პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილს და ქართული ოცნების მიერ შეთავაზებულ ამ კანდიდატურას შეუფერხებლად უგზავნის პარლამენტს დასამტკიცებლად.
პრეზიდენტს ამ ფორმალური პროცედურისთვის 7 დღის ვადა ჰქონდა, თუმცა მან პარლამენტს კანდიდატურა დასამტკიცებლად დაუყოვნებლივ გადაუგზავნა.
„მე მინდა დაგიდასტუროთ ის, რომ საქართველოს სჭირდება ეფექტური და ძლიერი მთავრობა. არსებულ პოლიტიკურ გუნდში მე მხარი დავუჭირე როგორც პრემიერ-მინისტრის [ირაკლი ღარიბაშვილის] გადადგომას მყისიერად, ასევე ბატონი კვირიკაშვილის კანდიდატურა როგორც კი წარმოადგინეს, ამ კანდიდატურას დავუჭირე მხარი მყისიერად“, - განაცხადა პრეზიდენტმა 25 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.
„მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცებს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. იმედი მაქვს, რომ ის ეფექტურად და წარმატებით გაართმევს ურთულეს ამოცანებს თავს“, - აღნიშნა მან.
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე 25 დეკემბერს წარადგინა; ის ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან 23 დეკემბერს კონკრეტული მიზეზის დასახელების გარეშე გადადგა.
ახალი პრემიერობის კანდიდატი, პრეზიდენტის მიერ მისი ფორმალური წამოყენების შემდეგ, პარლამენტს მთავრობის საკუთარ შემადგენლობას წარუდგენს ნდობის მისაღებად, რასაც სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კაბინეტში შესაძლოა იყოს ცვლილებები, თუმცა ეს „დრამატული“ არ იქნება.
პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის განხილვას 28 დეკემბერს, ხოლო დამტკიცებას 29 დეკემბერს გეგმავს.