Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ორმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატები წარადგინა
Civil Georgia, Tbilisi / 21 აგვ.'17 / 14:00

ორმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ - დემოკრატიულმა მოძრაობამ და თავისუფალმა საქართველომ - 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატები წარადგინა. თბილისის მერობისთვის თავისუფალი საქართველოს თამჯდომარე, კახა კუკავა, იბრძოლებს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი დემოკრატიული საქართველოს წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, იქნება. 

ადგილობრივი არჩევნებისათვის ორი პარტიის გაერთიანების შესახებ დღეს დემოკრატიული საქართველოს ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ, განაცხადა. საარჩევნო კანდიდატების წარდგენამდე, მან ისაუბრა ახალი ოპოზიციური გაერთიანების მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს „საქართველოს ხვალინდელი დღისათვის“. „ამ არჩევნებით და რეალური ცვლილებებით უნდა დაიწყოს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულება“,  - აღნიშნა დემოკრატიული საქართველოს ლიდერმა.

ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური ძალების ერთიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „მხოლოდ ოპოზიციის ერთიან კანდიდატს შეუძლია დაამარცხოს ხელისუფლება: როგორც მინიმუმ, მიაღწიოს მეორე ტურს, ხოლო მეორე ტურში კი გამარჯვების რეალური შანსი გაუჩნდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ. მანვე წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ დანარჩენმა ოპოზიციურმა ძალებმა წინ დააყენეს პარტიული ინტერესები და უარი თქვეს გაერთიანების შესახებ მიმდინარე კონსულტაციებზე.

კახა კუკავასა და დიმიტრი ლორთქიფანიძის წარდგენისას, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ „ეს ორი ადამიანი, თავიანთ თანაგუნდელებთან ერთად, შექმნიან იმ გუნდს დედაქალაქში, რომელიც მიხედავს ქალაქს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სწორედ ხალხს ემსახურონ და არა არაფორმალურ მმართველობას“.

„ჩვენ უკვე გვაქვს ერთად ბრძოლის გამოცდილება, როდესაც 2011 წლის 26 მაისს ერთად ვიდექით რუსთაველის გამზირზე და მაშინ ჩვენი ბრძოლა გამოდგა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფურცელი წინა ხელისუფლების დასრულებაში“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ. „დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახლაც შევიტანთ გადამწყვეტ წვლილს დღევანდელი მახინჯი კოაბიტაციური სისტემის დასრულებაში“, - აღნიშნა თავისუფალი საქართველოს ლიდერმა.

კუკავას თქმით, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას წარუდგენენ „ეროვნულ ღირებულებებზე“ დაფუძნებულ პროგრამას, რათა ამომრჩეველს „ჰქონდეს რეალური არჩევანი არა ლიბერალურს და ლიბერალურს, არამედ ლიბერალურ და ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის“. ახალ „ეროვნულ პროგრამაში“, კუკავას თქმით, იქნება „როგორც ეკონომიკის, ისე არალეგალური იმიგრაციის და ბევრ სხვა სფეროში ძალიან ბევრი, ახალი და ნოვატორული წინადადება“.

დემოკრატიული მოძრაობისა და თავისუფალი საქართველოს გარდა, ამ დროისათვის თბილისის მერობის კანდიდატები დასახელებული აქვს კიდევ ხუთ პოლიტიკურ პარტიას და ერთ საინიციატივო ჯგუფს.

მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, კახა კალაძე, წარადგინა; ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, „კურიერის“ წამყვანი, ზაალ უდუმაშვილი დაასახელა; ევროპული საქართველოს სახელით, თბილისის მერობისთვის პარლამენტის წევრი, ელენე ხოშტარია იბრძოლებს. შენების მოძრაობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი იქნება. პატრიოტთა ალიანსმა თბილისის მერობის კანდიდატად პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი, წარადგინა. 

არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს თბილისის საკრებულოს წევრი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა დაასახელა.

2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი საკამათო საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნები 2017 წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12