Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბიზნესგაერთიანებები, არასამთავრობოები გადასახადების ზრდაზე შეზღუდვების მოხსნას ეწინააღმდეგებიან
Civil Georgia, Tbilisi / 14 ივნ.'17 / 19:07

თორმეტმა ბიზნეს კომპანიამ, მათ შორის ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში და საქართველოს ბანკების ასოციაციამ, 13 ივნისს განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც პროტესტს გამოთქვამენ კონსტიტუციის 94-ე მუხლის შესაძლო გაუქმების გამო, რომლის თანახმადაც ახალი გადასახადის შემოღება ან გადასახადის განაკვეთის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროცესში ჯერ კიდევ განიხილება შესაძლებლობა, რომ გაუქმდეს კონსტიტუციის 94-ე მუხლი“, - აცხადებენ კომპანიები. „ჩვენ, წამყვანი ბიზნესგაერთიანებები, მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლის არსებული ფორმით შენარჩუნება აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და განვითარებისთვის, სტაბილური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისათვის“. 

ბიზნესგაერთიანებებმა განაცხადეს, რომ ეს საკონსტიტუციო ჩანაწერი „საკონსტიტუციო დონეზე უზრუნველყოფს ფისკალური პოლიტიკის სტაბილურობასა და განჭვრეტადობას, რითაც მიმზიდველს ხდის საქართველოს უცხოური ინვესტიციებისთვის, ასევე, ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას“.

„მისი შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დიდწილად განპირობებულია უცხოური ინვესტიციებითა და ადგილობრივი მეწარმეების საინვესტიციო აქტივობით“, - ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში, რომელთა თქმითაც ამგვარი ქმედება   „საგრძნობლად გააუარესებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით და შეამცირებს ინვესტიციების შემოდინებას, რაც ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას“.  

„ინვესტორს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს ინვესტიცია რეგიონის თუ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და, ამ მხრივ, კონკურენცია ქვეყნებს შორის მუდმივად იზრდება. ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო ინვესტორს უნდა სთავაზობდეს უნიკალურ, სტაბილურ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში არ არის ნათელი, რა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია საქართველოს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, რეგიონთან შედარებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნეს კომპანიებმა ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეები თავად უნდა წყვეტდნენ გაიზარდოს, თუ არა მათი გადასახადები. „მოქალაქეების უფლება, რეფერენდუმის გზით გადაწყვიტონ გადასახადების გაზრდის საკითხი, უშუალოდაა დაკავშირებული მათ უფლებასთან - განკარგონ საკუთარი შრომის შედეგად მიღებული შემოსავლები“, - განაცხადეს მათ.

ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა, ასევე გააკეთეს ანალოგიური განცხადება, რომლის თანახმადაც “გაუგებარია, რამ განაპირობა მმართველი პარტიის მოსაზრებების ცვლილება. მით უფრო, რომ აღნიშნული მუხლის ამოღება ბიზნეს სექტორისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ შეფასდა ნეგატიურად”.

“ვფიქრობთ, რომ გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობა  მთავრობის და პარლამენტის მხრიდან განსაკუთრებულ ანგარიშვალდებულებაზე მიუთითებს. მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ არსებული უფლბება - მიიღონ გადაწყვეტილება გადასახადის ახალი სახის შემოღებისა თუ ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ, და შესაბამისად უნდა გამოირიცხოს მთავრობის მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობა”, - ნათქვამია 14 ივნისის განცხადებაში. 

არასამთავრობოების თქმით, „აღნიშნული ჩანაწერის ამოღება ცალსახად ნეგატიურად უნდა შეფასდეს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნეს გარემოს განჭვრეტადობის კუთხით. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შენარჩუნებისა და განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერის შენარჩუნება საქართველოს კონსტიტუციაში“.

პარტიამ სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ექვსწევრიანი ფრაქცია ჰყავს და რომელიც ამ მუხლის გაუქმების ერთ-ერთი ინიციატორია, ბიზნესგაერთიანებების საპასუხოდ 14 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისინი 19 ივნისს პარლამენტში მიიწვია საკითხის განსახილველად.   

„ჩვენ, ევროპული და ზოგადად დასავლური საკონსტიტუციო გამოცდილების და რეპრეზენტაციული დემოკრატიის ტრადიციული პრაქტიკების გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციის 94 (ახალი რედაქციით 67-ე) მუხლის გაუქმება, ვინაიდან აღნიშნული ჩანაწერი მნიშვნელოვნად ზღუდავს საკანონმდებლო ორგანოს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, განსაზღვროს ქვეყნის საგადასახადო და ეკონომიკური პოლიტიკა“,- ნათქვამია განცხადებაში. 

„მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო შეზღუდვა არ უნდა გახდეს სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესიდან პარლამენტის გამორიცხვის საფუძველი. პარლამენტს, მთავრობას, სახელმწიფოს არ უნდა გააჩნდეს კონსტიტუციური შეზღუდვა იმისათვის, რომ აწარმოოს მოქნილი პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა ეკონომიკური ვითარებისა და გამოწვევის პირობებში, საყოველთაო ინტერესის შესაბამისად ტრანსფორმირდება“, - ნათქვამია განცხადებაში. 

პარტიამ ასევე აღნიშნა, რომ „აღნიშნულ შეზღუდვას არ აქვს ანალოგი ჩვენთვის ცნობილი ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყნების კონსტიტუციებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული ჩანაწერის არსებობა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში ანტიდემოკრატიული და არამართებულია“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37