თბილისის მერია
21 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. თბილისი, სადაც ამომრჩეველთა მესამედია რეგისტრირებული, მერს და 50-წევრიან საკრებულოს აირჩევს.
Civil.ge განაგრძობს მკითხველის ინფორმირებას 2017 წლის ადგილობრივი არჩვენების მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. ახალი ინიციატივის ფარგლებში, Civil.ge მკითხველს გააცნოს თბილისის მერობის კანდიდატთა ხედვებს დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ, რომელიც შეეხება დასაქმებას, სოციალურ დახმარებას, გარემოს დაცვას, ტრანსპორტსა და ქალაქის მართვის საკითხებს.
Civil.ge-მ ხუთი კითხვით მიმართა მერობის 9 კანდიდატს. ჩვენს კითხვებს გამოეხმაურა თბილისის მერობის 7 კანდიდატი, მათ შორის, ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო), კახა კუკავა (დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო), ზაალ უდუმაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), გიორგი გუგავა (ლეიბორისტული პარტია), თენგიზ შერგელაშვილი (შენების მოძრაობა), კახა კალაძე (ქართული ოცნება) და დამოუკიდებელი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი.
კითხვა: თვიმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, NDI-მ გამოიკვლია მოსახლეობის დამოკიდებულება ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მიმართ. კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისში, რესპოდენტთა 78% მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, გამოკითხულთა 68% ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში ნეპოტიზმის პრობლემა არსებობს, კორუფციის პრობლემაზე კი ყურადღებას რესპონდენტთა 47% ამახვილებს. რა გეგმები გაქვთ დედაქალაქის მთავრობის, საქალაქო სამსახურებისა და რაიონული გამგეობების საქმიანობის გაუმჯობესების კუთხით, მათ შორის, საკანონმდებლო და სამეურნეო მიმართულებით?
ქვემოთ გთავაზობთ მათ მოსაზრებებს ქალაქის მართვისა და საკადრო პოლიტიკის თაობაზე.
№2 ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველო
ფოტო: facebook.com/tbilisimayor/
ზოგადად მერიაში და ქვედა დონეზე ჩვენ გვჭირდება პროფესიონალები, განსაკუთრებით საჭიროა ურბანული სამსახურების პროფესიონალებით დაკომპლექტება. ვაპირებ რეფორმის გატარებას საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, რათა უფრო გამჭირვალე იყოს მერიის მუშაობა. ასევე უნდა შემცირდეს ისეთის სამსახურები, რომლებიც დღესდღეობით ხელოვნურად არის შექმნილი.
ვფიქრობთ, ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში 5%-10%-ში ჩავრთოთ მოსახლეობა, რომლებიც თავად განსაზღვრავენ მათთვის პრიორიტეტულ საკითხებს. ამ მიზნით უნდა გააქტიურდეს ე.წ. ამხანაგობები. ეს ხელს შეუწყობს ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში გამჭირვალობას და მოქალაქეების პასუხისმგებლობასაც გაზრდის.
№3 კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო
ფოტო: facebook.com/freegeorgia/
რა თქმა უნდა, ადგილობრივ ხელისუფლებაში არის პროფესიონალიზმის ნაკლებობა და არის ელიტური კორუფცია, რაც დადასტურებული ფაქტია, აქსიომაა და ამაზე უკვე ყველა ღიად საუბრობს.
გამოსავალი არის ორ მიდგომაში: პირველი გულისხმობს იმას, რომ მთლიანად უნდა შეიცვალოს უმაღლესი ჩინოვნიკების, ანუ თბილისის მერის მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები. მათ ნაცვლად უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც დედაქალაქის მთავრობაში არც უგულავას და არც ნარმანიას დროს არ უმუშავიათ.
მეორე საკითხი კი ღია კონკურსების ჩატარებას ეხება. ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურში კადრების მიღება უნდა მოხდეს ღია კონკურსის წესით, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკურსში გადამწყვეტი ფაქტორი უნდა იყოს არა გასაუბრება, არამედ ტესტირება, რაც ბუნებრივია უფრო მეტად ობიექტური და გამჭვირვალე ფორმაა, ხოლო იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ჩატარდება გასაუბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან, გასაუბრების ყველა ვიდეო ფაილი უნდა დაიდოს ინტერნეტში, რათა მოსახლეობას ქონდეს საშუალება ნახოს ზუსტად იმ ბიძაშვილ-მამიდაშვილების რეალური სახე, რომელთა დასაქმებაც ხდება პროფესიონალთა ხარჯზე თბილისის მერიაში.
№5 ზაალ უდუმაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ფოტო: facebook.com/pg/nacionalurimodzraoba/
მთავარია მერიაში დალაგდეს სწორი მენეჯმენტი. დღეს მერიაში უამრავი ადამიანი არის უბრალოდ გაფორმებული და სამსახურში არასდროს არ ყოფილან. ეს პრაქტიკა უნდა მოისპოს.
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, ვინც საქმეს აკეთებს, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, უნდა დარჩეს და იმუშაოს, მაგრამ ის ადამიანები ვინც არავის არ უნახავს სამსახურში, უნდა წავიდნენ.
