Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია ხელისუფლებას საქართველოში ISIS-ის წევრის შესაძლო შეღწევის გამო აკრიტიკებს
Civil Georgia, Tbilisi / 27 ნოე.'17 / 18:47

21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის შემდეგ, რომლის დროსაც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ISIS-ის წევრის, ახმედ ჩატაევის ლიკვიდაცია მოხდა, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს.  

ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის სისუსტეზე საუბრობენ და პარლამენტში სუს-ის უფროსისა და იუსტიციის მინისტრის მისვლას მოითხოვენ. ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლებს პასუხისმგებლობას იმისთვისაც აკისრებს, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათ ლაფანყურის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ჩატაევის ციხიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა რურუას თქმით, თუ სპეცოპერაციის შედეგად ჩატაევის ლიკვიდაციის ფაქტი დადასტურდა, „ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ უსაფრთხოების სისტემა არის სრულიად მოშლილი ქვეყანაში“. 

„ის გაათავისუფლეს საქართველოში, როგორც ვიცი, ქართული ოცნების წამყვანი პერსონების შუამდგომლობით, მათ შორის, ბესელიას და სხვების. ეს ადამიანი მიდის, საშინელი მასშტაბის ტერაქტს აკეთებს სტამბოლში და შემდეგ ბრუნდება, ვითომც აქ არაფერიაო, და საქართველოში უნდა, რომ გამოიზამთროს“, - განაცხადა ნიკა რურუამ. 

„აქ ჩნდება ძალიან სერიოზული შეკითხვები, როგორც ამ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემასთან, ასევე საზღვრის დაცვის კონტროლის სისტემასთან, უშიშროების სამსახურთან“, - თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა. „რა თქმა უნდა, ჩვენ, გვაინტერესებს, მაშინ როდესაც სუს-ისთვის გამოყოფილი შესაბამისი რესურსები ყოველდღიურად იზრდება, როდესაც სუს-ის გაძლიერება ხდება ყოველდღიურად, რაში ხარჯავს სუს-ი საკუთარ ძალისხმევას“, - დასძინა მან. 

ევროპული საქართველოს წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის თქმით, „ძალიან მნიშნელოვანია“, რომ სუს-ის უფროსი პარლამენტში მივიდეს და „დახურულ ფორმატში“ ანტი-ტერორისტული ოპერაციის თაობაზე დეპუტატების „ლეგიტიმურ“ კითხვებს უპასუხოს.

„დაგროვდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა. პირველ რიგში ეს კითხვები უკავშირდება იმას, იყო თუ არა ერთ-ერთი ლიკვიდირებული ადამიანი - ჩატაევი“, - თქვა კაპანაძემ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ასევე სვამს კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა საქართველოში ISIS-ის წევრი და „რა ამოცანები და რა მიზნები ჰქონდა ამ დაჯგუფებას, რომლის წინააღმდეგაც განხორციელდა სპეცოპერაცია“.

მმართველი გუნდის, ქართული ოცნების წევრები ოპოზიციას გამოძიების შედეგების დალოდებისკენ მოუწოდებენ და კრიტიკით პასუხობენ. 

„ასეთ უსინდისო განცხადებებს და ასეთ ზღვარგადასულ ბრალდებებს არ მივიღებთ ჩვენ არავისგან და განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვითონ აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში და უამრავი ფაქტი შემიძლია გავიხსენო - მათ მიერ დაგეგმილი ტერაქტები, ხელოვნური ტერაქტები, რომელსაც ეწირებოდა საკუთარი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები“, - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა შორის ახმედ ჩატაევის შესაძლო არსებობის შესახებ ეჭვი სუს-ის უფროსმა 26 ნოემბერს გამოთქვა. მანამდე ამის თაობაზე ქართული წყაროები, ასევე რუსული და თურქული მედია იტყობინებოდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10