ანატოლი ბიბილოვი და მილორად დოდიკი, 10 იანვარი, 2018. ფოტო: RTRS
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი იანვრის დასაწყისში სამდღიანი ვიზიტით ბოსნია-ჰერცეგოვინას სტუმრობდა, სადაც ის რესპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტს მილორად დოდიკს შეხვდა და რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო, რასაც თბილისის უკმაყოფილება მოჰყვა.
Civil Georgia-მ ბოსნიელ მკვლევარს, სრეჩკო ლატალს ბოსნია-ჰერცეგოვინაში ბიბილოვის ვიზიტის კონტექსტის, ასევე მისი შესაძლო შედეგების შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა.
ლატალი, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მედიისა და ანალიტიკური ორგანიზაციისთვის ბალკანეთის საკითხებზე მუშაობდა, ამჟამად Balkan Investigative Reporting Network (BIRN)-ის რეგიონული რედაქტორი და Social Overview Service-ის დირექტორი და უფროსი მკვლევარია.
შეგიძლიათ გვესაუბროთ ამ ვიზიტის, ასევე მისი შიდა კონტექსტის შესახებ, როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ისე რესპუბლიკა სრპსკასთვის? უფრო კონკრეტულად, როგორ ფიქრობთ, რატომ მოუნდა დოდიკს, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკური ერთეულის ლიდერია, ასეთი საეჭვო პოლიტიკური სტატუსის მქონე ადამიანისთვის ემასპინძლა: ეს იყო გზავნილი სარაევოსთვის, თუ - რაიმე სხვა?
სამხრეთ ოსეთის ლიდერის ანატოლი ბიბილოვის ცოტახნისწინანდელი ვიზიტი რესპუბლიკა სრპსკაში - იმ დროს, როდესაც სრპსკას ხელისუფლება აღნიშნავდა საკუთარ ეროვნულ დღესასწაულს, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინას საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო - პირველ რიგში განხილულ უნდა იქნას რესპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტის მილორად დოდიკის სეპარატისტული ინიციატივების და მისი მცდელობების კონტექსტში, რომ ხელი შეუწყოს რესპუბლიკა სრპსკას საერთაშორისო აღიარებას.
ბიბილოვის ვიზიტმა სერბეთსა და რესპუბლიკა სრპსკაში ძალიან უმნიშვნელო ყურადღება მიიპყრო ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან მიუხედავად მისი გაშუქებისა იმ მედია ორგანიზაციების მიერ, რომლებიც რესპუბლიკაში სრსპკაში დოდიკის მთავრობის მიერ კონტროლდება, ან სერბეთის რამდენიმე პრო-რუსული მედიის მიერ.
უამრავმა კვლევამ და ანალიზმა ნათლად აჩვენა, რომ ბევრი ბოსნიელი სერბი არ უჭერს მხარს დოდიკის სეპარატისტულ ან ნაციონალისტურ დღის წესრიგს, რაც ასევე ჩანს იმ ფაქტში, რომ იგი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც 2014 წლის არჩევნებზე ძალიან ახლოს მივიდნენ მისი პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორებასთან. რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა, მათ შორის იგორ ცრნადაკმა, რომელიც დემოკრატიული პროგრესის პარტიის წევრი და ბოსნიის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრია, საჯაროდ გააკრიტიკა დოდიკი ბიბილოვის ვიზიტის გამო, რაც ოფიციალურად არ გახმოვანებულა ბოსნიის ხელისუფლების მიერ. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ძნელად თუ მოიძებნება რესპუბლიკა სრპსკას მოქალაქეები, რომელბმაც რაიმე გაიგეს ბიბილოვის ვიზიტი შესახევ და კიდევ უფრო ნაკლები მათგანი ისურვებდა რესპუბლიკას სრპსკას მიერ იგივე ან მსგავსი ბედის გაზიარებას.
ვიზიტმა თბილისის შეშფოთება გამოიწვია, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა სარაევოს. საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ცრნადაკმა პასუხი არ დააყოვნა და აღნიშნა, რომ სამინისტრო არ იყო ოფიციალურად ინფორმირებული ვიზიტის თაობაზე და რომ ის არ იყო ჩართული ამ პროცესში. რას ფიქრობთ ბოსნიის მთავრობის დამოკიდებულებაზე ამ საკითხის მიმართ? იყო მისი რეაქცია დროული და საკმარისი?
