Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალური მოძრაობა გაიყო
Civil Georgia, Tbilisi / 12 იან.'17 / 15:15

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაიყო მას შემდეგ, რაც 12 იანვარს პარტიას, რომელიც უმსხვილესი ოპოზიციური ჯგუფია პარლამენტში, ლიდერების დიდი ნაწილი გამოეყო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ჯგუფთან ოთხთვიანი მზარდი დაპირისპირების შედეგად და ახალი ძალის შექმნა გამოაცხადა, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის დაიწყებს მზადებას.

ეს გადაწყვეტილება წინ უძღვის ნაციონალური მოძრაობის სადავო ყრილობას, რომელიც 20 იანვარს იგეგმება და გამოცხადდა ერთი კვირის თავზე, რაც თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა.

"პასუხისმგებელი ამ დანგრევაზე არის ერთი ადამიანი - ის ადამიანი, რომელმაც ეს პარტია შექმნა", - განაცხადა გიგი უგულავამ ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლის სააკაშვილის მისამართით, რომელიც მისი თქმით, "უკვე აღარ ასხივებს ლიდერობას", თუმცა მადლობას უხდის "ერთად ბრძოლის შანსის" მიცემის გამო.   

"მე ეს ყოველთვის მემახსოვრება, მაგრამ პოლიტიკა არის მსახურება არა ერთმანეთის, პოლიტიკა არის მსახურება არა ლიდერების, არამედ პოლიტიკა არის მსახურება ხალხის და ეს კარგად უნდა გავათვითცნობიეროთ თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც დღეს ვიწყებთ ნულიდან ახალ მოძრაობას", - განაცხადა მან.

"ვინც თვლით, რომ ხართ ნული, დარჩით იქ, მაგრამ ჩვენ ნულიდან დავიწყებთ იმ მოძრაობას, რომელიც აუცილებლად შეცვლის ქვეყანაში აი ამ მავნებლურ არაფორმალურ რეჟიმს - ამის გარანტიას მე გაძლევთ", - განაცხადა მან.  

"იქეთ რჩება ნაციონალ-პოპულიზმი და აქეთ რჩება პროგრესი და თავისუფლება... ბიძინა ივანიშვილი სთავაზობს ჭაობს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ პროგრესი", - აღნიშნა უგულავამ.

"პარტია, რომელიც გამორიცხავს არჩევნებს, როგორც ბრძოლის მეთოდს,  ის უკვე აღარ არის პარტია - დიახ, ჩვენ მოვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის", - განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა.

განცხადება „პოლიტიკური გაყრის“ შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისის წინ გაკეთდა, სადაც მრავლად იყვნენ წარმოდგენილები პარტიას გამიჯნული წევრები.

მათ შორის იყვნენ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობაში წარმოდგენილი 27-წევრიანი დეპუტაციის უმეტესობა: უმცირესობის ლიდერი და ნაციონალური მოძრაობის ჯერ კიდევ მოქმედი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე; გავლენიანი დეპუტატი გიგა ბოკერია; პარტიის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი; ელენე ხოშტარია, უმცირესობაში შემავალი 6-წევრიანი ფრაქციის ლიდერი; ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე; ირმა ნადირაშვილი; გიგი წერეთელი; აკაკი ბობოხიძე; ხათუნა გოგორიშვილი; გიორგი ტუღუში; ზურაბ ჭიაბერაშვილი; ოთარ კახიძე; გიორგი ღვინიაშვილი; თენგიზ გუნავა; ლაშა დამენია; ირაკლი აბესაძე; ლელა ქებურია; მამუკა ჩიქოვანი; და ასევე გიორგი კანდელაკი.

მათ შორის არ იყო ნაციონალური მოძრაობის 21-წევრიანი ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც დეპუტატების თინა ბოკუჩავას, რომან გოცირიძის და სალომე სამადაშვილის მსგავსად, მკაფიო არჩევანი გაკეთა სააკაშვილის დაფუძნებულ პარტიაში დარჩენის სასარგებლოდ და რომლის ფრაქციის ხელმძღვანელობიდან გადაყენებასაც აწ უკვე ყოფილი თანაპარტიელი დეპუტატები, სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში განიხილავენ.

შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის გაყოფა საპარლამენტო კომპოზიციაზეც აისახება. ჯერ-ჯერობით უცნობია ამ პროცესს ასევე რა ფინანსური და ქონებრივი გადანაწილება მოყვება. ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში ნაკლებად ცნობილ პარტიასთან „ევროპული საქართველოსთან“ ერთიან ბლოკში შევიდა. დეპუტატ გიგი წერეთლის მამის დაფუძნებული ეს პარტია, რომელმაც კვალიფიციური პარტიის სტატუსი შეიძინა და საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად ცესკოში წევრის ადგილიც მიიღო, ალტერნატიულ პოლიტიკურ პლატფორმად განიხილებოდა ჯერ კიდევ შიდა პარტიული დაპირისპირების მიმდინარეობისას. 

