Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კრიზისი სოხუმში და მისი შესაძლო შედეგები
Civil Georgia, Tbilisi / 16 იან.'18 / 11:52

აფხაზეთის ლიდერის, რაულ ხაჯიმბას მიერ 51 წლის ქართველი პატიმრის, გიორგი ლუკავას შეწყალებას და დრანდის ციხიდან გათავისუფლებას ოკუპირებულ რეგიონში ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა რაულ ხაჯიმბა ლუკავას თბილისისთვის გადაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.

სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარისთვის თომას დე ვაალს, ოლესია ვართანიანს, გიორგი კანაშვილს და ლიზ ფიულერს მივმართეთ და ვთხოვეთ, კრიზისის ძირითადი მიზეზები და მისი პოტენციური შედეგები შეეფასებინათ.

თქვენი აზრით, რა იყო ძირითადი მიზეზები, რამაც გიორგი ლუკავას გათავისუფლებასთან დაკავშირებული პროტესტი აფხაზეთში სერიოზულ კრიზისში გადაზარდა? რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ამ კრიზისის შესაძლო შედეგები? 

თომას დე ვაალი, კარნეგის ფონდის ევროპის ფილიალის უფროსი მკვლევარი

აფხაზეთი ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით, თუმცა მას შემდეგ, რაც რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთმა აღიარა და აფხაზებს გაუჩნდათ განცდა, რომ 2008 წელს საქართველოდან მომდინარე საფრთხის განეიტრალება მოხდა, პოლიტიკურმა ცხოვრებამ კიდევ უფრო მძაფრი ხასიათი მიიღო. პოლიტიკური მღელვარება განსაკუთრებით გაძლიერდა 2014 წელს, რეგიონის მაშინდელი ლიდერის, ალექსანდრე ანქვაბის თანამდებობიდან გადაყენებით და ვადამდელი არჩევნების დანიშვნით, რის შედეგადაც პრეზიდენტის პოსტი რაულ ხაჯიმბამ დაიკავა. თუმცა, ხაჯიმბას არასდროს ჰქონია დიდი ავტორიტეტი და უფრო არბიტრისა და კომპრომისული ფიგურის როლს ასრულებდა, ვიდრე - რეალური ლიდერის. სწორედ ეს არის მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის კონტექსტი.

ქართველი მებრძოლის ექსტრადიცია ნებისმიერ შემთხვევაში არაპოპულარული იქნებოდა, რადგან საქართველოს მიმართ ანტაგონიზმი ერთადერთი რამ არის, რაზეც აფხაზეთში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, რომ ეს არაპოპულარული გადაწყვეტილება ხაჯიმბას გადასაყენებლად საკმარისი იქნება. ოსკარ უაილდის ცნობილი ფრაზა რომ მოვიშველიოთ, ერთი პრეზიდენტის ვადამდე დაკარგვა შესაძლოა უბედურებად ჩაითვალოს, ორის დაკარგვა კი - უკვე დაუდევრობას ჰგავს. ამიტომ, ვფიქრობ, ხაჯიმბა ალბათ გადარჩება, თუმცა მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო შესუსტდება.

ოლესია ვართანიანი, ანალიტიკოსი, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი

პატიმრის გათავისუფლება ძალიან ცუდად იყო მომზადებული. არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა და ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები სწრაფად გავრცელდა რეგიონის მედიასაშუალებებში. ამ ინფორმაციის უკეთ მიწოდების შემთხვევაში, დე ფაქტო ხელმძღვანელობას კრიზისის თავიდან ასაცილებლად მეტი შანსი ექნებოდა.

უნდა ითქვას, რომ პატიმრის გათავისუფლებამდეც კი, აფხაზეთში საპროტესტო განწყობა უკვე საკმაოდ მზარდი იყო. მოსახლეობის უკმაყოფილება უმთავრესად ჩავარდნილმა ტურისტულმა სეზონმა და დანაშაულის დონის ზრდამ გამოიწვია. შარშან აგვისტოში სოხუმში ჩემი შეხვედრების დროს, ადგილობრივი პოლიტიკოსები უკვე გამოთქვამდნენ კრიტიკას სუსტი მმართველობის, რუსეთის ოფიციალური პირების მზარდი ჩარევის და რეფორმების პერსპექტივების ნაკლებობის გამო. ეკონომიკური განვითარების იმედებიც ცოტაა, რადგანაც რუსეთის ფინანსური დახმარება 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ შემცირებულია.

