Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თომას დე ვაალი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 30 ნოე.'17 / 10:51


თომას დე ვაალი. ფოტო: ლარისა უილსონი

თომას დე ვაალი კარნეგის ფონდის ევროპის ფილიალის უფროსი მკვლევარია. Civil.ge მას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ესაუბრა.

თქვენი აზრით, რა შანსები აქვს ქართულ დემოკრატიას, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო განვითარდეს?

პირველ რიგში, მინდა გაგიზიაროთ ქართული დემოკრატიის შესახებ რამდენიმე ზოგადი დაკვირვება. პირველი: საქართველო ცალსახად ყველაზე პლურალისტური და ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა მეზობლებს შორის. ეს უკანასკნელი ახლა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ავტორიტარული გეზი აიღო. მეორე: საქართველოს პროგრესი 1992 წლიდან მოყოლებული ზიგზაგისებურად ვითარდება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართული სახელმწიფოს სამივე დიდმა ლიდერმა ბევრი დადებითი და უარყოფითი გაუკეთა თავის ქვეყანას, და ის პრობლემებიც, რასაც ახლა ვხედავთ, სწორედ 1992 წლის შემდგომი სამი მმართველი რეჟიმის თანმდევი მახასიათებლებია.

ამ თვალსაზრისით, ორ საკითხს გამოვყოფდი. პირველი გახლავთ ერთპარტიული მმართველობის გაძლიერება, რაც საფრთხის შემცველია მაშინაც, თუ მეტ-ნაკლებად სამართლიანი გზითაა მიღწეული. ერთპარტიულმა მმართველობამ შევარდნაძის და სააკაშვილის პირობებში დემოკრატიულ განვითარებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ქართული ოცნების პირობებშიც ანალოგიურ საფრთხეს შეიცავს. ასეთი კონტროლი ხელისუფლების თავდაჯერებას აძლიერებს და უბიძგებს მმართველ პარტიას, დახურულ სივრცეში იცხოვროს და სხვების რჩევებს ყური არ უგდოს. მეორე საკითხია უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების უკონტროლო ძალაუფლება - ეს სწორედ ისაა, რასაც თურქები „ღრმა სახელმწიფოს“ უწოდებენ, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ეს ფენომენი არცთუ ისე ძლიერია. დიდი ალბათობით, სწორედ ეს ჩრდილოვანი ადამიანები იდგნენ აფგან მუხთარლის გატაცების უკან და, შესაძლოა, მოქმედებდნენ ისე, რომ პრემიერ-მინისტრმა არაფერი იცოდა.

ამ ფონზე, მთავარი შემამსუბუქებელი ფაქტორი, მე ვიტყოდი, ის არის, რომ საქართველოს მმართველი კლასი კვლავ მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თამაში დემოკრატიული წესებით უნდა წარიმართოს, თუმცა დროდადრო ეს არ გამოსდის. ამას გარდა, საზოგადოებამაც გამოიმუშავა დემოკრატიის ჩვევები და მზად არის დაიცვას საკუთარი უფლებები, თუ დაინახავს, რომ მათ შელახვას აქვს ადგილი. ამდენად, ადგილობრივ დონეზე გვაქვს ძალაუფლების კონტროლისა და ბალანსის სისტემა. ამას გარდა, ძლიერი გარე კონტროლი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მხრიდანაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტი შესუსტდა მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის სახით, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი (და დამსახურებული) სარგებელი მიანიჭა. მაგრამ, ისიც ნათელია, რომ არც ერთ მთავრობას არ სურს, რომ დაუკარგოს საქართველოს წამატებული დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი.

ბევრი რამ დაიწერა იმის თაობაზე, რომ საჭიროა გამოჩნდეს ე.წ. პროდასავლური „მესამე ძალა“. ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი სხვადასხვა დროს პოტენციურ ლიდერებად მიიჩნეოდნენ, თუმცა მათ რაიმე სერიოზული მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ქართული ოცნების კანდიდატის კახა კალაძის პოტენციურ კონკურენტად მოიაზრებოდა, მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა მან ხმების მხოლოდ 17% მიიღო და ამიტომ მეორე ტურის საჭიროება აღარ დადგა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ წარუმატებლობის მიზეზი? თქვენი აზრით, შესაძლებელია, ან საჭიროა „მესამე ძალის“ გამოჩენა?

