Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს ლიდერები მიესალმებიან ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომისიის ანგარიშს
Civil Georgia, Tbilisi / 18 დეკ.'15 / 20:46


ევროკავშირის დროშა გამოსახეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ფასადზე და ამავე ფერებში განათდა თბილისის სატელევიზიო ანძა 2015 წლის 18 დეკემბერს.  ფოტო: პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ–მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიესალმნენ ევროკომისიის ანგარიშს, რომლის თანახმად საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის.

პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის წერილობით განცხადებაშიმიესალმა ანგარიშში ასახულ "იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია".

ევროკომისიამ განაცხადა, რომ ის „2016 წლის დასაწყისში“ შესთავაზებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღონ. მას შემდეგ, რაც მოხდება ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა, ის ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელწმიფოებმა უნდა დაამტკიცონ, რათა უვიზო რეჟიმი ძალაში შევიდეს. საქართველო იმედოვნებს, რომ ეს პროცედურები 2016 წლის შუა პერიოდისთვის დასრულდება.

თავის სატელევიზიო მიმართვაში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს საქართველოსთვის „ისტორიული დღეა“.

„საქართველომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიან ოჯახში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიშს შედეგად მოყვება 2016 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა.

„ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები ხვალვე აიღებენ ბილეთებს და ევროპაში უვიზოდ გაემგზავრებიან“, – განაცხადა მან, „საბოლოო გადაწყვეტილებამდე გასავლელია გარკვეული ეტაპები, რაც, სხვა ქვეყნების გამოცდილებით, რამდენიმე თვეს მოიცავს“.

მოლდოვას შემთხვევაში, ინტერვალი ევროკომისიის საბოლოო პოზიტიურ ანგარიშს და უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლას შორის, რაც 2014 წლის აპრილის ბოლოს მოხდა, ხუთი თვე იყო.   

პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პოზიტიური ანგარიშით „ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“.

„ევროკავშირმა ფაქტიურად აღიარა ჩვენი განუხრელი ერთგულება ევროპული ფასეულობებისადმი, საქართველოს წინსვლა ევროპული თანამეგობრობისკენ სწრაფვის გზაზე ის თანმიმდევრული ძალისხმევა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განსახორციელებლად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის ვართ ლიდერი სახელმწიფო“, – განაცხადა მან.

„პასუხად ევროპა ამბობს, რომ ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„დღეს ჩვენ თანამედროვეთა და ასევე მრავალი თაობის, ასევე წინაპრების ოცნება ავიხდინეთ, მიუხედავად მრავალი შიდა  თუ გარე წინააღმდეგობისა, ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით შედეგი მიღწეულია“, – განაცხადა მან.

„ამ ისტორიული გადაწყვეტილებით ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი იწყება“, – დასძინა მან.

მისი თქმით, უვიზო რეჟიმი „უფრო ღრმა და შინაარსიან განზომილებას“ შესძენს ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.

„ევროპა ჩვენი ისტორიული სახლია. ამ სიტყვაში განსახიერებულია ყველაფერი, რისკენაც ჩვენი ერი მიისწრაფის – ესაა თითოეული მოქალაქის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და თანასწორობა ადამიანთა შორის, ეს არის მშვიდობა და ნათელი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, განვითარების პირობები ყველასთვის და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი უნიკალურობის, თვითმყოფადობის სრულად რეალიზების ახალი სივრცე“, – განაცხადა მან.

„და ეს არის გზა საქართველოს ერთიანობისკენ. მხოლოდ თანამედროვე ევროპული ქვეყნის შენებით გავხდით ჩვენს ქვეყანას მიმზიდველს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. მე მჯერა, რომ დადგება დღე, როცა ისინიც, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, სრულად ისარგებლებენ ამ სიკეთეებით, რაც ევროპულ ინტეგრაციას მოაქვს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.   

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა პარასკევს პარლამენტის საშემოდგომო სესიის დახურვამდე, რომ ეს დღე „დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს საქართველოს ისტორიაში“.

„დღეს ცნობილი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი უქმდება - უვიზო მიმოსვლა ნიშნავს სწორედ ამას“, – განაცხადა უსუფაშვილმა, რასაც დარბაზში მყოფი დეპუტატების ფეხზე წამოდგომა და აპლოდისმენტები მოყვა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, რომლებიც ასევე მიესალმნენ ევროკომისიის ანგარიშს, იმ დროს დარბაზში არ იმყოფებოდნენ. 

 „ჩვენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც 21-ე საუკუნეში საზღვრებს აუქმებს და არა იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც  საზღვრებს აგებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გილოცავთ ყველას, ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების, წინა ხელისუფლებების, ძალიან ბევრი კონკრეტული ადამიანის, ვინც იშრომა ამ მიმართულებით და მინდა ყველას მადლობა მოვახსენო“, – დასძინა უსუფაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიულოცა ქართველ ხალხს, რომელმაც, „დაამტკიცა, რომ ის არის ევროპის ნაწილი და მას ნამდვილად ეკუთვნის მომავალი ევროპაში“.

„მინდა ასევე განსაკუთრებით მივულოცო თითოეულ ქართველ დიპლომატს და საჯარო მოხელეს, რომლებიც წლების მანძილზე, ჯერ ჩვენი ხელისუფლების დროს, რომელმაც დაიწყო ეს პროცესი და შემდეგ დღევანდელი მთავრობის დროს, რომელმაც ბოლომდე მიიყვანა ეს პროცესი, მუშაობდა ამ თემაზე“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„ეს არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპის მიმართულებით, მაგრამ გასავლელი და გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, – დასძინა მან.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის ელის, რომ გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე 2016 წლის შუა პერიოდში შევა ძალაში, რაც, მისი თქმით, საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილდნენ ევროპაში და რაც უზრუნველყოფს მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროკავშირში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11