როგორც ჩანს, მიმდინარე კრიზისი ხანმოკლე არ იქნება. ამაზე მიანიშნებს ის, რომ მიუხედავად საახალწლო დღესასწაულებისა, ლუკავას ექსტრადიციის საკითხზე სოხუმში ბოლო წლების მანძილზე ყველაზე  მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა და მომიტინგეებს ქუჩების დატოვება მაშინაც კი არ სურდათ, როცა მათ ამ მოწოდებით საზოგადოებისათვის ავტორიტეტულმა ადამიანებმა მიმართეს. ახლა ადგილობრივი ოპოზიცია ცდილობს, რომ პატიმრის გათავისუფლებასთან დაკავშირებული პროტესტი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მეორე მხრივ, ამ ისტორიამ ხაჯიმბა საზოგადოების მზარდი უკმაყოფილების მთავარი სამიზნე გახადა. ნებისმიერ მომდევნო ნაბიჯს, რასაც ის გადადგამს, სერიოზული წინააღმდეგობა და პოტენციური პროტესტი მოჰყვება. ამგვარი ვითარება კიდევ უფრო გაურთულებს მას პოსტზე დარჩენას საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე, რომელიც 2019 წელს იწურება.

გიორგი კანაშვილი, კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი         

აფხაზეთის ბოლოდროინდელ კრიზისს ღრმა ფესვები აქვს და ის სათავეს იღებს იმ პრობლემებში, რომლებიც ხაჯიმბამ და მისმა წინამორბედებმა ვერ მოაგვარეს. ამ პრობლემებს შორისაა კორუფცია, დანაშაულის დონის ზრდა, ნეპოტიზმი, კლანური მმართველობა და, ზოგადად, არახელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია აფხაზეთში.

მართალია, თავად ხაჯიმბა დანიშვნის შემდეგ სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას და საზოგადოებაც მიიჩნევდა, რომ ის შეძლებდა ამ პრობლემებთან გამკლავებას, ამ ეტაპზე როგორც მის მხარდამჭერებს, ისე ოპონენტებს ესმით, რომ იგი არ არის ის ფიგურა, რომელიც მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას შეძლებს. სწორედ ამიტომ, ხაჯიმბას მმართველობას კიდევ ერთი გაჭიანურებული კრიზისის სახე ეძლევა.

გამორიცხული არაფერია, მაგრამ როგორც ჩანს, ხაჯიმბა დაძლევს ამ კრიზისს. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება კრიზისი, სტრატეგიულად გამარჯვებული რუსეთის ფედერაცია იქნება, რადგან, რაც უფრო მოწყვლადია აფხაზეთის საზოგადოება, მით უფრო დამთმობია ის მოსკოვის პოლიტიკის და ინიციატივების მიმართ. პერმანენტული, თუმცა კონტროლირებადი კრიზისები აფხაზეთში მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.

ლიზ ფიულერი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში      

ვფიქრობ, სოხუმის გასული კვირის კრიზისში ორი მთავარი ასპექტი უნდა გამოვყოთ. პირველია საზოგადოების პროტესტი გიორგი ლუკავას საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემის თაობაზე, და მეორე, რომელიც ჩემი აზრით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, არის 2017 წლის მარტში არჩეული აფხაზეთის პარლამენტის ახლებური მიდგომა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებაში.

ერთი მხრივ, გასაგები იყო, რომ ხალხი ქუჩაში გავიდოდა, რათა აფხაზეთის ოფიციალური პირების გატაცების და მკვლელობის საქმეზე 20 წლით გასამართლებული ქართველი პატიმრის გათავისუფლება გაეპროტესტებინა, თუნდაც ზოგიერთ მომიტინგეს ეს აქციები მხოლოდ იმისთვის გამოეყენებინა, რომ, მათი აზრით, კორუმპირებული და უუნარო ხელისუფლების მიმართ თავისი ბრაზი გამოეხატა. მეორე მხრივ, 1000-ზე მეტ მონაწილეს შორის, გავრცელებული ინფორმაციით, იყო როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ხაჯიმბას საყრდენი ეცლება. 

ამავდროულად, პრეზიდენტ ხაჯიმბას გადაწყვეტილების კანონიერების და კონსტიტუციურობის შესაფასებლად საპარლამენტო კომისიის ჩამოყალიბება, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის ლუკავას გადაცემას მოჰყვა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საპარლამენტო დემოკრატიის გასაძლიერებლად, და სწორედ ამიტომ ბევრად უფრო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ბოლო თვეების მანძილზე პროსამთავრობო და ოპოზიციურმა დეპუტატებმა ერთად იმუშავეს აფხაზეთში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად. დეკემბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრ ბესლან ბარციცისთვის უნდობლობის გამოხატვის ინიციატივით სწორედ მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერები გამოვიდნენ, თუმცა მათ გადაწყვეტილების მისაღებად ორი ხმა დააკლდათ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37