საქართველოს ბევრი ევროპელი მეგობრის მსგავსად, მეც პირადად ვიცნობ ირაკლი ალასანიას და დავით უსუფაშვილს, კარგი შეხედულება მაქვს მათზე და ვიმედოვნებდი, რომ მათ მიეცემოდათ საქართველოს მართვის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, მათ შეცდომები დაუშვეს, მაგრამ მათმა დადებითმა თვისებებმა ცალსახად გადაწონა მათი ხარვეზები.

მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს საარჩევნო ტაქტიკის საკითხებთან და ქართველების სუსტ უნართან, ჩამოაყალიბონ ალიანსები, თუ არ ჩავთვლით ქართული ოცნების კოალიციას, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. მაგრამ ალასანიას და უსუფაშვილის წარუმატებლობა განპირობებულია უფრო დიდი ფენომენით, ვიდრე მხოლოდ საარჩევნო ტაქტიკაა. მე ალასანიას და უსუფაშვილს „ზედმეტი ადამიანები“ ვუწოდე მე-19 საუკუნის რუსული ლიტერატურის გმირების მსგავსად, რომელთაც ჰქონდათ ხედვა და ნიჭი, მაგრამ საკუთარი ქვეყნის მიერ უარყოფილნი რჩებოდნენ.

რატომ არ გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ ჩვენი ენთუზიაზმი, რომ ალასანია და უსუფაშვილი წარმატებას მიაღწევდნენ? ვფიქრობ, რომ „ზედმეტი ადამიანის“ ფენომენი მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის არაა დამახასიათებელი. მაგალითად, მე გავხდი იმის მოწმეც, როგორ იქცა „ზედმეტ ადამიანად“ გრიგორი იავლინსკი რუსეთში, 90-იან წლებში. ამავე ფენომენით შეიძლება აიხსნას ხელისუფლების ცვლილება პოლონეთში, სადაც ხალხმა უარი უთხრა პრო-ევროპულ ხელისუფლებას, რომელმაც უზრუნველყო კეთილდღეობა და გაზარდა ქვეყნის სტატუსი მსოფლიოში, და მის ნაცვლად პოპულისტების ბანდა და კონსპირაციის თეორეტიკოსები აირჩია. ამავე მოვლენათა რიგს განეკუთვნება ბრექსიტიც და ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევაც. მსოფლიოს მასშტაბით, უამრავ ამომრჩეველს სურს მოისმინოს მარტივი პასუხები, დაპირებები პრობლემების სწრაფად მოგვარების შესახებ და ლოზუნგები, რომ ყველაფერში უცხოელები არიან დამნაშავენი.

ამ ფონზე, საქართველო არცთუ ისე ცუდ მდგომარეობაშია. ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეინარჩუნა პროდასავლური ორიენტაცია და ჰყავს ბევრი ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. თუმცა არ მგონია, რომ ეს წარმოადგენს საფუძველს იმისათვის, რომ პოლიტიკოსებმა მოქმედება ჩვეული გზით განაგრძონ. პოპულისტურად მოქმედების ცდუნება კვლავაც დიდია. ვფიქრობ, რომ საქართველოს პროდასავლელმა პოლიტიკოსებმა ბევრი დრო უნდა დაუთმონ ამომრჩევლების მოსმენას, განსაკუთრებით რეგიონებში. ასევე ვფიქრობ, რომ მათ უნდა გადახედონ ეკონომიკურ პოლიტიკას. ქართველ პოლიტიკოსებს შორის არსებობს ერთგვარი კონსენსუსი ნეო-ლიბერალური იდეების საჭიროების თაობაზე, რომ მთავრობა უნდა იყოს პატარა, ხოლო ბიუჯეტი - დაბალანსებული. პოსტსოციალისტური ქვეყნის შემთხვევაში ეს გასაგებიცაა. მაგრამ უმუშევრობასთან და ეკონომიკურ უთანასწორობასთან ბრძოლის სხვა მეთოდებიც არსებობს. ჩემი აზრით, საქართველო მზად არის ევროპული სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის, რომელიც უთანასწორობის საკითხს უფრო სერიოზულად მიუდგება და იმავდროულად არ იტყვის უარს თავის დემოკრატიულ ღირებულებებზე. 

