ვანო მერაბიშვილი ქუთაისის სასამართლოს დარბაზში, როცა მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, 2013 წლის 22 მაისს. ფოტო: ინტერპრესნიუსი
საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ის სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებით „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე პასუხისგებაში მიეცათ, „არამედ პროკურატურამ ის გამოიყენა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა ბერკეტის მოსაპოვებლად“ იმ გამოძიებებთან მიმართებაში, რომლებიც სხვა საქმეებზე მიმდინარეობდა, მათ შორის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, განაცხადა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 14 ივნისს გამოტანილ განაჩენში.
შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე–18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე–5 მუხლის 1–ელ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).
მართალია სტრასბურგის სასამართლომ ვერანაირი დარღვევა ვერ იპოვა 2013 წლის მაისში მერაბიშვილისთვის წინასწარ პატიმრობის თავდაპირველად შეფარდების დროს, მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ ოთხი თვის თავზე მის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას გონივრული საფუძვლები აკლდა და შესაბამისად, კონვენციის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის დარღვევას წარმოადგენს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაცხადა, რომ მერაბიშვილის თხოვნა გათავისუფლების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის სექტემბერში „ზედაპირულად“ განიხილა და დაუკმაყოფილებელი დატოვა ისე, რომ არ გაუცია რაიმე წერილობითი გადაწყვეტილება და არც მიზეზები აუხსნია ზეპირი ფორმით.
ევროპის სასამართლომ ამ დარღვევების გამო მერაბიშვილისთვის 4 000 ევროს ოდენობით მორალური ზიანის და ასევე 8 000 ევროს ოდენობით ხარჯების ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.
ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხებამდე რამდენიმე თვე პრემიერ–მინისტრი იყო, 2013 წლის მაისში დააკავეს მითვისება–გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს, თუმცა მერაბიშვილი ყველა მათგანს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 2014 წელს მერაბიშვილი დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა შეუფარდეს რამდენიმე დამოუკიდებელ სასამართლო პროცესზე.
სტრასბურგის სასამართლოში მისი წინასწარი პატიმრობის შესახებ წარდგენილ სარჩელში, მერაბიშვილი ამტკიცებდა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლი.
ერთ–ერთ პრეტენზიაში, რომელიც კონვენციის მე–18 მუხლს ეფუძნება, მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და მისი დაკავება ხელისუფლებამ იმისთვის გამოიყენა, რომ ის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოეშორებინა, რასაც ნაციონალური მოძრაობის დასუსტება მოყვა, ხოლო თავად მან ვეღარ შეძლო 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენება.
ის ასევე აცხადებდა, რომ მისი დევნა წინასწარი პატიმრობის დროსაც გრძელდებოდა, როდესაც 2013 წლის დეკემბერში, მისი თქმით, ის გამოიყვანეს საკნიდან, რათა გვიან ღამით მაშინდელ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შეხვედროდა, რომელიც მერაბიშვილმა მის დაშინებაში დაადანაშაულა ყოფილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და ასევე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო საიდუმლო ოფშორული საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
მერაბიშვილის საქმემდე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში სულ ექვსი შემთხვევა იყო, როდესაც მან კონვენციის მე–18 მუხლის დარღვევა აღიარა.
ამ მუხლის თანახმად უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რა მიზნითაც ეს შეზღუდვები დაწესდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სამართლებრივად დაადასტურებს ვინმეს უფლებების შეზღუდვის აუცილებლობას, ეს მაინც დარღვევად ჩაითვლება, თუ აღმოჩნდება, რომ უფლებათა ეს შეზღუდვა, მათ შორის დაკავებაც, რაიმე სხვა მალული მიზნით იქნა გამოყენებული, მათ შორის პოლიტიკური ან სხვა იმისგან განსხვავებული მიზნით, რაც ოფიციალურად არის გაცხადებული.
ამ კონკრეტულ მუხლთან მიმართებაში, მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა, როცა მას აკავებდნენ.
თავის გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლო აცხადებს, რომ ის „ცნობად იღებს“ პოლიტიკური მოტივების შესახებ მერაბიშვილის ბრალდებების ზოგად ფონს და აღნიშნავს, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა, ბევრმა საერთაშორისო დამკვირვებელმა, მაღალი რანგის უცხოელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოხატეს მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შესაძლო პოლიტიკური მიზნებით გამოყენების გამო.
სასამართლო აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ ვითარებაში, მერაბიშვილის დაკავებაზე გადაწყვეტილება ფართო კონტექსტში, მათ შორის მისი პოლიტიკური სტატუსის გათვალისწინებით უნდა იქნეს განხილული.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ეს კონტექსტი „უდავოდ“ წააგავს უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს საქმეს; სასამართლომ 2013 წლის განაჩენში განაცხადა, რომ ტიმოშენკოს წინასწარი პატიმრობით კონვენციის მე–18 მუხლი დაირღვა; სასამართლომ განაცხადა მაშინ, რომ ტიმოშენკოს დაკავება „თვითნებური“ იყო და კანონით დაშვებულისგან განსხვავებული, სხვა მიზეზით მოხდა.
