არჩევნები 2017: თბილისის მერობის კანდიდატები Civil.ge-ის კითხვებს პასუხობენ
21 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. თბილისი, სადაც ამომრჩეველთა მესამედია რეგისტრირებული, მერს და 50-წევრიან საკრებულოს აირჩევს.
Civil.ge განაგრძობს მკითხველის ინფორმირებას 2017 წლის ადგილობრივი არჩვენების მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. ახალი ინიციატივის ფარგლებში, Civil.ge მკითხველს გააცნოს თბილისის მერობის კანდიდატთა ხედვებს დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ, რომელიც შეეხება დასაქმებას, სოციალურ დახმარებას, გარემოს დაცვას, ტრანსპორტსა და ქალაქის მართვის საკითხებს.
Civil.ge-მ ხუთი კითხვით მიმართა მერობის 9 კანდიდატს. ჩვენს კითხვებს გამოეხმაურა თბილისის მერობის 7 კანდიდატი, მათ შორის, ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო), კახა კუკავა (დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო), ზაალ უდუმაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), გიორგი გუგავა (ლეიბორისტული პარტია), თენგიზ შერგელაშვილი (შენების მოძრაობა), კახა კალაძე (ქართული ოცნება) და დამოუკიდებელი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი.
კითხვა: NDI-ის მიერ 2017 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დედაქალაქში მცხოვრებ რესპონდენტთა 23% ერთ-ერთი მთავარ პრობლემად სიღარიბეს მიიჩნევს. გამოკითხულთა 21% კი საპენსიო უზრუნველყოფის პრობლემაზე საუბრობს. 2017 წლის აგვისტოს მონაცემებით, თბილისში რეგისტრირებულია დაახლოებით 170 ათასი სოციალურად დაუცველი, რომელთაგან ნახევარზე მეტი, თითქმის 100 მოქალაქე სახელმწიფოსგან ყოველთვიურად საარსებო შემწეობას იღებს. თქვენი აზრით, რა რესურსები არსებობს იმისათვის, რომ თბილისის მერიამ უკეთ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მხარდაჭერა? როგორ გესახებათ მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი გეგმა სიღარიბესთან გასამკლავებლად?
ქვემოთ გთავაზობთ მათ მოსაზრებებს სოციალური პროგრამების თაობაზე.
№2 ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველო
ფოტო: facebook.com/tbilisimayor/
ზოგადად სოციალური ფონი ქვეყანაში არის უმძიმესი და ქალაქში სოციალურად დაუცველების რაოდენობა არის ძალიან დიდი. ადამიანები იჩაგრებიან ხშირად პოლიტიკური მანიპულაციების გამო, ანუ ზოგ შემთხვევაში სოციალურ დახმარებას უხსნიან პოლიტიკური შეხედულებების გამო და ეს არის აბსოლუტურად ამორალური.
ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი გაიზარდოს, არამედ პირიქით, შემცირდეს. დასაქმება სწორედ ამის საშუალებას ქმნის, რომ ნაკლები სოციალურად დაუცველი გვყავდეს.
ამ მიმართულებით ჩვენ დათვლილი გვაქვს: სხვადასხვა ჯგუფებზე სხვადასხვა თანხაა, მრავალშვილიანი ოჯახისთვის და უკიდურესად გაჭირვებულისთვის 510 ლარამდეც ადის დახმარების თანხა. საშუალოდ ეს არის 70 ლარიანი ნამატი სოციალურად დაუცველებისთვის, რასაც ჩვენ ამომრჩეველს ვპირდებით.
№3 კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო
ფოტო: facebook.com/freegeorgia/
სოციალური საკითხების სფერო იმდენად მასშტაბურია, რომ ბუნებრივია მათი გადაწყვეტა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე არის შეუძლებელი.
მოგეხსენებათ, რომ მოქალაქეებს აქვთ უამრავი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიენიჭებათ მათ ქულები, რომელთა საფუძველზეც მათთვის საარსებო შემწეობის დანიშვნის ან გაუქმების საკითხი წყდება. ამ ქულების მინიჭებას ახდენს ცენტრალური ხელისუფლება (ჯანდაცვის სამინისტრო), მაგრამ ჩვენ შევქმნით სპეციალურ აუდიტორულ კომპანიას, რომელიც გადაამოწმებს ყველა იმ ადამიანის მონაცემებს, ვისაც უარი ეთქვა სოციალური შემწეობის დანიშვნაზე.
