Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა
Civil Georgia, Tbilisi / 6 იან.'17 / 18:44

თბილისის ყოფილი მერი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 6 იანვარს პატიმრობიდან გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც იმავე დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაახლოებით, 3 წლითა და 3 თვეზე ოდნავ მეტით შეუმცირა. 

საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ უგულავამ, რომელსაც ციხესთან ახლობლები და თანაპარტიელები ოვაციებით შეხვდნენ, „სხვა პოლიტმატიმრების“ გათავისუფლებისკენაც მოუწოდა ამნისტიის გზით ან პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენებით. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბრალი არ უღიარებია. უგულავამ თავის პირველ კომენტარში ასევე განაცხადა, რომ ის ნაციონალურ მოძრაობაში არსებული დაპირისპირების ცივილიზებული გზით მოგვარებისკენ მიმართავს თავის ძალისხმევას.

უგულავა, რომელსაც ასევე აქვს წაყენებული ბრალდებები სხვა საქმეებზე, 4.5 წლიან სასჯელს 2015 წლის 18 სექტემბრიდან იხდიდა, როცა ის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერად მუშაობის დროს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო ე.წ. თბილსერვისის საქმეზე, რომელიც, პროკურატურის განცხადებით,  4.1 მილიონი ლარის ოდენობის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას მოიცავდა  თბილისის მუნიციპალურ სამსახურში 760–ზე მეტი ფიქტიური სამუშაოს შექმნის გზით, რომლის საშუალებითაც თანხები ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ხელფასების დაფარვას მოხმარდა. ამ საქმეზე მსჯავრდებულად ცნობამდე ერთი დღით ადრე უგულავა 14–თვიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგო, თუმცა თავისუფლებაზე მისმა ყოფნამ მაშინ მხოლოდ ერთი დღე გასტანა.

სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ 6 იანვარს გამოცხადებული განაჩენით გაფლანგვის ბრალდებები გადააკვალიფიცირა და უგულავა სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადამეტებაში ცნო დამნაშავედ. სასამართლომ მას სასჯელის სახით, 2012 წლის დეკემბერში მიღებულ ამნისტიის აქტის გათვალისწინებით, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, სასჯელის ეს ვადა 9 იანვარს, ორშაბათს იწურებოდა, თუმცა, მისი თქმით, კანონი უშვებს საპატიმროდან ვადაზე ადრე გამოშვების შესაძლებლობას, როცა წინ უქმე დღეებია. 

განაჩენის გამოცხადებამდე, 4 იანვარს თავის საბოლოო სიტყვაში უგულავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ცალსახად ცუდია“, როცა საჯარო სამსახურში დასაქმებულები მმართველი პარტიის აგიტატორებად მუშაობენ და დასძინა, რომ მან ამის აღკვეთა ვერ შეძლო.

„ეს ამბავი ასე არ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ასე გამოვიდა“, - განაცხადა მან თავის დასკვით სიტყვაში, „მე ამას არ ვემიჯნები; სამწუხაროდ, ეს ჩემი პრობლემა არის“.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, წინა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, უგულავა გაამართლა იმავე პროცესის ფარგლებში განხილულ ცალკე საქმეზე, რომელიც  ფულის გათეთრების ბრალდებას მოიცავდა. ამ საქმეზე ასევე გამართლდა დაუსწრებლად ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.

ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ის სააპელაციო სასამართლოს 6 იანვრის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით გაასაჩივრებს. 

უგულავას საპატიმროდან გამოშვება წინ უძღვის სადავო ყრილობას, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ შიდა დაპირისპირების ფონზე 20 იანვარს უნდა გამართოს. გიგი უგულავა იმ ჯგუფში მოიაზრება, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიციების მომხრეებს უპირისპირდება.

უგულავამ განაცხადა, რომ პარტიაში მიმდინარე „სამარცხვინო“ პროცესების გამო „ძალიან წუხს“ და აპირებს შეხვდეს მიხეილ სააკაშვილსა და მისი მხარდამჭერების ჯგუფს, რათა „ყველაფერი ვიღონოთ“ იმისთვის, რომ  „ჩვენ ეს კრიზისი გავიაროთ, რომ პოზიციები შევაჯეროთ“, თუ „ნახევარი პროცენტიც არის ამის შანსი“. 

„ძველი ურთიერთობის ფორმები ალბათ ვერ აღდგება, მაგრამ თუ ჩვენ გამოვნახავთ საერთო პლატფორმას, რომელიც ფოკუსირებული იქნება აწმყოთი და მომავალით, შეიძლება ეს ყველაფერი გამოვიდეს, ამისთვის საჭიროა ნება და ყველა ამ პრობლემაზე ერთმანეთთან საუბარი“, - განაცხადა უგულავამ.

„თუ მომავალში სამწუხაროდ ვერ შედგა [შეთანხმება]... ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს მოხდეს ცივილიზებული ფორმით და არა ისეთი საშინელი ფორმით, როგორც სამწუხაროდ, ამას აქვს ადგილი“, - აღნიშნა მან.

ჯერ კიდევ უგულავას საპატიმროდან გამოსვლამდე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაშიც ოპოზიციურ მოძრაობას ლიდერობს, თავის Facebook-ის გვერდზე მიესალმა მის გათავისუფლებას და განაცხადა, რომ „საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან, როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზე“.

„მიხარია, რომ ის შობის დღესასწაულს აღნიშნავს თავის შვილებთან და მეგობრებთან ერთად. გიგის არც დანაშაული ჩაუდენია და არც არასწორი ქმედებები განუხორციელებია (მიუხედავად იმისა, თუ რა განაცხადა მან ბოლო სასამართლო პროცესზე) იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ივანიშვილის ჯიბის პროკურორები უყენებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. ამგვარად, ეს პატიმრობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ოლიგარქის პირადი შურისძიება და დაშინების კამპანიის ნაწილი“, - წერს სააკაშვილი თავის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში, ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ჩამოსვლის თხოვნით მიმართავს 20 იანვრის ყრილობაზე დასასწრებად. 

„ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩემთვის საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალების მოცემა ჩვენს ხალხთან შესახვედრად და 20 იანვარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად“, - აცხადებს ექსპრეზიდენტი, რომელიც სხვადასხვა ბრალდებებით იძებნება პროკურატურის მიერ, რასაც ის პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას უწოდებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23