ცოტა ხნის წინ, თქვენ აფხაზეთს სტუმრობდით და შემდეგ ინტენსიურად წერდით ამ თემაზე. როგორც იცით, ქართველები შეშფოთებულები არიან ბოლო დროს გალის მცხოვრებლებზე მზარდი ზეწოლის გამო, რაც გამოიხატება ქართულენოვანი სკოლების გაუქმებაში, გალელების სამოქალაქო უფლებების შეზღუდვაში, ასევე ქართველების იძულებაში, რომ შეიცვალონ გვარები და ეთნიკური იდენტობა. კიდევ უფრო უარეს შემთხვევებს აქვს ადგილი სამხრეთ ოსეთში, სადაც, მაგალითად, სოფელ ერედვიდან დევნილი მოსახლეობის სახლებს ანგრევენ. თქვენი აზრით, რის გამო გაამკაცრა სოხუმის ხელისუფლებამ საკუთარი პოზიცია და რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს, ან საერთაშორისო ორგანიზაციებს ვითარების შესაცვლელად?
 
არაფერს ვიტყვი სამხრეთ ოსეთის შესახებ, რადგან იქ არსებულ სიტუაციას მხოლოდ შორიდან ვაკვირდები. აშკარაა, რომ იქ საშინელი ვითარებაა და ადგილი აქვს ქართული სოფლების განადგურებას, ოსური მოსახლეობის დიდი ნაწილის მიგრაციას და ეკონომიკურ სტაგნაციას.

რაც შეეხება აფხაზეთს, იქ რამდენიმე ნეგატიურ ტენდენციას აქვს ადგილი, რომლიც, როგორც თქვენ ამბობთ, კონკრეტულად, გალის რაიონის მოსახლეობას აყენებს ზიანს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების თანდათან შემცირება.

რა დგას ამის უკან? ვფიქრობ, ეს არის, სუსტი პრეზიდენტის არსებობის პირობებში, ძალაუფლებისთვის შიდა ბრძოლების გაძლიერების შედეგი. ყველა პოლიტიკოსი ახდენს თავისი პატრიოტიზმის დემონსტრირებას და თითქმის არავის ჰყოფნის გამბედაობა, რომ აღდგეს გალის ჩაგრული მოსახლეობის დასაცავად. გარდა ამისა, როგორც ერთმა ჭკვიანმა ყოფილმა აფხაზმა ოფიციალურმა პირმა მითხრა, როდესაც ოქტომბერში ვსტუმრობდი, გარე ფაქტორი აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი აფხაზებისთვის მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ აფხაზების შიდა პოლიტიკა უფრო აგრესიული გამხდარიყო.

ამასთან ერთად, ეს მრავალწლიანი იზოლაციისა და ჩაკეტილი გარემოს შედეგიცაა, ვინაიდან აფხაზეთს გარე სამყაროსთან შეხება მხოლოდ რუსეთის მეშვეობით აქვს. აფხაზების დასჯისა და იზოლაციისკენ მიმართული ქმედებები მათ კიდევ უფრო მეტი იზოლაციისკენ უბიძგებს. აქედან გამომდინარე, საჭიროა საერთაშორისო ჩართულობის გაძლიერება, რასაც უკვე დიდი ხანია ვამტკიცებ, და აფხაზებისთვის იმგვარი სტიმულების შეთავაზება, რაც მათ ქცევას გააუმჯობესებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის შემოთავაზებები, პირველ რიგში, საერთაშორისო აქტორების, ძირითადად ევროკავშირის მხრიდან უნდა გაკეთდეს, ვინაიდან თბილისის ინიციატივების მიმართ კვლავაც დიდი უნდობლობა არსებობს. ამდენად, საქართველოს მთავრობა გვერდზე უნდა გადგეს და საშუალება მისცეს საერთაშორისო აქტორებს, რომ „სტატუს-ნეიტრალური“ იდეებით გამოვიდნენ, რაც აფხაზებს - საზღვარგარეთ მოგზაურობის, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს აფხაზეთში მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.

ბოლოს, მინდა გკითხოთ რუსეთიდან მიმდინარე საფრთხეების შესახებ. თქვენი აზრით, რამდენად კარგად აქვთ გაცნობიერებული ეს საფრთხეები ევროკავშირს და აშშ-ს, და რამდენად მზად არიან ისინი ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად?