თუმცა მერაბიშვილის საქმეზე სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-18 მუხლის კონტექსტში არსებულ შესაძლო პოლიტიკურ მოტივებს ვერ განიხილავს მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ მერაბიშვილი ოპოზიციონერი ლიდერია.
„იმის დასადგენად, რომ ხელისუფლება არასათანადო მოტივებს იყენებდა პოლიტიკოსის უფლებების შეზღუდვისას, სასამართლო ვერ მიიღებს მტკიცებულებად პოლიტიკური ინსტიტუტების ან არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებსა და რეზოლუციებს, ანდა სხვა საჯარო პირების განცხადებებს“, – განაცხადა სასამართლომ.
„თუმცა ამ საქმეში არსებული გარემოებები მიანიშნებს რომ მოსარჩელის დაკავებას თავისი გამორჩეული მახასიათებლები ქონდა, რომლებიც საშუალებას აძლევს სასამართლოს, რომ საქმე ზემოთხსენებული ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან განცალკევებით შეისწავლოს“, – განაცხადა მან.
კონვენციის მე–18 მუხლის კონტექსტი 2013 წლის დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარეობს, როდესაც მერაბიშვილი, მისი განცხადებით, გვიან ღამით გამოიყვანეს საკნიდან მაშინდელ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად, რომელიც, მერაბიშვილის თქმით, დაშინების გზით ცდილობდა, რომ გარკვეული ინფორმაცია მოეპოვებინა კავშირის არმქონე გამოძიებებთან დაკავშირებით, მათ შორის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
სასამართლომ მერაბიშვილის ეს მონათხრობი სანდოდ და უტყუარად რამდენიმე მიზეზის გამო მიიჩნია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მერაბიშვილმა ინციდენტი „განსაკუთრებით სანდოდ და დამაჯერებლად“ აღწერა; სასამართლოსვე განცხადებით, მერაბიშვილის მიერ მოყოლილი ფაქტები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ–ერთმა მაღალი რანგის თანამშრომელმა ქალმა დაადასტურა, რომელიც ჩვენების მიცემის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ციხის ადმინისტრაცია აშკარად თავს იკავებდა ციხის სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო მასალის მიწოდებისგან, რომელიც ამ ინციდენტს მეტ ნათელს მოფენდა. ზოგადად კი, სასამართლოს თქმით, ხელისუფლება და „განსაკუთრებით“ მაშინდელი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, რომელიც ახლა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრია, „აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ მოწოდებებს ობიექტური და ზედმიწევნითი გამოძიების ჩატარების თაობაზე“.
"მთავრობას სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია რაიმე არსებითი განმარტება 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტის თაობაზე, გარდა იმისა, რომ მოკლე მინიშნება გააკეთა ძალიან ბუნდოვან შიდა გამოძიებაზე, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ ჩაატარა და რომელთან დაკავშირებითაც სულ მცირე ინფორმაციაც კი არ იქნა გაზიარებული სასამართლოსთვის“, – განაცხადა სტრასბურგის სასამართლომ.
ამ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლომ განაცხადა, რომ მას ცალსახად შეუძლია დაადგინოს რომ „მოსარჩელის წინასწარი პატიმრობა გამოყენებულ იქნა არ მხოლოდ იმ მიზნით, რომ ის პასუხისგებაში მიეცათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და საჯარო სამსახურში ჩადენილი სხვა სამართალდარღვევების თაობაზე გონივრული ეჭვის საფუძველზე, რომელთან დაკავშირებითაც მას ბრალი ქონდა წარდგენილი, არამედ პროკურატურამ ის [წინასწარი დაკავება] ასევე გამოიყენა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა, რათა მოეპოვებინა ბერკეტი ამ საქმესთან კავშირის არმქონე სხვა გამოძიებაში, რომელიც ყოფილი პრემიერ–მინისტრის [ზურაბ ჟვანიას] გარდაცვალებას და სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის [სააკაშვილი] ფინანსურ საქმიანობაზე გამოძიებას უკავშირდებოდა“.
„რა თქმა უნდა, დაკავების შესაძლებლობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრალდებულზე მორალური ზეწოლის განხორციელების საშუალებად“, – განაცხადა სასამართლომ.
რეაქციები თბილისში
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა რომ სასამართლოს მიერ „პოლიტიკურ პატიმრად“ აღიარებული პარტიის გენერალური მდივანი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან; ხელისუფლებამ კი უარყო მერაბიშვილის შესაძლო პოლიტპატიმრად აღიარება და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არანაირად არ იწვევს მისი ციხეში ყოფნის გადასინჯვის საჭიროებას.
