საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი 6-წლიანი ვადით ვასილ მაღლაფერიძე გახდა მას შემდეგ, რაც 6 იანვარს ფარული კენჭისყრის შედეგად მასზე არჩევანი სამეურვეო საბჭოს უმრავლესობამ გააკეთა.
კენჭისყრის პირველმა მცდელობამ კონკურსში დარჩენილ 5 კანდიდატს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა და განმეორებითი კენჭისყრა ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს - ვასილ მაღლაფერიძესა (4 ხმა) და თინათინ ბერძენიშვილს (2 ხმა), საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის მოვალეობის შემსრულებელს შორის ჩატარდა.
მეორე ტურის მეორე ფარულ კენჭისყრაში მაღლაფერიძემ 6 ხმით მოუგო ბერძენიშვილს, რომელმაც კვლავ 8-წევრიანი სამეურვეო საბჭოს 2 ხმა მიიღო. გამარჯვებისთვის სულ ცოტა 5 წევრის მხარდაჭერა იყო საჭირო.
ვასილ მაღლაფერიძე, რომელსაც პოლიტიკოსობის თითქმის 10-წლიანი სტაჟი აქვს, ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა 1999 წლამდე, ვიდრე მაშინდელი მმართველი პარტიის მოქალაქეთა კავშირის სიით დეპუტატი გახდებოდა და მას შემდეგაც, რაც აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა. ის დეპუტატად 2004 წელსაც აირჩიეს ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების სიით, თუმცა თავის 4 წლიანი ვადა ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვინაიდან 2005 წლის მარტში მცხეთა-მთიანეთში მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რწმუნებულად დაინიშნა, სადაც სამი წელი იმსახურა. 2008 წლის თებერვალში გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მაღლაფერიძემ ერთი წელი სახალხო დამცველის აპარატში ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსად იმუშავა.
2010 წლიდან ის კვლავ ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდა. 2012 წელს ის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა - ეს არხი 2013 წლის აგვისტოში დაიხურა. 2014 წლიდან 2016 წლის სექტემბრამდე მაღლაფერიძე ასევე ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს გენერალური პროდიუსერი იყო.
მან საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობის დაკავების სურვილი დანარჩენ კანდიდატებთან ერთად მას შემდეგ გამოთქვა, რაც ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თავისი 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე, 21 ნოემბერს თანამდებობა მოულოდნელად დატოვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა სულხან სალაძემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ ახალი დირექტორი „არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური“ და დანარჩენ კანდიდატებს შორის ის ამ კუთხით ყველაზე უარესი იყო.
„[საბჭომ] ამ გადაწყვეტილებით სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა [საზოგადოებრივი მაუწყებლის] ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და რეალურად სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას“, - განაცხადა 6 იანვარს ჟურნალისტებთან კომენტარში სალაძემ, რომელსაც ვასილ მაღლაფერიძისთვის ხმა არ მიუცია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ქეთევან მსხილაძემ, რომელსაც ასევე არ მიუცია ხმა ახალი დირექტორისთვის, 5 იანვარს გასაუბრების დროს ვასილ მაღლაფერიძეს, რომელსაც, მისი თქმით, „გამოკვეთილი პოლიტიკური აფილიაცია და პოლიტიკური სიმპათიები“ აქვს ქართული ოცნების მიმართ, კითხა, თუ როგორ შეძლებს ის ამ პოლიტიკური წარსულიდან "გადაწყობას" და ობიექტური სარედაქციო პოლიტიკის გაძღოლას.
„ჩემი პოლიტიკური წარსული არ არის დანაშაული“, - უპასუხა კანდიდატის სტატუსით მაღლაფერიძემ, „მე ქართული ოცნების არც ვალი მაქვს რამე და არც ვალდებულება... პოლიტიკის მიმართ არანაირი ვალდებულება არ მაქვს“.
გასაუბრებაზე თავის შესავალ სიტყვაში მან განაცხადა, რომ „პოლიტიკური დამოუკიდებლობის ერთადერთი საზომი“ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის „ნდობის ამაღლება“, რაც მან კონკურენტუნარიანობის გაზრდასთან ერთად მისი მმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა. მან ასევე განაცხადა, რომ უმთავრესი ამოცანა იქნება იმ „მთავარი გამოწვევის“ დაძლევა, რაც მედია ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ლიდერის პოზიციის დაკავებას უკავშირდება.
უკანასკნელი კვლევის თანახმად, რომელიც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ზაფხულში ჩატარდა, როგორც ნდობის, ისე ახალი ამბების ყურებადობის რეიტინგებში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს მეოთხე ადგილი უკავია კერძო ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის, "იმედისა" და "მაესტროს" შემდეგ და პირველ ორს ამ რეიტენგებში დაახლოებით ორჯერ ჩამორჩება.
ვასილ მაღლაფერიძემ თავის საპროგრამო სიტყვაში ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც მან საკადრო ცვლილებები არ გამორიცხა, ახალი შენობა და ტექნიკური მოდერნიაცია სჭირდება კონკურენტუნარიანი პროდუქციის შესაქმნელად.
საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება - მისი ბიუჯეტი 2017 წელს 46.4 მლნ ლარამდე გაიზარდა, წინა წელს არსებული 44.1 მლნ ლარიდან.