ჩვენს პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია უმწეოთა სასადილოების და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების გაზრდა. გარდა ამისა, თბილისში მცხოვრები 10 ათასზე მეტი უსახლკაროსათვის, რომელიც დღეს ნანგრევებში და ამორტიზირებული სახლების სარდაფებში ცხოვრებს, სოციალურ სახლებს მოვაწყობთ, რისთვისაც 2-3 მილიონ ლარს გამოვყოფთ.
ჩვენ ასევე ვგეგმავთ ყველა ოთხშვილიანი ოჯახისათვის, მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა, სპეციალური სოციალური პაკეტი დავაწესოთ.
№5 ზაალ უდუმაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ფოტო: facebook.com/pg/nacionalurimodzraoba/
სოციალურად დაუცველი ადამიანების საკითხი და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა დღეს ყველაზე მწვავე პრობლემაა.
მე ვერ ჩავერევი ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში, მაგრამ როგორც მერმა შემიძლია ჩემი მხრიდანაც გარკვეული ტიპის შეღავათები გავაკეთო. კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ყველა პირს, ვისი სარეიტინგო ქულაც 200 ათასს არ აღემატება, თბილისის მერია დამატებით 50 ლარიან დახმარებას დაუნიშნავს.
№10 გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტია
ფოტო: facebook.com/GiorgiGugavaOfficial/
სოციალურად დაუცველთა საკითხი დღეს მთავარი პრობლემაა. ქვეყანაში ტოტალური სიღატაკეა.
მერად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, შევამცირებ ბიუროკრატიულ ხარჯებს, რომელიც დღეს ხელისუფლების კომფორტს - ხელფასებს, პრემიებს, დანამატებს, უსარგებლო მივლინებებსა და ავტომობილებს ხმარდება, და გამოთავისუფლებულ თანხებს სოციალურად დაუცველებზე გავანაწილებ.
ჩვენ ვგეგმავთ თბილისში მუნიციპალური საავადმყოფოს გახსნას, სადაც სოციალურად დაუცველთა მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს. გაიცემა სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტების ვაუჩერი.
ჩვენ ასევე დავასრულებთ დამამცირებელ დამოკიდებულებას სოციალურად დაუცველი ფენების მიმართ, როგორსაც წარმოადგენს უფასო სასადილოების პროექტი. ამის ნაცვლად, პროდუქტების ვაუჩერები გაიცემა, რათა პირებმა თავად შეძლონ პროდუქტის შეძენა.
უსახლკაროთა პრობლემის მოსაგვარებლად ვგეგმავთ კომუნალური საბინაო ფონდის შექმნას. ეს მარტივი გასაკეთებელი და აპრობირებულია. ვისაც სახლ-კარი არ გააჩნია, ბინებს მფლობელობაში (გაყიდვის უფლების გარეშე) გადავცემთ.
№20 თენგიზ შერგელაშვილი, შენების მოძრაობა
ფოტო: facebook.com/TengizShergelashviliOfficial/
სოციალურად დაუცველთა მხარდასაჭერად, შენების მოძრაობას შემუშავებული აქვს პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.
მუნიციპალურ დონეზე საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებების გასაძლიერებლად თბილისის რაიონებში მოეწყობა „ჯანმრთელობის ცენტრები“ (200 000 - 400 000 მოსახლეზე). ამ ცენტრების საქმიანობა მიმართული იქნება სამოქმედო არეალში დაავადებათა დროულ გამოვლენასა და პრევენციაზე.
გარდა ამისა, თბილისელებს შევთავაზებთ სადაზღვევო პაკეტს, რომელიც სრულად შეავსებს სახელმწიფოს მიერ მხოლოდ ნაწილობრივ დაფარულ მომსახურეობას, გააფართოებს ამბულატორიაში გამოკვლევებსა და წამლებით მკურნალობას, რაც მკვეთრად შეამცირებს თბილისელთა ჯიბიდან გადასახდელ ხარჯებს.
