Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ლიდერებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გახსნეს
Civil Georgia, Tbilisi / 31 ოქტ.'17 / 16:00


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ცერემონია, ბაქო. ფოტო: gov.ge

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ლიდერებმა 30 ოქტომბერს ბაქო-თბილისი-ყარსის 850-კილომეტრი სიგრძის სარკინიგზო მაგისტრალი გახსნეს, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქს საქართველოს გავლით თურქეთის ქალაქ ყარსთან დააკავშირებს.

ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტში გამართულ ცერემონიაზე გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტები მიესალმნენ სარკინიგზო პროექტს და რეგიონისთვის მის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, ახალი აბრეშუმის გზის კონტექსტში.   

გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ყაზახეთის და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრები - ბაკიტჟან საგინტაევი და აბდულა არიპოვი.

ცერემონიაზე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „დღეს ახალ ევრაზიულ ხიდს ეყრება საფუძველი“. „ჩვენი ქვეყნების გეოსტრატეგიული მდებარეობა, გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ვიყოთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას და განვითარების სრულიად ახალ პირობებს შექმნის, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ - მის მიღმა“, - მიმართა კვირიკაშვილმა სხვა დამსწრე ლიდერებს.

კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „თითოეული ჩვენგანის წინსვლა ყველა დანარჩენის განვითარების, სტაბილურობის და უსაფრთხოების საწინდარია. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ერთმანეთის ეკონომიკასა და სავაჭრო პოტენციალს, არამედ მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებს ვაკავშირებთ ერთმანეთთან“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი სარკინიგზო მარშრუტის წარმატებს მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. „ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო-სატრანსპორტო რუკაზე ეს მარშრუტი იკავებს "შუა კორიდორის" ადგილს, როგორც ამ კორიდორს უწოდა პრეზიდენტმა ერდოღანმა სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთში გამართულ აბრეშუმის გზის სამიტზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, გახნის ცერემონიაზე ყაზახეთის და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების, ასევე თურქმენეთის და ტაჯიკეთის მთავრობების წევრთა დასწრება პროექტის „განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე“ მიუთითებს.

კვირიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ „ერთი გზა - ერთი სარტყელის" შეხვედრა 28-29 ნოემბერს თბილისში გაიმართება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიესალმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს და მას „სტრატეგიული მნიშვნელობის ისტორიული პროექტი“ უწოდა, რომელიც „ევრაზიის სატრანსპორტო რუკის მნიშვნელოვანი ნაწილი“ გახდება. ალიევმა განაცხადა, რომ მარშრუტის წარმატებული ფუნქციონირება „ჩვენი ქვეყნების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გაზრდის და ახალ შესაძლებლობებს გაგვიხსნის“.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალ მარშრუტი  „ახალი აბრეშუმის გზის, რომლის მიზანიც აზიის, ევროპის და აფრიკის დაკავშირებაა, ერთ-ერთი დამაკავშირებელი ნაწილი იქნება“. მისი თქმით, „ამიტომ ვაცხადებთ ლონდონიდან ჩინეთამდე უწყვეტი სარკინიგზო ხაზის ჩამოყალიბების შესახებ.“

აზერბაიჯანში ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმა ახალი სარკინიგზო დერეფნის გახსნას და აღნიშნა, რომ „ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ სატრანსპორტო  ურთიერთკავშირებში, რომელიც ევროკავშირს, თურქეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს და ცენტრალურ აზიას დააკავშირებს“.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაწყება 2007 წლის ბოლოს გამოცხადდა; იმ დროს დასრულების თარიღად 2010 წელი დასახელდა, თუმცა მას შემდეგ ბევრჯერ გადაიდო და საბოლოო ვადად 2012 წელი, შემდეგ 2013, 2015, 2016 და 2017 წლები სახელდებოდა. გადადების მიზეზები, რომელთაც საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ასახელებდნენ, სხვადასხვა იყო, დაწყებული შეფერხებებით დაფინანსებაში და საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით და დამთავრებული პრობლემებით კონტრაქტორ კომპანიასთან თურქეთში, ასევე რთული გეოგრაფიული ადგილმდებარეობით და კლიმატური პირობებით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
86