„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სტრასბურგის სასამართლომ შავით თეთრზე თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა... არის კანონიერი. ეს იყო ჩვენთვის მთავარი და ეს მიღწეულია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოში, განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.
„ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ, ამიტომ როდის შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში წინასწარ არ ვიცი, ალბათ ეს იქნება გაისად“, - განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს სამშაბათს.
„ჩვენ გავასაჩივრებთ მაგალითად იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მერაბიშვილის მონაყოლს [ფარცხალაძის ეპიზოდთან დაკავშირებით]“, -განაგრძო მან, „სტრასბურგის სასამართლომ გვითხრა, რომ რატომ არ ჩაატარეთ გამოძიებაო. ჩვენ ჩავატარებთ გამოძიებას და დიდ პალატაში ვიდავებთ იმაზე, რომ რეალობა ალბათ სხვა იყო და არ უნდა დაეყრდნოს სასამართლო მხოლოდ მომჩივნის განცხადებებს“.
მეორე დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლის მიერ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ზეპირი მოსმენის გარეშე უკავშირდება, წულუკიანმა განაცხადა, რომ „გვევალება, რომ ჩვენ ქართველ მოსამართლეებს ვასწავლოთ როგორ დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, როცა ამბობენ, რომ გირაოს ვერ შეუფარდებენ წინასწარი პატიმრობის ნაცვლად“.
მისი თქმით, სასამართლოს მიერ წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით აღიარებული დარღვევები უკვე მსჯავრდებულ მერაბიშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზე „ვერ იქონიებს ვერანაირ გავლენას“.
„გადაწყვეტილება ვერ იწვევს რაიმე ფორმით დღეს ვანო მერაბიშვილის ციხეში ყოფნის გადასინჯვას“, - დასძინა წულუკიანმა.
მანამდე მერაბიშვილის ადვოკატმა და ნაციონალური მოძრაობის წევრმა ოთარ კახიძემ ხელისუფლებას მისი კლიენტის „დაუყოვნებლივ“ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
მართალია ამისკენ პირდაპირ არ მოუწოდებია, თუმცა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ხელისუფლებას მიმართა, რომ „გამოიჩინოს ადეკვატურობა“.
„ევროპის სასამართლოს ისტორიაში არსებობს ერთადერთი პრეცედენტი, რომ ქვეყანამ არ გაითვალისწინა ამ სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს ხელისუფალი გახლდათ უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი, ხოლო ეს პოლიტიკური პატიმარი იულია ტიმოშენკო. დიახ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა არ გაითვალისწინა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ყველას კარგად ახსოვს, როგორც დაასრულა მან“, - განაცხადა ბაქრაძემ, „მინდა ხელისუფლება მოვუწოდო გამოიჩინოს ელემენტარული პასუხისმგებლობა, ნუ დადგება ბოლომდე იანუკოვიჩის გზაზე და ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ჩვენს განვითარებას ნუ გადააყოლებს საკუთარ ბოღმას და საკუთარ შურისძიებას“.
„სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილებით ვანო მერაბიშვილი გახლავთ პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამ საკითხზე „უსუსურად, არაკომპეტენტურად და ტყუილებით ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ თითქოს თეთრი არის შავი“.
პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპონენტები ნაციონალური მოძრაობიდან „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების „არცერთ ფრაზაში მინიშნებაც კი არ გვხვდება მერაბიშვილის შესაძლო პოლიტიკურ პატიმრობაზე“ ან იმის შესახებ, რომ „თითქოს ივანე მერაბიშვილი პოლიტიკიდან მისი ჩამოშორების მიზნით იქნა დაკავებული“.
„სასამართლომ მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ სცნო და დაადგინა მხოლოდ ორი ხარვეზი, რომელიც არ არის ივანე მერაბიშვილის არც წინასწარი პატიმრობის უკანონობის დადგენის და მითუმეტეს, არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თავის კომენტარში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რესპუბლიკური პარტიიდან დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „ნებისმიერი დამნაშავის ოცნებაა ჰყავდეს ისეთი პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე, რომელიც დაუშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც შემდგომ დამნაშავეს მისცემს საშუალებას ამაზე აპელირების... დამნაშავე სწორედ ამაზე ოცნებობს, რომ ამითი მოახდინოს თავისი რეაბილიტირება“.
„მეორე ოცნება დამნაშავეების, რომლებიც საჯარო პოლიტიკური ცხოვრებაში არიან გარეული, არის ჰყავდეთ ისეთი პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც თავიანთი განცხადებებით შექმნიან ისეთ ფონს, რომ მერე ვიღაცამ დაასკვნას, რომ აი პოლიტიკური ნიშნითაა დევნილი და არა კანონი დევნის მას. არ არის გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილსაც ჰქონდა ასეთი ოცნებები და მისი ოცნებების ნაწილი შესაძლოა ახდა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.