შემუშავდება სადაზღვევო პროდუქტები, რომლებშიც აისახება: 1) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული მკურნალობის პაციენტის მიერ თანადაფინანსების ანაზღაურება; 2) პირველადი ჯანდაცვის გაფართოებული კომპონენტი; 3) წამლებით მკურნალობის კომპონენტი.
მერია მოქალაქეთა დაზღვევის უზრუნველყოფას დიფერენცირებული მიდგომის პრინციპით მოახდენს. პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს მიენიჭებათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 70-100 ათას შეადგენს.
№41 კახა კალაძე, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო
ფოტო: facebook.com/kakhakaladzeofficial/
არცერთი მაღალ განვითარებაზე და კულტურაზე პრეტენზიის მქონე დედაქალაქი არ უდგება ზურგით მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ მიმართულებით დაფინანსება იმდენად გაიზარდა, რომ ამას ბიუჯეტის თითქმის 80% ხმარდება. ამის მიუხედავად, მაინც იჩენს თავს პრობლემები, მაინც ხდება პერიოდულად უკმაყოფილების გამოხატვა და სერვისის გაუმჯობესების მოთხოვნა. ეს ის საკითხებია, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჩვენთვის.
ჩვენ ვგეგმავთ იმ 22 სოციალური პროგრამის დახვეწას და განვითარებას, რომლებიც სოციალურად დაუცველების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულებისა და ახალშობილებისთვისაა განკუთვნილი.
გამგეობის მხრიდან რა თქმა უნდა, გაგრძელდება სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის მატერიალური მხარდაჭერა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უფასო სასადილოების პროგრამის დახვეწას და რაციონის, ასევე, სერვისის გაუმჯობესებას. ამისთვის გამგეობებს მერიიდან გამოეყოფა დაახლოებით 30 მილიონი ლარი.
სოციალური პროგრამების განხორციელების კვალდაკვალ, ყურადღება მიექცევა სიღარიბის შემცირებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს. ამ მიმართულებით ვაპირებთ, ცენტრალურ მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოქალაქეთა გადამზადებას. მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნება თანადგომა, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამები განხორციელდეს მერიის, კოლეჯისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით.
№42 ალექსანდრე ელისაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი
ფოტო: facebook.com/AlexanderElisashvili/
სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით მთავარი არსი არის ის, რომ წინა ხელისუფლებამ (ნაციონალური მოძრაობის) დაანაწევრა ეს სოციალური პაკეტები და დახმარება, ახალმა ხელისუფლებამ (ქართული ოცნება) არაფერი არ შეცვალა.
სოციალური დახმარება პირდაპირ მიბმულია არჩევნების საკითხთან. ბოლო სტატისტიკა მითხრეს, რომ არჩევნების წინ 8 ათასით გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა. არჩევნების შემდეგ შეამცირებენ.
რის შეთავაზებასაც ვაპირებ, არის ის, რომ მინდა გაერთიანდეს მთელი სოციალური პაკეტი და ადამიანს თუ ეკუთვნის, ეკუთვნოდეს ყველა სახის დახმარება.
ახლა ადამიანები 300 ლარიან სამსახურზე უარს ამბობენ, იმ მოტივით, რომ ასეთ შეთხვევაში ამოვარდებიან სოციალურად დაუცველთა ბაზიდან.
მე მექნება შეთავაზება ასეთი, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვინც არის სოციალურად დაუცველი ის მიიღებს დახმარებას, მიუხედავად იმისა ეს ადამიანი სამსახურს იშოვის თუ არ იშოვის. ამით ამ ადამიანებს სამსახურის შოვნის მოტივი გაუჩნდება.
სამართლიანი სოციალური პაკეტი უნდა იყოს და ადამიანებს ხვეწნა არ უნდა სჭირდებოდეთ სოციალური დახმარების მისაღებად. თუ ეკუთვნით, დაუყოვნებლივ უნდა მივცეთ. ამას არ სჭირდება დიდი თანხა, დაახლოებით 19 მლნ ლარის დამატება სჭირდება თბილისის ბიუჯეტიდან და ამის რესურსი თბილისის ბიუჯეტს აქვს, თუნდაც ბიუროკრატიის შემცირებით.