მარცხნიდან მარჯვნივ: სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრები“, დიმიტრი მედოევი და დაურ კოვე, ნაურუს რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩთან, გრიგორი ლოგვინოვთან ერთად, 1 თებერვალი, 2018. ფოტო: mfa-rso.su
ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები გასულ კვირას ნაურუს სტუმრობდნენ, სადაც ისინი ქვეყნის პრეზიდენტს, ბარონ ვაქას შეხვდნენ და ნაურუს დამოუკიდებლობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
Civil.ge-მ პროფესორ რუბენ აზიზიანს, რომელიც ახალი ზელანდიის მესის უნივერსიტეტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის დირექტორია, კომენტარის გაკეთება სთხოვა ნაურუში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების ვიზიტზე და ამ ვიზიტის რეგიონულ და შიდა კონტექსტზე.
ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტ ბარონ ვაქას მოწვევით ნაურუს სტუმრობდნენ. შეგვიძლიათ ამ ვიზიტის შესახებ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ?
ორი სეპარატისტული რესპუბლიკის წარმომადგენლები ნაურუს დამოუკიდებლობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე მიიწვიეს. მათი მონაწილეობა ნაურუს და ორივე რესპუბლიკის თანმიმდევრული ძალისხმევის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავს მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებას. სამხრეთ ოსეთმა საკუთარი წარმომადგენელიც კი დანიშნა ნაურუში.
ნაურუსთვის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მცირე და უღარიბესი ქვეყნისთვის, ამგვარი თანამშრომლობა უზრუნველყოფს რუსეთისგან ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობებს, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში პოზიციების გაძლიერებას, თუნდაც ეს მცდარ მიდგომებს უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, ამგვარი თანამშრომლობით ნაურუ იძენს ბერკეტებს, რათა მეზობელი ავსტრალიისა და ახალი ზელანდიისგან ფინანსური და პოლიტიკური დათმობები მიიღოს. მაგალითად, ნაურუს სერიოზული დაძაბულობა აქვს ახალ ზელანდიასთან, ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და პოლიტიკური თავისუფლების ჩახშობის გამო.
მას შემდეგ, რაც ტუვალუმ და ვანუატუმ გააუქმეს ოკუპირებული რეგიონების აღიარება, ნაურუ რეგიონში ერთადერთ ქვეყანად რჩება, რომელიც საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონს აღიარებს. როგორ ფიქრობთ, ნაურუც გადადგამს მსგავს ნაბიჯს და გააუქმებს აღიარებას?
ეს შესაძლოა რამდენიმე შემთხვევაში მოხდეს, მაგალითად, თუ ნაურუს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეიცვლება, რაც შესაძლოა 2019 წელს დანიშნული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდეს. გარდა ამისა, ნაურუს პოლიტიკაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ავსტრალიამაც, თუკი ის, როგორც ნაურუს უმსხვილესი დონორი, ამ პატარა კუნძულისათვის ფინანსური დახმარების შეჩერებას გადაწყვეტს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კანბერას მსგავსი სახის განცხადება ჯერ არ გაუკეთებია და შეეცდება, შეინარჩუნოს ნაურუს სტაბილურობა, რადგან თავისი გავლენის სფეროდან ნაურუს შესაძლო გასვლა კვლავაც აღელვებს. ნაურუს პოლიტიკაზე ცვლილება რუსეთმაც შეიძლება მოახდინოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი ვეღარ შეძლებს ნაურუს კავკასიური პოლიტიკის სათანადო ფინანსურ კომპენსირებას. მართალია, ნაურუსთვის გაღებული დახმარება ამჟამად რუსეთს მძიმე ტვირთად არ აწევს, თუმცა კრემლს შეიძლება მოუწიოს ამ დახმარების მოცულობის გადახედვა, თუ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან რუსეთის ურთიერთობების სტრატეგიული კონტექსტი შეცვლას დაიწყებს, თუმცა ეს შორეულ პერსპექტივას წარმოადგენს.
ნაურუს მთავრობას მკაფიოდ ესმის ამ დიპლომატიური თამაშის მაღალი ფსონები და შესაძლოა შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა, თუ დაინახავს, რომ ამ პოლიტიკას სარგებლის ნაცვლად პრობლემები მოაქვს.
რუსეთი აქტიურად უწყობს ხელს ორი რეგიონის საერთაშორისო კონტაქტებს. ასევე ცალსახაა, რომ ბოლო ვიზიტი შეუძლებელი იქნებოდა კრემლის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. რის მიღწევას ცდილობს მოსკოვი რეგიონში და როგორ ფიქრობთ, რა როლი შეასრულა მოსკოვმა ამ კონკრეტულ ვიზიტში?
რუსეთს ამ კუთხით რამდენიმე მიზანი აქვს. მოსკოვი სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენს და ცდილობს გაზარდოს თავისი ჩართულობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც მისი გავლენა კვლავაც შეზღუდულია. იმ პირობებში, როდესაც მას პრობლემატური ურთიერთობები აქვს დასავლეთთან, რუსეთი ახალ პარტნიორს ეძებს და არ აქვს მნიშვნელობა - მსხვილი იქნება ის, თუ მცირე. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაც სწორედ მოსკოვის დასავლეთთან კონფრონტაციის ნაწილია. მოსკოვი წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფოებთან ურთიერთობებს აყალიბებს, ეს უკანასკნელები კი თავიანთი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებას და ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. ამას გარდა, მოსკოვი სეპარატისტული რესპუბლიკების და ნაურუს ოფიციალური პირების რეგულარული შეხვედრების ადგილსაც წარმოადგენს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა მიწვევა ნაურუს საზეიმო ღონისძიებაზე სწორედ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მოდა.
ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უპირისპირდება ამგვარ ქმედებებს, განსაკუთრებით როდესაც საქმე აღიარებას ეხება. ამის ერთ-ერთი მაგალითია ფინანსური დახმარების აკრძალვა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს ამ ორ რეგიონს აღიარებენ. როგორია თქვენი შეხედულება რეგიონში ამერიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რუსეთის საკითხთან მიმართებაში?
ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, აქტიურად უპირისპირდება იმ ქმედებებს, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენაა მიმართული. თუმცა, სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში ვაშინგტონის დიპლომატიური წარმომადგენლობა არც თუ ისე ძლიერია, ამიტომ რეგიონში თავისი ინტერესების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერაა დამოკიდებული სტრატეგიულ მოკავშირეზე - ავსტრალიაზე, და შედარებით ნაკლებად - ახალ ზელანდიაზე. იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში რუსეთის დიპლომატიური გავლენის ზრდას ეწინააღმდეგება, ვაშინგტონს არ გააჩნია მკაფიო სტრატეგია, თუ როგორ გაუმკლავდეს მოსკოვს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განიხილავს რუსეთს ევროპულ ქვეყნად და ყურადღების მიღმა რჩება რუსეთის როლი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.