ბოსნიის მთავრობამ და მისმა ოფიციალურმა პირებმა, რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინეს და განმარტეს, რომ მათ არც ინფორმაცია ჰქონდათ, და არც ჩართული იყვნენ რესპუბლიკა სრპსკაში ბიბილოვის ვიზიტის საკითხში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა ოფიციალური ვიზიტი ბოსნია-ჰერცეგოვინაში. ასევე ხაზს გავუსმავ, რომ 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ბატონმა ცრნადაკმა აღნიშნა, რომ ბიბილოვის ვიზიტი ზიანს მიაყენებდა რესპუბლიკა სრპსკას ინტერესებს, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ეს ვიზიტი არ სარგებლობს რესპუბლიკა სრპსკას მოქალაქეების და ოფიციალური პირების მხარდაჭერით.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვიზიტამდე ბიბილოვი ბელგრადს და ნოვი-სადს სტუმრობდა სერბეთში. სამხრეთ ოსეთის ლიდერს იქაც თბილად დახვდნენ. ბელგრადში ის სერბეთის პატრიარქს ირინეის და პრინც ალექსანდრეს შეხვდა. ზოგიერთი ინფორმაციით, ბიბილოვი ბანია-ლუკაში სერბეთის მთავრობის თვითმფრინავით ჩავიდა, რამაც საშუალება მისცა მას, რომ გვერდი აევლო ბოსნია-ჰერცეგოვინას სავიზო პროცედურებისთვის. როგორი იყო სერბეთის პოზიცია ამ ვიზიტზე?
გულწრფელი რომ ვიყო, მედიაში ძალიან ცოტა ინფორმაცია ვნახე და კიდევ უფრო ნაკლები დეტალები სერბეთში ბიბილოვის ვიზიტის შესახებ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სერბეთის ხელმძღვანელობამ ეს ვიზიტი სერბეთის ინტერესებისთვის სასარგებლოდ არ ჩათვალა. პირიქით, ასეთი დაბალი ყურადღება ვიზიტის მიმართ მედიის მხრიდან შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ სერბეთის ხელმძღვანელობამ დაასკვნა - და სავსებით სამართლიანად - რომ ასეთ ვიზიტს შესაძლოა ზიანიც კი მიეყენებინა ევროკავშირთან სერბეთის ურთიერთობებისთვის.
ბიბილოვმა და დოდიკმა პირველი შეხვედრა გასულ წელს გამართეს, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში 1 ივნისს გაიმართა. ბანია-ლუკაში სამხრეთ ოსეთის ლიდერს კრემლის რელიგიური წარმომადგენელი ბალკანეთში, გელა ვალიევი ახლდა. როგორ ფიქრობთ, რა როლს თამაშობდა მოსკოვი ამ ვიზიტში, ცდილობს თუ არა მოსკოვი ადგილების მოძიებას გარკვეული არასტაბილურობის ექსპორტისთვის, ისე როგორც ეს თავის ახლო სამეზობლოში გააკეთა?
დოდიკის და ბიბილოვის შარშანდელი შეხვედრა თითქმის სრულიად შეუმჩნეველი დარჩა ბოსნია-ჰერცეგოვინას ძირითადი მედია საშუალებების უმეტესობის მხრიდან. წლევანდელ ვიზიტსაც ძირითადად არანაირი ყურადღება არ მიექცა - იმ დრომდე მაინც, სანამ ბოსნია დიპლომატიურ ნოტას მიიღებდა საქართველოსგან.
მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების უმეტესობა ბიბილოვის ვიზიტს რესპუბლიკა სრპსკაში მიიჩნევს დოდიკის მცდელობების ნაწილად, რომ სუბიექტი საერთაშორისო ფაქტორად წარმოაჩინოს. იგი ამას წარსულშიც ეცადა და თითქმის უშედეგოდ ამყარებდა ურთიერთობებს უცნაურ და სადავო პირებთან.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თავად რუსეთის ფედერაციამ და მისმა ოფიციალურმა პირებმა დიდწილად უგულებელყვეს ეს ბოლო მოვლენა.
ბალკანეთში ამერიკის და ევროკავშირის ყოფნის ეტაპობრივი დასუსტება რუსეთმა ბოლო წლებში რეგიონში საკუთარი გავლენის ზრდისთვის გამოიყენა, რასაც სერბ ან ბოსნიელ სერბ ოფიციალურ პირებთან მუშაობით ან მათი მეშვეობით აკეთებდა. დოდიკი კი ხშირად ამ კარგ ისტორიულ ურთიერთობებს რესპუბლიკა სრპსკაში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად იყენებდა.
თუმცა, რუსეთის ოფიციალურმა პირებმაც კი ღიად უარყვეს დოდიკის ნაციონალისტური და სეპარატისტული ინიციატივების მხარდაჭერა, რაც ნათლად გამოჩნდა მათ რამდენიმე საჯარო განცხადებაში, მათ შორის 2016 წლის ბოლოს დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულების საბჭოს განცხადებაში, რომელსაც რუსეთიც შეუერთდა რამდენიმე სხვა ძირითად საერთაშორისო აქტორთან ერთად ბალკანეთში, და რომელიც მკაფიოდ მიუთითებს, რომ ბოსნიას ორ სუბიექტს მისი შემადგენლობიდან გასვლის უფლება არ აქვთ.