სწორედ ახლახან, კარნეგის მოსკოვის ცენტრიდან ჩემს შესანიშნავ კოლეგასთან, ალექსანდრე ბაუნოვთან ერთად, დავწერე სტატია „წითელი შიშების“ შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავიგოთ - რა წარმოადგენს „რუსულ საფრთხეს“, და რა - არა.

მოდით გულწრფელები ვიყოთ: რამდენიმე ასეული რუსი ტროლი და ჰაკერი, რომელთაც სპუტნიკი და Russia Today ეხმარებიან, ვერ გამოუთხრის ძირს დასავლურ დემოკრატიას, რასაკვირველია, თუ ამის ნებას თავად ჩვენ არ მივცემთ. რა თქმა უნდა, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, კრემლის ტაქტიკა ძირითადად ეფუძნება ბლეფს, რომლის თანახმადაც მოსკოვი კვლავ დომინირებს მსოფლიოში როგორც გლობალური ლიდერი. ამ დროს კი, მისი რეალური შესაძლებლობები ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს იყო. პუტინის ადმინისტრაციის სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ დასავლური მედიის დიდი ნაწილი ამ ნარატივის დამტკიცებითაა დაკავებული. რუსეთი მართლაც წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს, მაგრამ მასთან გამკლავება შესაძლებელია უფრო ძლიერი დასავლური სიმტკიცით და მეტი ინტელექტუალური სიმამაცით.

ცალსახაა, რომ, რუსული საფრთხეების კუთხით, საქართველო უფრო მოწყვლად სიტუაციაში იმყოფება. მაგრამ, ჩემი არაემოციური ანალიტიკური თვალსაზრისით, პანიკის რაიმე მიზეზს ვერ ვხედავ. ნათელია, რომ 2014 წლიდან მოყოლებული კავკასიამ მოსკოვის დღის წესრიგში ქვედა პოზიციებზე გადაინაცვლა. არ მგონია, რომ რუსეთს ერთიანი პოლიტიკა ჰქონდეს. რუსული ელიტის გარკვეული ნაწილი (ძალოვნები) კვლავ ცდილობს საქართველოს პროვოცირებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრებზე, მაგრამ სხვები მოხარულნი არიან საქართველოსთან ბიზნესის კეთებით. ჩვენ ასევე ვხედავთ ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას და ტურიზმის ზრდას.

მე ასევე ვხედავ იმის ნიშნებსაც, რომ, ნაცვლად მეზობლებთან პრობლემების ესკალაციისა, პუტინს სურს უკვე მიღწეულის კონსოლიდაცია მოახდინოს. ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ 2018 წლის მარტის არჩევნებისთვის პუტინი უფრო სერიოზული შიდა პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას, ვიდრე ელოდა. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შიდა პროტესტს და ამიტომ საგარეო ავანტიურისთვის ნაკლები დრო რჩება. ამდენად, ვხედავ გარკვეულ ნიშნებს იმისა, რომ მოსკოვმა შესაძლოა საბოლოოდ დაამტკიცოს სატრანსპორტო დერეფნის შესახებ შეთანხმება, რომელიც საქართველოსთან 2011 წელს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით დადო.

მეზობლებისადმი თავშეკავებული პოლიტიკის ნიშნები ჩანს რუსეთის მდუმარე თანხმობაშიც, რომლითაც იგი სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერას შეხვდა. გარდა ამისა, მოსკოვის აშკარა მხარდაჭერა დონბასში გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსების იდეის მიმართ, თუნდაც ეს მხოლოდ ტაქტიკური მანევრი იყოს, მაინც იმის მაჩვენებელია, რომ რუსებს არ სურთ კონფლიქტის ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინაში.

ამდენად, მე ვფიქრობ, რომ, ვიდრე რუსეთი ამ პრაგმატულ ხასიათს ავლენს, საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა საკუთარი შიდა და ეკონომიკური სიმტკიცის გასაძლიერებლად. წლებთან ერთად, საქართველო და რუსეთის დანარჩენი მეზობლები სულ უფრო შორდებიან საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას და რუსეთის გავლენაც სულ უფრო მცირდება. იყავით ფხიზლად, ბევრი იმუშავეთ საკუთარ პრობლემებზე და დრო ნამდვილად თქვენზე იმუშავებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12