ბიუროკრატიული მექანიზმების შემცირებით მერიაში მე შემიძლია დავზოგო 100 მლნ ლარი, რომელიც შესაძლოა სოციალური საკითხის მოგვარებას მოხმარდეს. საქალაქო სამსახურებშიც და გამგეობებშიც იგივე სიტუაციაა. ეს საკითხი მოგვარებადია.
№10 გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტია
ფოტო: facebook.com/GiorgiGugavaOfficial/
მერია, საქალაქო სამსახურები, გამგეობები უნდა დაკომპლექტდეს არა პარტიული, არამედ პროფესიონალიზმის ნიშნით.
მე ვფიქრობ, ბიუროკრატია შესამცირებელია. სტრუქტურები ხელოვნურადაა გაზრდილი.
უნდა გამოცხადდეს ღია საჯარო კონკურსები და ვაკანსიები დაკომპლექტდეს პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანებით. არა აქვს მნიშვნელობა, რა მრწამსის და რა პოლიტიკური შეხედულების არიან ისინი.
№20 თენგიზ შერგელაშვილი, შენების მოძრაობა
ფოტო: facebook.com/TengizShergelashviliOfficial/
ჩემი არჩევის შემთხვევაში, თბილისის თვითმმართველობა უფრო ახლოს მივა თითოეულ მოქალაქესთან.
უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა თბილისის რაიონების თვითმმართველობებად ფორმირებისა და მათი გამგებლების არჩევითობის შესახებ და წარედგინოს საქართველოს პარლამენტს. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე კი თბილისი დღევანდელი 10-ის ნაცვლად დაიყოფა 25-მდე ერთეულად და ყოველ უბანს ეყოლება თავისი გამგებელი. ამ ცვლილებით, საერთო ჯამში, ბიუროკრატია არათუ გაიზრდება, არამედ მთლიანად მერიის სისტემაში მართვის სისტემის გაუმჯობესების, ოპტიმალური სტრუქტურული და საშტატო ცვლილებების შედეგად შემცირდება კიდეც.
მერიასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გარკვევას მოქალაქეები შეძლებენ გამგეობებში „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მომუშავე სისტემის საშუალებით. შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს ექნება კონკრეტული პრობლემის შესახებ ინფორმაციის განთავსების შესაძლებლობა (ინფორმაცია დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ, ფოტოსურათები, ვიდეომასალა). ასეთი სისტემა უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარების პერიოდის ავტომატურ ათვლასა და მის მოსაგვარებლად გადადგმული ნაბიჯების ირგვლივ საზოგადოების ინფორმირებას. იმუშავებს თბილისის უნივერსალური „ცხელი ხაზი“.
თბილისის ბიუჯეტი გახდება რეალურად პროგრამული და გამჭვირვალე. შეიქმნება მუდმივად განახლებადი ღია მონაცემთა ბაზა, რომლის მეშვეობითაც თბილისელები მკაფიოდ დაინახავენ, როგორ სრულდება დაგეგმილი სამუშაოები მთლიანად ქალაქში, კონკრეტულ ქუჩასა თუ უბანში.
№41 კახა კალაძე, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო
ფოტო: facebook.com/kakhakaladzeofficial/
ვიცი მოსახლეობის განწყობის უკმაყოფილების და მოთხოვნების შესახებ. ჩვენმა გუნდმა ქალაქის მართვის ისეთი სისტემა შეიმუშავა, რომელიც მთლიანად ამ მოთხოვნებზეა მორგებული და მიმართულია მაქსიმალურად გამჭვირვალობისკენ.
ქალაქის მერია აუღებელი და მიუწვდომელი ციხესიმაგრე კი არაა, სადაც მოქალაქეების წვდომის და თავისუფალი კომუნიკაციის დისკომფორტი ექმნებათ, არამედ დიალოგის და თანაშმრომლობის სივრცე, სადაც არა მხოლოდ ერთი ფანჯრის პრინციპით ღებულობს მომსახურებას ადამიანი, არამედ თავადაც იღებს მონაწილეობას ქალაქის მართვაში, ბიუჯეტის დაგეგმვაში და ასე შემდეგ.
ჩვენ ვაპირებთ ძირფესვიანად შევცვალოთ ყოველივე ის, რაც ამ წლების მაძილზე სათანადო დონეზე ვერ მუშაობდა. ჩვენ ვაპირებთ არა ძველი პრობლემების გამოსწორებით დაწყებას, არამედ ახალი ფურცლიდან დაწყებას. პრობლემები გადაიფარება ყველა იმ სიკეთით და სიახლით, რასაც ჩვენ ვგეგმავთ.
თბილისი ყველასია - ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი და ყველამ ჩვენი პოზიციიდან, ჩვენი კომპეტენციიდან გამომდინარე უნდა ვიმუშაოთ ამ ქალაქისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და თბილისი გაიმარჯვებს.
№42 ალექსანდრე ელისაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი
ფოტო: facebook.com/AlexanderElisashvili/
მერიაში ჩემი მისვლის უნდა ეშინოდეთ იმათ, ვინც უსაქმურები და მექრთამეები არიან.
აუცილებლად უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია. თუ რეალური დეცენტრალიზაცია არ მოხდა, თუ არ შეიქმნა უფლება-მოვალეობით გაჯერებული სტრუქტურები, მაშინ საქმე არ გაკეთდება.