანაბრებასთან ერთად, ქართული ოცნება ასევე გეგმავს საარჩევნო კოდექსში ცალკე ცვლილებების ინიცირებას, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად 50%-იანი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
59