Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტმა სანდრო გირგვლიანის დედა თამარ მეფის ორდენით გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვა
Civil Georgia, Tbilisi / 22 დეკ.'15 / 16:47

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 22 დეკემბერს სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე „ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და სამოქალაქო თავდადებისათვის“  თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა გარდაცვალების შემდეგ.

დაჯილდოების ცერემონიას ოჯახის წევრებთან ერთად ის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ, რომლებიც ირინა ენუქიძეს მხარს უჭერდნენ ბრძოლაში, რომელიც 2006 წელს მოკლული 28 წლის სანდრო გირგვლიანის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით ხანგრძლივად მიმდინარეობდა. 

„მას მოუკლეს შვილი და ის იბრძოდა იმისთვის, რომ სხვების შვილები გადარჩენილიყვნენ. მან ამ ბრძოლას შეწირა თავის სიცოცხლე და ეს ბრძოლა ბოლომდე მიიყვანა“, - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე და ირინა ენუქიძეს, რომელიც შვილის მკვლელობიდან, დაახლოებით, წელიწადნახევარში გარდაიცვალა, ჰუმანურობისთვის, ადამიანის უფლებისთვის და სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლის „სიმბოლო“ და „სულისჩმდგმელი“ უწოდა. 

„ძალიან რთულ ვითარებაში მცირერიცხოვანი ადამიანები დაუპირისპირდნენ სისტემას და ამ სისტემასთან დაპირისპირებაში მორალური ძალით რეალურად მიგვიყვანეს სისტემის გადატეხვამდე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დაჯილდოების ცერემონია წინ უძღვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 25 დეკემბერს დაგეგმილ კენჭისყრებს, რომლის შედეგადაც რამდენიმე ათეული მოსამართლე უვადოდ უნდა გამწესდეს თანამდებობებზე.

კანდიდატებს შორისაა 2013 წლიდან იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივანი და 2006 წლიდან უზენაესი სასამართლოს წევრად 10-წლიანი ვადით არჩეული ლევან მურუსიძე, რომელსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გამწესება სურს და რასაც უფლებადამცველი ჯგუფები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. 2015 წლის დასაწყისში მურუსიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატადაც იყო წარდგენილი.  

ლევან მურუსიძე, სხვა გახმაურებულ საქმეებთან ერთად, ასევე არის სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე, რომლის მონაწილეობითაც 2007 წლის ივლისში გირგვლიანის მკვლელებს სასჯელი შეუმსუბუქდათ.

მოგვიანებით, 2011 წელს სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოტანილ განაჩენში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ  „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

პრეზიდენტის სასახლეში დაჯილდოების შემდეგ თავის გამოსვლაში სანდრო გირგვლიანი მამამ, გურამ გირგვლიანმა გააკრიტიკა ლევან მურუსიძე იმის გამო, რომ ის „დღესაც უნამუსოდ იბრძვის“ უვადო მოსამართლეობის მისაღებად და დასძინა, რომ „მას ეტყობა ჰყავს თავისი მხარდამჭერები“.

„ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი ის იყო იმ განაჩენის, რომელიც მაშინ გამოიტანა იმ ხელისუფლებამ და მე იმედი მაქვს და მჯერა, რომ საზოგადოება, ხელისუფლება, არასამთავრობოები და ა.შ. ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს პიროვნება არ იქნება არჩეული, მაგრამ, სამწუხაროდ, თუ ეს მოხდება  - და მე იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება - მაშინ გამოდის, რომ ირინა ენუქიძის ბრძოლას არავითარი ფასი არ ჰქონია“, - განაცხადა სანდრო გირგვლიანის მამამ.

თავად ლევან მურუსიძე, რომლის დანიშვნასაც ღიად ეწინააღმდეგებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები, აცხადებს, რომ მან გირგვლიანის საქმეზე განაჩენი კანონის ფარგლებში გამოიტანა.

20 დეკემბერს მიღებულ სპეციალურ განცხადებაში მოსამართლეთა კონფერენციამ „დაუსაბუთებელი“ უწოდა „მოსამართლეთა დიდი უმრავლესობის ნდობის მანდატით აღჭურვილი“ ლევან მურუსიძის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს.

„დღეს წყდება მთავარი საკითხი, რაც, ვფიქრობთ, უკვე მრავალი წელია სასამართლო სისტემის და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი გამოწვევაა: იმ მოსამართლეებს, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების პერიოდში არ არიან დანიშნულები/არჩეულები, ექნებათ თუ არა ხელახალი ვადებით სამოსამართლეო კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა (ასეთია დღევანდელ მოსამართლეთა დაახლოებით 90%), ცხადია მათი კვალიფიკაციის, გამოცდილების და სხვა კრიტერიუმების ობიექტური შეფასების შედეგად, თუ, ასეთი მოსამართლეები, მხოლოდ ერთი ნიშნით - ისინი მოქმედი ხელისუფლების პირობებში არ არიან დანიშნულნი, წინასწარ იქნებიან განწირულები“, - ნათქვამია მოსამართლეთა კონფერენციის განცხადებაში, რომელიც იუსტიციის საბჭოს თითოეულ წევრს მოუწოდებს გადაწყვეტილება მიიღოს  „თავის შეხედულებისამებრ“ და არ მოექცეს სხვადასხვა ჯგუფების „ზეგავლენის ქვეშ“.

„საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ხელისუფლების არსებობა, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას თავი შეიკავონ მიზანმიმართული აშკარად მცდარი, დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური და არაეთიკური განცხადებებისაგან, რომლებიც ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს, პრესტიჟს და იწვევს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის დაკარგვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას, ბიზნეს ასოციაციასა და მედია საშუალებას აერთიანებს და მოსამართლეთა კანდიდატებთან „მნიშვნელოვანი ხარვეზებით“ მიმდინარე გასაუბრებებს აკვირდებოდა,  მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მიმდინარე პროცესის შეჩერებას მოითხოვს.

„კოალიციას მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ სათანადო საკანონმდებლო რეფორმის გატარების შემდეგ შეიძლება იმუშაოს მოსამართლეთა არსებული ვაკანსიების შევსებაზე“, - ნათქვამია 21 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიცია ლევან მურუსიძესთან მიმართებაში, რომელიც იუსტიციის საბჭოს მდივანი  და იმავდროულად, მოსამართლეობის კანდიდატიცაა, „აშკარა ინტერესთა კონფლიქტზე“ მიუთითებს და ამბობს, რომ მასთან „გასაუბრების პროცესი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ საბჭოს მდივანს შესაძლებლობა მისცემოდა თავი ემართლებინა გახმაურებულ საქმეებზე მის მიერ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13