ნაციონალურ მოძრაობაში მმართველობის სადავეებზე დაპირისპირებამ ღია ფორმები ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებული უთანხმოებით მიიღო, როცა ბოიკოტის თაობაზე სააკაშვილის პოზიცია ჩავარდა; შემდეგ დაპირისპირება პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის და ყრილობის თემაზე გაგრძელდა და ამჯერად, ე.წ. ბაქრაძე-ბოკერიას ჯგუფი აღმოჩნდა წაგებული, როცა სააკაშვილმა თავისი პოზიცია გაიტანა 20 იანვარს მრავალრიცხოვანი ყრილობის მოწვევის თაობაზე, რომლის საორგანიზაციო პროცესს მეორე მხარემ ბოიკოტი გამოუცხადა და მისი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა
 
„როგორიც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები ჩვენს შორის, ეს უთანხმოებები დღეიდან არის წარსული და ჩვენ ჩვენი, პოლიტიკური გუნდი ვიხედებით წინ და ვიწყებთ მომავლის შენებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ თავის გახსნით სიტყვაში და ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილ წევრებს „წარმატება“ უსურვა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ დღეიდან ეს პოლიტიკური ძალა და ეს პოლიტიკური გუნდი იწყებს ბრძოლის ახალ ეტაპს, რომლის ამოცანაც იქნება საქართველოში ვითარების შეცვლა უკეთესობისკენ, „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი გზით დასრულება და ქვეყანაში განვითარების და პროგრესის დაბრუნება“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის „სახე, ხერხემალი და საყრდენი“ იყო ის გუნდი, რომელიც პოლიტიკურ აქტიურობას თავისი „ცოდნითა და კომპეტენტურობით“ ცალკე გააგრძელებს, რომელსაც „კარგად აქვს გააზრებული წარსული“ და მისი ხელისუფლებაში დაბრუნების „არავის არ შეეშინდება“,  საქართველოს ერთადერთ მომავალს ევროკავშირსა და ნატოში ხედავს და რომლის „მთავარი ამოცანა იქნება წერტილი დაუსვას ქვეყანაში დაპირისპირებას“.  

„აი ასეთი პოლიტიკური ძალის შექმნა ხდება დღეს და მე დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ „არასწორია ნებისმიერი შეფასება, რომ ხდება გუნდის გასვლა“, რადგან „სინამდვილეში, დღეს ხდება ნაციონალური მოძრაობის გაყოფა“.   

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან „განდგომილებს“ თავის Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარტიაში „ლუზერების მმართველობა“ დასრულდა და  „მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა“, რომელმაც „არ დაუშვა ნაციონალური მოძრაობის ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის განხორციელება“.

ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი დეპუტატი ნიკა მელია პარტიის ცენტრალურ ოფისთან პარტიულ აქტივთან ერთად მოგვიანებით მას შემდეგ მივიდა, რაც იმავე ადგილას მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა გააკეთეს განცხადებები.

„ვცემთ პატივს მათ აზრს - წამსვლელი წავიდა“, - განაცხადა მელიამ და თუმცა დასძინა, რომ დარწმუნებულია იმაში, რომ „ბევრი მათგანი, ვინც დღეს შეიძლება ითვლებოდეს მათი გუნდის წევრად, ძალიან მალე გონს მოვა და მობრუნდება უკან“.

„ჩავარდა ივანიშვილის გეგმა, რომ ნაციონალური მოძრაობა დასუსტებულიყო და დაშლილიყო“, - განაცხადა მან, „20 იანვრიდან იწყება განახლებული ნაციონალური მოძრაობის ახალი გზა“.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნაციონალური მოძრაობას ლიდერების და მათი მხარდამჭერების ძალიან დიდი ჯგუფი გამოეყო. მანამდე ყოფილ სახელისუფლებო პარტიას 2015 წლის მაისში ნაციონალურ მოძრაობის მაშინდელი აღმასრულებელი მდივანი და დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე გაემიჯნა კიდევ სამ დეპუტატთან ერთად და ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ჩამოაყალიბა, ხოლო ანალოგიური ნაბიჯი ერთი წლის თავზე შარშან კიდევ ერთმა მაშინდელმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ გადადგა და პარტია „ახალი საქართველო“ დააფუძნა. ორივეს ამჟამად არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის სტატუსი აქვს.


ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30